Home » მთავარი » დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი, დაკითხვაზე დაიბარეს… – 2 ნოემბერი ბერის ხსენების დღეა

დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი, დაკითხვაზე დაიბარეს… – 2 ნოემბერი ბერის ხსენების დღეა

2 ნოემბერი ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა.

მამა გაბრიელი-ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის პირობით გაუშვეს.

სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად    ამბობდა: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”.

რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

ერთხელაც მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება, ისე უთხრა: “მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთ”. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: “ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”. ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხოლო 1965 წლის 1 მაისს კი, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: “იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი, ანდერძისამებრ, დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია. ის მცხეთის დედათა მონასტერში მონაზონ პარასკევასთან ინახება და ავადმყოფები ეამბორებიან.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...