Home » მთავარი » “შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული, კოჰაბიტაციაც შეცდომაა”

“შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული, კოჰაბიტაციაც შეცდომაა”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული შეცდომა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ერთ-ერთი შეცდომა რომელიც იყო და რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის არის კოჰაბიტაცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ეს ჩვენი ე.წ. კოჰაბიტაცია ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.

“ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათაშორის საქართველოში, ისევ და ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პროპაგანდისტული მაქანით შეძლო და მოახერხა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ წარსულზე”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს: “ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს”, – თქვა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც კალაძის თქმით, “ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა”.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...