You are here
პარლამენტში ეკა ბესელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა მთავარი პოლიტიკა 

პარლამენტში ეკა ბესელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიების მონაწილეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ეს ის სივრცეა, ეს ის ადგილია და აქ სწორედ ის საზოგადოებაა შეკრებილი, რომელიც არასოდეს დასვამს კითხვას – რა დროს წიგნია. ყველა ჩვენთაგანისთვის თანამედროვე სამყაროში, ყოველთვის ყველაზე კარგი მეგობარი არის წიგნი, არის სახელმძღვანელო, რომელიც მუდმივად გამყოფებს მზადყოფნაში იმისთვის, რომ გადალახო ყველა წინაღობა.

ეს კრებული განკუთვნილია პარლამენტისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს როგორ უნდა მუშაობდეს საკანონმდებლო ორგანო.

წიგნის შექმნის იდეა დაიბადა საჭიროებით და იმ აუცილებლობის გაცნობიერებით, როდესაც 2013 წელს მე თვითონ დამჭირდა, რომ ასეთი წიგნი, ნიმუშების კრებული ყოფილიყო სახელმძღვანელოდ და სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სახელმძღვანელო კრებულში შესულია კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, კომიტეტის წლიური ანგარიშების და კომიტეტის სხდომის ოქმის კარგი მოდელების ნიმუშები, ასევე დოკუმენტები, რომელიც შეეხება კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობას, საზედამხედველო საქმიანობას და საპილოტე სასწავლო პროგრამას პარლამენტის ახალი თანამშრომლებისთვის.

ეკა ბესელიამ სახელმძღვანელო კრებულის შექმნისა და გამოცემის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს, რუსუდან ტუშურს და პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება არის იმის გარკვეულ ბიოგრაფია, რაც გაკეთდა ბოლო ექვსი წლის მანძილზე.

„ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ძლიერი პარლამენტი არის სწორედ ძლიერი საქართველო. ის პროცედურები, რომელიც ასახულია ამ სახელმძღვანელოში არის სწორედ ის პროცედურები, რომლითაც ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ქართულ სახელმწიფო“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პირველად არ ხდება, როდესაც ეკა ბესელია თავს უყრის თავის გამოცდილებას, გამოსცემს გარკვეულ სახელმძღვანელოს და სხვებს აჩვენებს თუ როგორ უნდა იმუშაოს კომიტეტმა, თუ როგორ უნდა იმუშაოს საპარლამენტო გუნდმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული საქმიანობა ძალიან დაეხმარა საქართველოს დაწინაურებულიყო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის. ირმა ქავთარაძემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორის, რუსუდან ტუშურის შეფასებით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მთლიანად საპარლამენტო საქმიანობისთვის.

ღონისძიების დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის.

„მთავარია, რომ ჩვენს სამშობლოს ვემსახუროთ ღირსეულად და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე უკეთეს საკუთარ თავს ვერაფერს გავუკეთებთ. ამიტომ, მადლიერებას გამოვხატავ ყველას მიმართ ვინც ამ თანამშრომლობის პროცესში იყო ასეთი ღია, გულწრფელი და უშურველი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წიგნის გამოცემა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს.

Comments

comments

Related posts