Home » მთავარი » შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა დასრულდა

შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა დასრულდა

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, რომლებიც თბილისის მერიაში საერთაშორისო გრანტის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ახალი სქემა ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სააკაძის მოედანი ქვეითთათვის სრულად ადაპტირდა და საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს ნებისმიერი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ. მოედანზე სატრანსპორტო ნაკადებისთვის გამყოფი კუნძულები ახლებურად მოეწყო, ხოლო შუქნიშები ავტომობილების, ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სინქრონულ მოძრაობას უზრუნველყოფს.

ქვეითთა ინტერესები გათვალისწინებულია თბილისის მერიის შენობის წინაც, სადაც შუქნიშანი დამონტაჟდა, მოეწყო გადასასვლელი და ახალი მოსაცდელი განთავსდა. ფეხმავლებისთვის შუქნიშანი დამონტაჟდა შარტავას N42-თანაც (ყოფ. საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ), ხოლო ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, სპორტის სასახლესთან ირიბი „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა.

ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მხარდაჭერისთვის, დედაქალაქის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოაწყო, რომელიც კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს უერთდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისთვის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტობუსის ზოლიც დაიხაზება. შუქნიშნების რეჟიმი დაპროგრამებულია ისე, რომ მწვანე სიგნალი თავდაპირველად ავტობუსის ზოლს აუნთოს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოახლოებულ ავტობუსს შეუჩერებლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...