Home » მთავარი » კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ

კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და შემდგომში ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რათა საზოგადოება სწორად ინფორმირებული ყოფილიყო.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. ვიმეორებ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ყველა მიმოწერა გავასაჯაროვეთ. პირველი – ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ ჰქონდა სურვილი, აქციები 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა. მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი კანონიერი ვალდებულება იყო, რომ პასუხი სამი დღის განმავლობაში გაგვეცა. რადგანაც, დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, ამის გამო, ვალდებული ვიყავით, პასუხი გაგვეცა, რაც წერილობით ასახული იყო და მოსახლეობას ესეც გავაცანით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიცრუის პროპაგანდას ოპონენტები და გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად აწარმოებენ.

„ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინა. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?! რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში

საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძეს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტიული ტელევიზია. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორულად მიუღებელია, თუმცა პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მთელი მათი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამის რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.

„პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყოველთვის ვიქნებით. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მოსახლეობას ყოველთვის სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...