Home » მთავარი » არასამთავრობოები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს მიუღებლად მიიჩნევენ

არასამთავრობოები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს მიუღებლად მიიჩნევენ

„სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა.

არასამთავრობოების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია.

მათივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოცემული გადაწყვეტილებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით მათ ხელოვნური ბარიერი შეუქმნა.

„მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24:00 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20.00 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20.00 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

„სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკო-ს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო.

ამასთანავე, ცესკოს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკო-ს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...