You are here
“სამომავლოდ, იმედია მსგავს არაპრაქტიკულ ნაბიჯს ცესკო აღარ გადადგამს” ემიგრანტები ინტერვიუ მთავარი 

“სამომავლოდ, იმედია მსგავს არაპრაქტიკულ ნაბიჯს ცესკო აღარ გადადგამს”

სულ რამდენიმე დღე და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, რამდენად შეუქმნის ეს უხერხულობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და საერთოდ, რა ხდება მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე?

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჩვენ შვედეთის სამეფოს სტოკჰოლმის № 50 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თემო პოტასკაევს გავესაუბრეთ და მისგან ემიგრანტებისთვის რჩევებიც მოვისმინეთ.

იხ.

http://www.gmtv.ge/49486-2/

დღეს სწორედ თემო პოტასკაევს დავუკავშირდით.

-რა მდგომარეობაა მეორე ტურამდე, თუ გაითვალისწინეს  ემიგრანტებმა თქვენი რეკომენდაცია და მოვიდნენ  დასარეგისტრირებლად, გაიზარდა თუ არა ამომრჩეველთა რიცხვი და რამდენად შეუშლით ხელს ხმის დაფიქსირებაში ის, რომ 28 სამუშაო დღეა?

-საკონსულოში საგანგებო მდგომარეობაში მუშაობდნენ არჩევნების შემდგომ 2 კვირის განმავლობაში, რომ მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ და შესაბამისად საარჩევნო სიებში ყოფილიყვნენ.

როგორც ვიცი, 150-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საკონსულოს ამისთვის. ეს ის ხალხია, ვისაც სურვილი აქვს არჩევნებზე მოვიდეს და გამოიყენოს საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლება.

ვიმედოვნებ, პირველ ტურთან შედარებით უფრო მეტი მოქალაქე მისცემს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ 28ნოემბერი სამუშაო დღეა.

არამგონია, სამუშაო დღემ ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს, პირიქით, უფრო ადვილი იქნება ქალაქში გამოსული მოქალაქეებისთვის საელჩოში გამოიაროს და თავისი ხმა დააფიქსიროს არჩევნებში.

რაც შეეხება ღამის 12 საათამდე უბნის გაღებას, შვედეთის რეალობაში ეს ძალზედ არაპრაქტიკული და არაგონივრული ნაბიჯია, რადგან მოსახლეობა 8-ზე იწყებს სამსახურს და 5ის ნახევარზე ამთავრებს. ხოლო ისინი, ვინც გვიან იწყებენ მუშაობას, დილით ადრევე შეეძლებოდათ ხმის მიცემა. ამ გადაწყვეტილებას ჩვენს კომისიაშიც პროტესტი მოყვა, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით. უბრალოდ, სამომავლოდ, იმედია მსგავს არაპრაქტიკულ ნაბიჯს ცესკო აღარ გადადგამს.

-ანუ?

-დილის 8ზე იხსნება უბანი და ღამის 12 საათამდე იქნება ღია. ანუ 12საათის ნაცვლად 16საათი იქნება უბანი ღია და ამის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლა. უცხოეთის ყველა უბანზე ასე იქნება…

-როგორც მახსოვს პირველ ტურში გქონდა პრეტენზია ცესკოსთან.

-მე მინდა კონკრეტულ პიროვნებაზე გავამახვილო ყურადღება.ეს არის ცესკოს წარმომადგენელი თამარ ხვადაგიანი, ვრეკავდით კითხვებით, რაზეც პასუხი არ იყო, ინსტრუქციაში რაღაცეები არ იყო თანმიმდევრულად დაწერილი…საკმაოდ უხეშად, ცინიზმით გვპასუხობდა და საკმაოდ არაპროფესიონალური მოდგომა გამოავლინა. კომისიის რვავე წევრი და 5 დამკვირვებელი შოკირებული იყო მისი ასეთი დამოკიდებულებით. იმედი მაქვს, მეორე ტურზე ეს ყველაფერი გამოსწორდება.

-მოდი კიდევ ერთხელ მივცეთ რჩევა მათ, ვისაც სურვილი აქვს თავისი არჩევანი დააფიქსიროს, რომ მერე კიდევ რაიმე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი.

-1. მოქალაქეებმა გადაამოწმონ თავი სიაში და დარწმუნდნენ, რომ ეს არ იქნება ხმის მიცემაზე უარის თქმისბსაფუძველი;

  1. თან იქონიონ ძალაში მქონე საქართველოს გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  2. მშვიდობიანად და ღირსეულად მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან კომისიას არანაირი სურვილი და განზრახვა არ აქვს, რომ რაიმე დარღვევით ჩატარდეს, პირიქით, ყველა მონდომებულია და თან გვყავს ძალიან კარგი, გამოცდილი და პროფესიონალი დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ყველაფერს აკვირდებიან და ამით უზრუნველყოფილია კანონის შესაბამისად პროცესის ჩატარება.

-მადლობა და ველოდებით არჩევნების დღეს თქვენგან ახალ-ახალ ინფორმაციებს.

Comments

comments

Related posts