Home » ბლოგი » პატრიარქის კურთხევით დაწერილი ხატი ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში და ერთობლივი სალოცავები…

პატრიარქის კურთხევით დაწერილი ხატი ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში და ერთობლივი სალოცავები…

ბლოგი

ქეთი მიქაძე

ეს ამბავი სწორედ ახლა უნდა მომეყოლა, რადგან დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა. გფარავდეთ!

არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ჩემს მონაყოლს, შეიძლება მავანმა მთავარი სათქმელიც ვერ დაინახოს, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელზეც კარგა ხანია ამომწურავი ინფორმაციის მიღება მინდოდა.

მოდით დავიწყოთ თავიდან. რამდენიმე ხნის წინ სააგენტოზე სულ პატარა ინფორმაცია გვედო ვლადიკავკაზში არსებული ქართული სკოლის და მისი პრობლემების შესახებ. მასალამ ძალიან დიდი გამოხმაურება  ჰპოვა. მერე გავიგე, რომ ამ სკოლას ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი უვლის და ყველაფერს აკეთებს რომ ოსეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული სასწავლებელი შეუნარჩუნოს. ამ კონკრეტულ მომენტში არ ვისაუბრებთ არც პოლიტიკაზე, არც პუტინის საზოგადოებრივ პალატაზე, არც არჩევნებზე და ურთიერთობებზე, ესენი მერე, უფრო ვრცლად, დღეს მხოლოდ სკოლასა და ქართველი და ოსი ხალხის საერთო დღესასწაულზე და სალოცავზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას…

გოჩა ძასოხოვთანაც განსაკუთრებით ვლადიკავკაზში არსებულ ქართულ სკოლაზე ვისაუბრეთ. ხაზგასასმელია რომ სკოლა წერეთლის ქუჩაზეა.   სკოლაში 70-მდე ბავშვი სწავლობს და სწორედ იქ არის დაბრძანებულია საპატრიარქოში უწმინდესის კურთხევით დაწერილი ღვთისმშობლის ხატი.

–დიახ, ეს ქართული სკოლა ოსეთის შუაგულში, ვლადიკავკაზში წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს. როდესაც ორი ერის ცხოვრებაში იყო ტრაგიკული დღეები, მე, ჩემმა თანამოაზრეებმა და მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ დავუშვით, რომ მავანს და მავანს თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა ან პედაგოგებისთვის, ან ამ სკოლის მოსწავლეებისთვის, არ შეებღალათ თავად სკოლის შენობა. ეს ერთადერთი ქართული სკოლაა არა მხოლოდ ვლადიკავკაზში, არამედ რუსეთის ფედერაციაში. იყო მოსკოვში ქართული სკოლა 11/33, მაგრამ მისი დირექტორის, კერესელიძის დიდი მცდელობის მიუხედავად სკოლა დაიხურა და აი ეს ჩვენი სკოლა დარჩა ერთადერთ ქართულ სკოლად. ამ სკოლაში სულ მცირე 12 ეროვნების წარმომადგებელი სწავლობს, ერთად სხედან ქართველი, ოსი, რუსი, სომეხი-ანუ ინტერნაციონალიზმის პატარა აკვანია. კარგია თუ მედია დაინტერესდება ამ ყველაფერით, დადგა ერთხელ სკოლის დახურვის საშიშროება და დიდი მადლობა გიორგი მარგველაშვილს, რომ ჩაერია და გადაარჩინა, ამუშავდა კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ძალისხმევა არ დაიშურა გიორგი კვირიკაშვილმა,  ქალაქის მერმა ბორის ალბეგოვმა და სკოლა გადარჩა დახურვას. ეს სკოლა დიმიტრი ყიფიანის ძალისხმევით და დიდი ილიას მხარდაჭერით დაარსდა. ილია ჭავჭავაძე წერდა კიდეც, რომ ვლადიკავკაზში ერთადერთი ქართული კერააო, რომელიც ქართულ სულს შთაჰბერავს და ქართულ კულტურას აზიარებს სხვა ერებსო. ამის მერე ჩვენ რა უფლება გვაქვს არ დავიცვათ და არ შევინარჩუნოთ ეს სკოლა.

-რამდენადაც ვიცი სკოლაში პედაგოგების სიმცირეა.

-დიახ, ნამდვილად არის. გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით სახელმძღვანელოების პრობლემა მოგვარდა,  პედაგოგების შემთხვევაში დგება ვიზის პრობლემა, კიდევ რაღაც საკითხები, მაგრამ აი ახლა თქვენი საშუალებით მივმართავ პედაგოგებს, თუ იქნებიან თბილისიდან იმ სკოლაში წასვლის მსურველები, მე თავად დავუდგები გვერდით და ყველა  პრობლემას მოვაგვარებთ.

-იმედია გამოჩნდებიან მსურველები ამ მართლაც რომ ქართული და საჭირო საქმის გასაკეთებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდა პედაგოგები.

-ხომ გეუბნებით, ყველაფერში მხარში დავუდგებით.

-რამდენადაც ვიცი, ამ სკოლაში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი.

-ერთი დიდი დღესასწაული გვაქვს-გიორგობა, რომელსაც აღვნიშნავთ ქართველები, ოსები და რუსები ერთდროულად. ვლადიკავკაზში ეს დღესასწაული იწყება ნოემბრის მეორე კვირიდან და 23 ნოემბრამდე გრძელდება. წინა გიორგობას პატრიარქთან ვიყავი და ვუთხარი ჩემი აზრი, რომ ოსების და ქართველების საერთო სალოცავებში ხატები დაგვებრძანებინა.

უწმინდესის კურთხევით დაიწერა სამი ხატი – წმინდა გიორგის ხატი, მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის ხატი, გიორგობის დღეს მოხდა ამ ხატების გადაბრძანება, მაცხოვრის ხატი მივაბრძანეთ ალანთა მონასტერში, წმინდა გიორგის ხატი გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში და დედა ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ჩვენს ქართულ სკოლაში.

თქვენ უნდა გენახათ ბავშვები როგორ შეხვდნენ ამ ხატის დაბრძანებას. წარმოიდგინეთ რამხელა რაღაც არის-ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში საქართველოს საპატრიარქოში დაწერილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული და ვის აქვს უფლება სკოლას საფრთხე შეუქმნას. მინდა სწორედ ამ ამაღლებული განწყობით დავასრულოთ ჩვენი საუბარი და ვისურვო – უფალი და ხატების მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

ინტერვიუს შემდეგ გამიჩნდა სურვილი საახალწლოდ ამ ქართული სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ქართული წიგნები, ქართული ნობათი და ტრადიციული თუნდაც სულ პატარა საჩუქრები გავუგზავნოთ და ვაგრძნობინოთ ჩვენი თანადგომა. სამოქალაქო დიპლომატიას დიდი ძალა აქვს, ვისაც ამ მასალის წაკითხვის შემდეგ სურვილი გაგიჩნდებათ თუნდაც მისალოცი გაუგზავნოთ ქართული სკოლის წარმომადგენლებს, წერილი მიწეროთ ან საკუთარი ხელით დამზადებული ნივთი აჩუქოთ, დაგვიკავშირდით,  ერთად მოვიფიქროთ და ერთად გავაკეთოთ.

მგონი ყველაფერი ვთქვი რაც მინდოდა თქვენამდე მომეტანა, გულით მოგიყევით და იმედია გულით მომისმინეთ, არ მინდა ვიფიქრო რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში  გული სხვადასხვანაირად მისმენდა…

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...