Home » მთავარი » “მომდევნო წელს მეტი გაკეთდება…”- კალაძე მოსახლეობას მადლობას უხდის

“მომდევნო წელს მეტი გაკეთდება…”- კალაძე მოსახლეობას მადლობას უხდის

“მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რასაც თბილისის მოსახლეობა დაინახავს “

თბილისის მერი კახა კალაძე თანაგუნდელებსა და დედაქალაქის მოსახლეობას მადლობას უხდის.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის წარმატებული პროექტები, რომელიც თბილისში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

„მხოლოდ ადამიანი ვერ შეძლებდა გამკლავდებოდა პრობლემებს და განეხორციელებინა ის პროექტები, რომლებზეც დღეს მე ამაყად ვსაუბრობ. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მერიაში, გამგეობებსა და სხვადასხვა კომპანიაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და თავს არ ზოგავენ იმისთვის, რათა ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული იყოს და დედაქალაქის მოსახლეობამ თავი კომფორტულად იგრძნოს, თუმცა ქალაქში ბევრი გამოწვევა და პრობლემა რჩება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რადგან ის მხარდაჭერა, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, მაძლევს დამატებით სტიმულს, რომ არ გავჩერდე, ვიმუშაო დღე და ღამე პრობლემების მოსაგვარებლად. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, იყოს ბევრი მწვანე სივრცე და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განვლილი ერთი წლის მუშაობის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია გამოწვევებს მომავალშიც ღირსეულად უპასუხებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო ბევრი წარმატება, ბევრი გამოწვევაც, რომელთა დიდი ნაწილი დავძლიეთ, ნაწილის დაძლევის პროცესი კი, გრძელდება. იყო პროვოკაციებიც, ტყუილები, სიცრუე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიმართ, თუმცა ყოველთვის ვცდილობდით, არც ერთი ასეთი შემთხვევა პასუხის გარეშე არ დაგვეტოვებინა. მომავალშიც ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც

დედაქალაქს აწუხებს და ჩვენი შრომით, საქმიანობით კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ყველას, რომ მზად ვართ, ვემსახუროთ ქალაქს, თბილისის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბევრ რეფორმას ჩაეყარა საფუძველი და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, გამოწვევები რჩება – ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი შენობა, ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები და ამ ყველაფერს ღირსეულად ვუპასუხებთ. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება და ამას თბილისის მოსახლეობა დაინახავს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 921 მლნ ლარია, თუმცა, როგორც დავპირდი მოსახლეობას, სპეცტრანსფერებით ის მილიარდს გადააჭარბებს, ამით კი უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რამდენიმე პროექტის ფარგლებში დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 306 მლნ ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში ამ პროგრამებით დაახლოებით, 170 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრ მოქალაქეს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა დედაქალაქის მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ხარჯები 27 მლნ ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, ხარჯები გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართები 411 ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მერმა მთავრობის სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ჩემი გუნდის მიერ არის შემუშავებული, დღეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ძალიან მალე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...