You are here
ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც უნდა იყვნენ თანასწორნი მთავარი პოლიტიკა 

ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც უნდა იყვნენ თანასწორნი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ინსტიტუციური  აღმშენებლობის სკოლაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში – „ქალი ლიდერები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში“ და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ძირითადად ეხება ქალთა გაძლიერებასა და ქალთა უფლებების დაცვას  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში.

სოფო კილაძის გამოსვლა შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის საკითხებს დაეთმო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის კუთხით არის სერიოზული გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ანაზღაურებას ერთი და იმავე სამუშაოსათვის, ხელფასის დიფერენცირება ხდება ერთი და იმავე თანამდებობებზეც. გამოწვევებია სექსუალური შევიწროვების კუთხითაც, რის შესახებაც უკვე მუშაობენ პარლამენტში, რომ შესაბამისი კანონი მიიღონ.

სოფო კილაძის განცხადებით, გამოწვევებია ქალთა დაწინაურების  შემთხვევაშიც. მისივე თქმით, ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და კანონმდებლები  ცდილობენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით, საზოგადოების ცნობიერების  ამაღლებით დისკრიმინაციის ამ ფორმას შეებრძოლონ. მან ასევე ისაუბრა იმ მიღწევებზეც, რომლებიც ამ კუთხით საქართველოში გვაქვს.

კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა აუდიტორიის კითხვებსაც, რომლებიც ეხებოდა ქართული სახელმწიფოს როლს პრევენციაში და შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებს.

„თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი უფლება – თანასწორობა გენდერული მიმართულებით უზრუნველვყოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალები და მამაკაცები როგორც სხვადასხვა სექტორში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იყვნენ თანასწორნი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

Comments

comments

Related posts