Home » თქვენი სათქმელი » “ეს წერილიც ერთობლივად დაიწერა, ახლა ჩემს გვერდით ოსი ქალებიც არიან…”

“ეს წერილიც ერთობლივად დაიწერა, ახლა ჩემს გვერდით ოსი ქალებიც არიან…”

ვლადიკავკაზი მდებარე ქართულ სკოლაზე სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას

იხ.

http://www.gmtv.ge/51535-2/

საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.  დაგვიკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციის „დიადი იმედების ათასწლეულის“ თავმჯდომარე ნანა ხომასურიძე და მისი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა გვთხოვა.

-„დიადი იმედების ათასწლეული“ 2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში, შევქმენით სახალხო დიპლომატიის ცენტრი, სადაც ქართველი, ოსი და აფხაზი ეროვნების ადამიანები არიან გაერთიანებული. შევხვდით ოს და აფხაზ დედებს, ერთობლივად ჩავედით საზღვრისპირა სოფლებში, შევედით ყველა ოჯახში და გულითადად ვისაუბრეთ, ერთმანეთს ჩვენი სატკივარი და სიხარული გავუზიარეთ, იმის მერე მუდმივი კავშირი გვაქვს, ერთად ვეხმარებით შეჭირვებულ ოჯახებს, ერთად ვცდილობთ ერთმანეთის პრობლემების მოგვარებას.

ხელი შევუწყვეთ ოსური ასოციაციის დაარსებას, ერთობლივად მოვაწყვეთ ქართულ-ოსური გამოყენებითი ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენა. ყველა ამ გაწეული სამუშაოს მიზანი ერთადერთია-ხელი შევუწყოთ ჩატეხილი ხიდის აღდგენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები გამოთქვამენ ამ საქმიანობაშ ჩართვის სურვილს და უკვე თავად აბამენ კავშირებს, მათ უფრო მეტი აქვთ სასაუბრო, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ახალგაზრდები არიან. ვცდილობთ განვაახლოთ ძველი მეგობრული თუ ნათესაური კავშირები, ვეხმარებით დაკარგულ ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში.

ვლადიკავკაზში ქართული სკოლის არსებობის შესახებ ინფორმაციამ დიდი ემოცია გამოიწვია ჩვენში. ეს წერილიც ერთობლივად დაიწერა, ახლა ჩემს გვერდით ოსი ქალებიც არიან და ეს მათი აზრიც არის, რომ ჩვენ, ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს ურთიერთობების დალაგებაში საკმაოდ დიდი როლი შეგვიძლია ვითამაშოთ, ამიტომ ვუერთდებით თქვენს მოწოდებას საშობაოდ სიმბოლური საჩუქრები გავუგზავნოთ ქართული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მეტიც, ინიციატივას საკუთარ თავზე ვიღებთ. ჩვენ ერთობლივად, ქართველი, ოსი, აფხაზი და სხვა ეროვნების დედები მზად ვართ დავიწყოთ და სულ პატარა წვლილი შევიტანოთ ამ კარგ წამოწყებაში“-ნათქვამის წერილში.

P.S. წერილი უკვე გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა რამდენიმე ადამიანი დაგვიკავშირდა და ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში პედაგოგად წასვლის სურვილი გამოთქვა, ასევე დაგვიკავშირდნენ სტუდენტები და რამდენიმე კერძო სკოლის მოსწავლეები. მათაც გამოთქვეს სურვილი ურთიერთობა დაამყარონ ქართული სკოლის წარმომადგენლებთან და ქართული წიგნები თუ ქართული ორნამენტებით დამშვენებული საჩუქრებიც გაუგზავნონ.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...