Home » ინტერვიუ » „ქვეყნის უსისხლო ანექსია, მიწის დისკრიმინაციული გადასახადი და დაუსრულებელი ბრძოლა…“

„ქვეყნის უსისხლო ანექსია, მიწის დისკრიმინაციული გადასახადი და დაუსრულებელი ბრძოლა…“

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწების მიყიდასთან დაკავშირებით უკვე წლებია საკმაოდ მკაცრი პოზიცია აქვთ ქართველ ფერმერებს.  საქართვეოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი უკვე წლებია ამბობს:-„ის უცხოელი, ვინც ქართულ მიწას ყიდულობს თავისი უძრავი ქონების შესავსებად არის არა ინვესტორი, არამედ უსისხლო ანექსორი!“

რა შეიცვალა წლების მანძილზე და რას ფიქრობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რა ესახება პრობლემის გადაჭრის უმთავრეს გზად და როგორ უნდა შეუწყოს სახელმწიფომ ფერმერსა და გლეხს ხელი, რომ მიწა უპატრონოდ არ დარჩეს. ამ და სხვა კითხვებით GmTV ირინე ფხოველიშვილს დაუკავშირდა.

  • თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უკვე წლებია იბრძვის მიწის დასაცავად და ხმამაღლაც საუბრობთ ამაზე. დღეს კიდევ ერთხელ დადგა მიწის დაცვის საკითხი, იუსტიციის სახლთან უკვე 2 დღეა აქციები იმართება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის თუნდაც რამდენიმე დღით შეჩერება და არის თუ არა ეს დრო საკმარისი იმისთვის, რომ მასშტაბურად მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე დაკანონება? პროცესი მოესწრება?

დიახ, მე და ჩემი გუნდი წლებია ვიბრძვით ქართული მიწის დასაცავად და ამ ბრძოლის შეწყვეტას არც ვაპირებთ მანამ, სანამ არ შეწყდება ქვეყნის უსისხლო ანექსია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს იმ გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც 2014 წლის მორატორიუმის გაუქმების გამო მიიღო და წავიდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების და სურვილის წინააღმდეგ. მაშინდელი, სახელმწიფო ინტერესებისა და მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელებაა ახალი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლად არჩეული პრეზიდენტის ქალბატონი სალომეს გაცხადებული მკვეთრი პოზიცია იმედს გვაძლევს, რომ ამ მარაზმს მალე ბოლო მოეღება და წერტილი დაესმება მიწის, როგორც უნიკალური რესურსის, გასხვისებას და ქვეყნის უსისხლო ოკუპაციას.

მინდა მათ საყურადღებოდ განვაცხადო რომლებიც ფიქრობენ, რომ მიწების გაყიდვის აკრძალვით ინვესტიციის მოზიდვა შეფერდება, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფესიულმა კავშირმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ქვეყანამ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  გასხვისებით, მაგრამ პასუხი არ არსებობს.

  • ქ-ნო ირინე, თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ ტერიტორიებს და მიწებს ვკარგავთ არა მხოლოდ ოკუპაციით და გაყიდვით, არამედ დაუდევრობითაც და საკმაოდ რეალური მაგალითი მოიყვანეთ თუნდაც ბუნებრივი პირობებით დაკარგვაზე, თუნდაც არადემარკირებულ საზღვრებზე და იმასაც კი ამბობდით, რომ აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლის გამკაცრება. მას მერე რამე გამოსწორდა? შეიცვალა მდგომარეობა?

სამწუხაროდ არაფერი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ  მიგვეღო საჯარო ინფორმაცია რამდენ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა კატეგორია და გადავიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებში-პასუხი ვერ მივიღეთ. ერთი სიტყვით ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ მიწების აღრიცხვაში სრული ქაოსია.

  • ალბათ თქვენც გსმენიათ-ქართველი თუ ვერ უვლის, უცხოელი მოუვლისო მიწას-ვერ უვლის თუ არ უვლის? მახსოვს ადრე ამბობდით-დისკრიმინაციული გადასახადებით გლეხს სულს ხდიანო-წლები გავიდა, ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე?

მეც ფერმერი ვარ და წლებია ურთიერთობა მაქვს სხვა ფერმერებთანაც, ფაქტიურად ჩვენი შრომა არის ბრძოლა მიწასთან, ამინდთან, მთელ რიგ პროვოკაციებთან, არასწორ პოლიტიკასთან, გათვალიწინებულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებთან…..

რაც შეეხება დისკრიმინაციულ გადასახადს-დიახ, დღეს მიწის გადასახადი არის დისკრიმინაციული და შეუსაბამო. სამწუხაროდ სააკაშვილის მთავრობის მიერ უკანონოდ გაზრდილი გადასახადი ახლად მოსულმა მთავრობამ და პარლამენტმა 2012წლის 28 დეკემბერს დააკანონა და ნორმად აქცია, მოსპო მიწების ხარისხის და ნაყოფიერების მიხედვით დაყოფა და ყველა, ცუდი და კარგი მიწების მესაკუთრეები, ერთი გადასახადის ქვეშ მოაქცია, რითიც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 31-ე მუხლების მოთხოვნა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ თუ არ დაინახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაცია და არაკონსტიტუციური მიდგომა, სამაგიეროს ადვილად და სწრაფად მოახდინა რეაგირება უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დასაცავად (?!)

  • რა პირველი და აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი მიწის გასხვისების პრობლემის შესაჩერებლად?

პრობლემის, უფრო სწორად დანაშაულის აღმოსაფხვრელად საჭიროა: კონსტიტუცია ახალი რედაქციით იქნეს ამოქმედებული; პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ქვეყნის ინტერესების ამსახველი მიწის კოდექსი და შესაბამისი ორგანული კანონი; უნდა აღმოიფხვრას დისკრიმინაცია და მიწის გადასახადი უნდა გახდეს შესაბამისი.

  • სესხების განულების პროცესზე რა აზრის ხართ?

რაც შეეხება საბანკო სესხების განულებას, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ სიტუაციის სრული სურათის შესწავლისა და ანალიზის გარეშე რაიმე ღონისძიებების გატარების, რადგან არსებობს სულ მცირე ორი მხარე: თუ ამას მოვალეების მხრიდან შევხედავთ – მათთვის მართლაც საახალწლო საჩუქარია, მაგრამ რა დააშავეს კეთილსინდისიერმა გადამხდელებმა?

მახსენდება 2013-2014 წლების გვალვების გამო დაზარალებული კახეთის რეგიონის ფერმერები, რომლებიც მხოლოდ ერთი წლით ითხოვდნენ მიწის გადასახადიდან განთავისუფლებას. დამერწმუნეთ ის თანხა ბევრად ნაკლები იყო დღეს განულებულ საბანკო სესხების თანხასთან. მაშინ მთავრობა „მზად არ აღმოჩნდა“ მართლაც და საჭირო და აუცილებელი თანადგომა აღმოეჩინათ დაზარალებული ფერმერებისთვის. ასეთი, ზოგისთვის პატარა, ნიუანსების გამო არის, რომ სოფლის მეურნეობა და ფერმერობა მძიმე ტვირთია.

Facebook Comments
x

Check Also

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს – კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივნის , კახი კალაძის თქმით მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს ...