Home » მთავარი » „ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობას პრობლემას მოუგვარებს“

„ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობას პრობლემას მოუგვარებს“

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკვე გამოიყო.

„ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული პრობლემა 3000-ზე მეტ ოჯახს 90-იანი წლებიდან აწუხებს. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. უკვე შევარჩიეთ კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებთან და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„მესმის სამშენებლო კომპანიების, რადგან ყველას საკუთარი ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. აღნიშნული პროექტებით ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, ისინი დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად მოდიან და მერიას სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, აღნიშნულ მიწებზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. გვინდა, მათი წინადადებები მერიის ვებგვერდზე განვათავსოთ, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომპანიას ექნება. გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...