Home » ეკონომიკა » სესხის განულების პროცესი – დადებითი და უარყოფითი მხარეები-წვდომა საკრედიტო რესურსებზე…

სესხის განულების პროცესი – დადებითი და უარყოფითი მხარეები-წვდომა საკრედიტო რესურსებზე…

ზურა ხვიჩია

სესხის განულების პროცესმა საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრება გამოიწვია, მეტიც, სოციალურ ქსელში უკვე აშკარად ჩანს თავად მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. ამ საკითხზე GmTV-მ უკვე გააჟღერა სხვადასხვა ეკონომისტებისა და ეკონომიკის დოქტორების შეხედულებები, დღეს ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და სწორედ ამიტომ ამჯერად ანალიტიკოსს ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნებიერიძეს დავუკავშირდით.

-დიახ, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი „ქართუ ჯგუფის“ მიერ და არა ხელისუფლების მიერ კრედიტების განულების შესახებ და როგორც ყოველთვის ირაციონალური დასკვნების მსხვერპლი ვხდებით. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მოკლედ და საფუძვლიანად განვიხილოთ ეს თემა:

პირველ რიგში ძალიან ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის მოცემულობა რომელიც დაფიქსირდა. ანუ, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე?

  1. აღნიშნული ცალსახად არის პოლიტიკური კორუფციის აქტი.
  2. პოლიტიკური მოსყიდვა განხორციელდა კონკრეტული პიროვნების – ბიძინა ივანიშვილის მიერ, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის და კონკრეტული პიროვნების ელექტორალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
  3. სახელმწიფოს ამ აქტთან არანაირი კავშირი არა აქვს. ვაზუსტებ: სახელმწიფოს არანაირი პირდაპირი კავშირი ამ აქტთან არა აქვს და არანაირი ბრძანება, განკარგულება ან საკანონმდებლო აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოცემულა.

მოცემულობის აღქმის გამარტივებისთვის უტრირება, რომ მოვახდინოთ, კონკრეტულმა პირმა – ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს უყიდა პრეზიდენტის თანამდებობა. აი ხომ გახსოვთ კომუნისტების, ან შევარდნაძის ეპოქაში შემოსავლიან თანამდებობებზე როგორ ინიშნებოდნენ მოქალაქეები?! იხდიდნენ ქრთამს და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კორუფციის გზით ასმაგად ინაზღაურებდნენ გადახდილი ქრთამის ოდენობას. ოღონდ, ამ შემთხვევაში მოხდა გაცილებით უფრო ამაზრზენი ფაქტი – შედგა პოლიტიკური კორუფციის აქტი. ივანიშვილმა ელექტორატს გადაუხადა ქრთამი სალომეს თანამდებობაზე დასანიშნად. ხოლო ამ ხარჯს პოლიტიკური ბენეფიტების სახით ასმაგად დაიბრუნებს. თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავიხედავთ ამ საკითხში დავინახავთ, რომ ოლიგარქმა აღნიშნული ხარჯი გასწია ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ზუსტად ამ ზალაუფლების ხარჯზე დანახარჯის კომპენსირების მიზნით ასმაგს ამოიღებს არა მხოლოდ იმ მოქალაქეების ჯიბეებიდან ვისაც ეს თემა შეეხო, არამედ უპირატესად იმ მოქალაქეების ჯიბეებიდან ვისაც ეს აქტი არ შეეხო და არიან პატიოსანი გადამხდელები, როგორც კრედიტების, ასევე სახელმწიფო გადასახადების.

პოლიტიკური კორუფცია ახსენეთ.

-კი ბატონო, ახლა მივუბრუნდეთ უშუალოდ ამ პოლიტიკური კორუფციის აქტის შინაარსს:

„ვალების განულება“ შეეხო მხოლოდ იმ მოქალაქეების მცირე ნაწილს, რომლებთან მიმართებაშიც დამდგარი იყო ვალის ხანდაზმულობის ფაქტი. ანუ, ეს არის ის თანხები, რომლებიც გადასული იყო უიმედო ვალების კატეგორიაში და კრედიტორ დაწესებულებებს ეს თანხები ჩამოწერილი ჰქონდათ ხარჯში ზარალის სახით, ან მიზერულ თანხებად მიყიდული ჰქონდათ კოლექტორული კომპანიებისთვის, რომლებიც ალბათ გამონაკლისის გარეშე ამავე საკრედიტო დაწესებულებების შვილობილი კომპანიები არიან და მათი საქმიანობის ერთად-ერთი სფეროა ასეთი უიმედო, ხანდაზმული ვალების ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით მსესხებელს უკვე აღარ უდგას მათი გადახდის ვალდებულება. თუ მიაქციეთ ყურადღება, მე ვახსენე, რომ მოცემული აქტი შეეხო მხოლოდ მცირე ნაწილს, იმ მევალეთა სიიდან, რომელთა მიმართაც დამდგარია ხანდაზმულობის ვადა. რამე, თუ ამ აქტის ბენეფიტები გახდნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომელთა დავალიანების ძირი თანხა არ აღემატებოდა 2000 ლარს. მიაქციეთ ყურადღებაძირი თანხა და არა მთლიანად საკრედიტო ვალდებულება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ სათანადო ვებ გვერდზე, რომ სინამდვილეში საკრედიტო დავალიანების სრული თანხა ჯარიმებითა და საურავებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ათჯერ და ასჯერ აღემატება ძირ თანხას. ზუსტად ეს სრული თანხა მიიწერა ივანიშვილმა გადასახდელად რაც აშკარად ტყუილია და თაღლითური განცხადებაა.

-საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და სხვათაშორის საკმაოდ დიდ ნაწილში ამ პროცესმა საკმაო გაუგებრობა გააჩინა.

-ყველაზე დიდ გაუგებრობებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ქმნის ის გარემოება, რომ ყოველივე ხდება აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ. ვგულისხმობ საკრედიტო დაწესებულებებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსს, საკომპენსაციო ტრანზაქციების მოცულობას და გრაფიკს. „ქართუ ჯგუფმა“ გააჟღერა კომპენსაციის მხოლოდ სავარაუდო თანხა სამი მილიარდი ლარი. სინამდვილეში საუკეთესო შემთხვევაში საკომპენსაციო თანხამ შეიძლება შეადგინოს მაქსიმუმ ასჯერ ნაკლები, ანუ დაახლოებით 30 მილიონი ლარი. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ კრედიტორების უმრავლესობას ხელისუფლებამ ფაქტიურად ხელების გადაგრეხვით მიაღებინა მონაწილეობა ამ ავანტურაში.

-რატომ ფიქრობთ ასე? ხომ განაცხადეს, რომ საკუთარი ნებით ჩაერთვნენ ამ აქტში?

-მაშინ მიპასუხეთ: ეს, რომ არ ყოფილიყო ძალადობრივი აქტი და ზარალის მომტანი საკრედიტო დაწესებულებებისთვის, რომელი კრედიტორი იტყოდა უარს მათ მიმართ წარმოშობილი დავალიანების დაფარვაზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ეს სურვილი გამოთქმული?

-ანუ?

-ანუ, მარტივად და უტრირებულად, რომ ვთქვათ საკრედიტო დაწესებულებებზე უბრალოდ იძალადეს და „აახიეს“ ეს თუნდაც ძალიან ცუდი კრედიტების პორთფელი. გარდა ამისა, საგადასახადო მიზნებისთვის, ბიუჯეტთან მიმართებით საკრედიტო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ასახონ ეს თანხები მოგების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში და გადაიხადონ მოგების გადასახადი. რამე თუ საგადასახადო კოდექსით ნაჩუქარი, ნაპატიები დავალიანება მაინც განიხილება როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად საკრედიტო დაწესებულებებს უაპელაციოდ წარმოექმნებათ დამატებითი ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებით.

-კი მაგრამ, არაფერ სასიკეთოს და კარგს არ ხედავთ ამ პროცესში?

-ერთად-ერთი მცირედი სიკეთე, მაგრამ ბენეფიციარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე არის ის, რომ მათ ვეღარ დაატერორებენ ვალის ამომღები კოლექტორული კომპანიები და მათ აღარ მოუწევთ სასამართლოს გზით იმის მტკიცება, რომ ხანდაზმულობის ფაქტის დადგომის შემდეგ ეს დავალიანებები არ ექვემდებარება დაფარვას. ანუ ბენეფიციარები განთავისუფლდნენ არა საკრედიტო ტვირთისგან, არამედ უკანონო მორალური ტვირთისგან. მათ ისედაც აღარ ეკუთვნოდათ ამ დავალიანების დაფარვა. თუმცა არამც და არამც ისინი არ ამოვიდნენ ეგრეთწოდებული „შავი სიიდან“, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ დაუბრუნდებიან აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას და მათ არ გაუმარტივდებათ წვდომა საკრედიტო რესურსებზე.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...