Home » მთავარი » მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებულები

მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებულები

პირველად საქართველოში „მეხსიერების აკადემიისა“ და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი – მეხსიერების ჩემპიონატი გაიმართა.

ინტელექტუალური შეჯიბრი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა (საბაუნიმ) უმასპინძლა.

მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ.

ციფრების დამახსოვრებაში გამარჯვებული ლუკა კალატოზიშვილი გახდა. ადამიანის სახეებისა და სახელების კატეგორიაში ყველაზე მეტი სწორი პასუხი ნიკა ნოზაძემ დააგროვა. გეომეტრიული ფიგურების დამახსოვრებაში პირველი თორნიკე სარჯველაძე იყო. სიტყვების დამახსოვრებაში ალექსანდრე გიგიაძემ გაიმარჯვა. თარიღების დამახსოვრების კატეგორიაში საუკეთესო შედეგი ნიკა ნოზაძემ უჩვენა.

საერთო შედეგების გათვალისწინებით, ყველა კატეგორიაში მესამე ადგილზე ელისო ცერცვაძე გავიდა, მეორე დავით ყიფშიძე იყო. ყველაზე მეტი სწორი პასუხი კი ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა და მეხსიერების ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა საქართველოდან.

სხვადასხვა კატეგორიაში საპრიზო ადგილებზე გასულები მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულს კი მედალთან და პრიზებთან ერთად თასი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატები 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული – ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები. „მეხსიერების აკადემიისა“ და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ ორგანიზებით, ანალოგიური შეჯიბრები 2019 წლიდან საქართველოშიც რეგულარულად ჩატარდება.

Facebook Comments
x

Check Also

თითეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული…

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მნიშველოვანია, ქვეყანაში გაგრძელდეს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენა, პაციენტების სწრაფი მკურნალობა და ...