Home » მთავარი » ეს უნდა იცოდეთ და განსაკუთრებით იმათ, ვინც კატეგორიულად ემიჯნება 25 დეკემბრის შობას

ეს უნდა იცოდეთ და განსაკუთრებით იმათ, ვინც კატეგორიულად ემიჯნება 25 დეკემბრის შობას

გიორგი ტიგინაშვილი

ივრისპირელი

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ევქარისტიული კავშირი აქვს ყველა ოფიციალურ, ადგილობრივ, ავტოკეფალურ თუ ავტონომიურ ეკლესიასთან.

მსოფლიოში სულ 15 ავტოკეფალური ეკლესიაა:
1) კონსტანტინოპოლი, 2) ალექსანდრია, 3) ანტიოქია, 4) იერუსალიმი, 5) რუსეთი, 6) საქართველო, 7) სერბეთი, 8) რუმინეთი, 9) ბულგარეთი, 10) კვიპროსი, 11) საბერძნეთი, 12) ალბანეთი, 13) პოლონეთი, 14) ჩეხეთი და სლოვაკეთი, 15) ამერიკა და კანადა.

ავტონომიური ეკლესიებია:
1) სინას მთისა და რაითის (იერუსალიმის იურისდიქცია)
2) ფინეთის (კონსტანტინეპოლის იურისდიქცია)
3) იაპონიის (მოსკოვის იურისდიქცია)
4) უკრაინის (მოსკოვის იურისდიქცია)
5) მოლდავეთის (მოსკოვის იურისდიქცია)
6) ესტონეთის (კონსტანტინოპოლის)

მოცემული ოფიციალური ეკლესიებიდან, 25 დეკემბერს (ანუ კალენდარულად ახალ სტილზე) შობას ზეიმობენ შემდეგი ეკლესიები: ავტოკეფალური ეკლესიები: კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, ამერიკა და კანადა,  ხოლო ავტონომიურებიდან: ფინეთი და ესტონეთი.

აქვე დავძენ, რომ კალენდარი არ წარმოადგენს დოგმატურ საკითხს და არც აპრიორი საყოველთაოდ უნივერსალურ კანონიკურ ვალდებულებას. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ზოგ შემთხვევაში ტრადიციული გამოცდილების ნაწილი, ხოლო ზოგჯერ კი იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი განმასხვავებლობის ერთგვარი ნიშა თუ ორბიტა.

საგულისხმოა მრწამსის მეცხრე წევრის განმარტებაც:
“ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”.
ეს მუხლი გვესაუბრება ეკლესიის შესახებ. თუ რა არის ეკლესია. ის არის კრება, ანუ საზოგადოება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, ხოლო თითოეული მართლმადიდებელი არის ეკლესიის წევრი. ამ საზოგადოებაში მუდამ იმყოფება და მოქმედებს ქრისტე თავისი მადლით. შესაბამისად ეკლესიაც ერთია, რადგან მას ჰყავს ერთი თავი – ქრისტე, მასში მოქმედებს ერთი სულიწმიდა, ეკლესიის ყველა წევრს აქვს ერთი სარწმუნოება და სულიერად შეადგენენ ერთ მთლიანობას. ეკლესია წმინდაა, რადგან ის განწმენდილია იესო ქრისტესაგან მისი ტანჯვით, ჯვარცმით, სისხლით, მოძღვრებით, ლოცვით და საიდუმლოებებით. მართალია, ეკლესიაში ვართ ცოდვილნიც, მაგრამ ის მაინც წმინდაა, რადგან ცოდვილნი ვინანიებთ ჩვენს ცოდვებს და ღმრთის მადლის ძალით ვიცვლებით. ამასთან, ეკლესიას უწოდებენ კათოლიკეს, რაც ნიშნავს საყოველთაოს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას ეკუთვნიან ყოველი ადგილის, დროისა და ხალხის მორწმუნეები, განურჩევლად რასის, წოდების, მდგომარეობის. ეს არის ელემენტარული კატეხიზმო, რისი გააზრებაც აუცილებელია, ჩემი მოკრძალებული აზრით.

P.S. ამდენად, ვინც კატეგორიულად გმობს და ემიჯნება 25 დეკემბრის შობას (ზოგი ისე კადნიერდება, რომ მკრეხელობადაც კი მიიჩნევს სადღეისო ზეიმს), ის ავტომატურად არ იზიარებს ლოცვით და სულიერ ერთობას ქრისტესმიერ ძმებთან და დებთან, რაც უსიყვარულობის გამოვლინებაა და ხიბლის ერთ-ერთი სახე. რეალურად ეს რიცხვიც პირობითია და მეტაფიზიკური წყალობის მხოლოოდენ მათემატიკური სახე, რამეთუ დაზუსტებით არავინ იცის 25 დეკემბერი იყო თუ 7 იანვარი ან სხვა რომელიმე დღე დეკემბერ-იანვრისა, რადგან აქ მოვლენაა არსებითი და მნიშვნელოვანი და არა სახელდობრ თარიღი, როგორც ეს უაზროდ პედანტურ ფანატიკოსებს ჰგონიათ.

შობას ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს, ვინც 25 დეკემბერს დღესასწაულობს!

Facebook Comments
x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...