Home » ბლოგი » „ფერმერის დღიურები“ – ვიწყებთ და შემოგვიერთდით (ნაწილი პირველი)

„ფერმერის დღიურები“ – ვიწყებთ და შემოგვიერთდით (ნაწილი პირველი)

სოფლად რომ ბევრი პრობლემაა, ამაში ყველა დამეთანხმებით, იმაშიც დამეთანხმებით, რომ დაიცალა სოფლები და თითქმის ყველამ ქალაქს მიაშურა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც პირიქით, ქალაქი დატოვეს და სოფლად ცხოვრებას აუწყვეს ფეხი.

GmTV-ს არაერთი ახალგაზრდა ფერმერის გასაჭირი, აზრი თუ იდეა გაუჟღერებია, არაერთი ფერმერი ქალბატონი გაგვიცვნია თქვენთვის და არაერთ სასოფლო-სამეურნეო პრობლემას შევხებივართ, ამიტომაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება „აგრარული საქართველოს“ „ფერმერის დღიურებმა“. მერე რედაქტორს შოთა მაჭარაშვილს  და ბლოგის ავტორს, ირაკლი სოხაძეს დავუკავშირდით და ბლოგის ჩვენთან გადმოტანის ნებართვა ვითხოვეთ. სწორედ ამიტომ ყოველგვარი სიტყვების გარეშე გთავაზობთ „ფერმერის დღიურებს“.

ბ ლ ო გ ი

„აგრარული საქართველოს“ რედაქციას სურვილი აქვს აქამდე შემოთავაზებულ სამეცნიერო-ინფორმაციული ხასიათის სტატიებს ახალი რუბრიკა დაამატოს, რომლის მიზანი სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან დაახლოებაა, მათი კონკრეტული გასაჭირის გამომზეურება და შემდგომ მათზე რეაგირების მოთხოვნის დაყენებაა. ჩვენ ვიცით, რომ სოფელს მეცნიერებასთან, ინოვაციებთან წვდომის შესაძლებლობასთან და ინფორმაციულობასთან ერთად ყური და გული სჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ კომლის  საქმიანობის გაუმჯობესების და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის არსებობს სხვა დანარჩენი სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები. სოფელი ჰორიზონტალურ სიბრტყეში დგას, სტრუქტურები –  ვერტიკალურში.  ჩვენი მოკრძალებული მიზანია მათი მკვეთი წერტილებიდან ადამიანური სივრცე შევქმნათ და შემდეგ ჯაჭვი გავაერთიანოთ. სამიზნე კომლის თითოეული წევრია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთავ უყვარს, გული შესტკივათ, ფიქრობენ და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომლებიც გრძობენ რომ ჯერ ოჯახის, შემდეგ მთელი მოსახლეობის ჯანსაღად გამოკვება ჯანმრთელი მომავლის საწინადარია. გვსურს მათ გარჯაზე, ტკივილზე, გასაჭირზე, სიხარულზე და ყველაფერ იმაზე გესაუბროთ, რასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

წამოწყების დაჩქარების მიზეზი გახდა რედაქციაში ერთი ქალბატონის ვიზიტი, რომლის ძალიან ახლობელმა ახალგაზრდამ (დისშვილმა) სოფელში დასახლება მოისურვა. შემდეგ თავისი შრომისმოყვარეობით და  საქმის დაუფლების წყურვილით, არცთუ იმედიანი სოფლის ახალგაზრდებისთვის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან სტიმულად იქცა. სწორედ ამ ახალგაზრდას დაებადა სურვილი „ჩანაწერების“ სახით უამბოს თანატოლებს თავისი არჩევანის და ახალი ცხოვრების შესახებ.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ და შემოგვიერთდით.

„ფერმერის“ დღიურები

ძალიან ხშირად მესმის სახლში, გარეთ თუ მასმედიიდან ქართველი გლეხის ლანძღვის კორიანტელი ან აქა-იქ ქილიკურად წამოსროლილი ფრაზები. ალბათ (ვიცი, მაგრამ თავს ვიმშვიდებ) მეც “ვფილოსოფოსობდი”“საწყალ” მთავრობაზე, რომელსაც ფულს აყრევინებენ და ინვესტიციების და საგრანტო პროგრამების სიმრავლის მიუხედავად ღატაკ გლეხზე.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, ვიყიდე სოფელი(ასე იმერეთში ეძახიან, თორე ისე სახლი ვიყიდე სოფელში) და ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეხედულებები, მიზნები, წარმოდგენები და ყველაფერი, რისი შეცვლაც შეიძლებოდა.

მინდა თანაზიარი გაგხადოთ ჩემი ისტორიის და ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ რაღაც-რაღაცეებზე. კიდე, იმ ინფორმაციას გაგიზიარებთ, რაც წავიკითხე და მოვიპოვე, შედარების საშუალება რომ გვქონდეს. თქვენ თქვენი თქვით, მე ჩემსას ვიტყვი და იქნება მართლა ავაშენოთ სოფელი….

თავიდან მოკლედ მოგიყვებით ჩემ შესახებ. გამარჯობა, მე ირაკლი ვარ, გვარად სოხაძე. დიდი წინაპრები რაჭიდან იყვნენ, მაგრამ რაჭაში ჩემი ადგილი არ გვერგო (ეს სულ სხვა ისტორიაა) და მამაჩემის მსგავსად, მეცსრულიად ქალაქელ ბიჭად გავიზარდე. სკოლა და ქუჩის აკადემია ქუთაისში დავამთავრე. შემდეგ ჯერი მომავალ პროფესიაზე რომ მიდგა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე რა შეიძლება გამოვსულიყავი – ჩამებარებინა სადმე თუ რაიმე ხელობა მესწავლა. გადავწყვიტე ჯერ სამხედრო სავალდებულო სამსახური გამევლო, იქ დამოუკიდებლად ფიქრის საშუალება მომეცემოდა და გადაწყვეტილებასაც მივიღებდი. ზუგდიდში ვიმსახურე და გამოცდილებაც კარგი მივიღე, ყველა ცხელ წერტილში მაინტერესებდა წასვლა და არაფერს თავს არ ვარიდებდი. ისე გულიანად მოვეკიდე ყველაფერს, მეთაურმა დარჩენა შემომთავაზა, ისიც მითხრა რადგან ჯერ სკოლის გარდა არაფერი არ გაქვს დამთავრებული, თურქეთში გაგიშვებ კურსებზეო. შემიყვარდა ის საქმეც, მაგრამ დარჩენაზე გულმა უარი მითხრა, არ ვიცი რატომ. სახლში დაბრუნებულმა,  უმაღლესი განათლებისთვის დედაქალაქს მივაშურე, ძალიან მინდოდა აგრარულში ტექნოლოგიის განხრა დამემთავრებინა. მოვეწყვე 50%-იანი გრანტით, ვსწავლობდი, ვერთობოდი, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბშიც“ გამოვდიოდი, საკმაოდ წარმატებით, ბოლოსკენ პერსპექტიული სამსახურიც შემომთავაზა ლექტორმა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი, რატომღაც სოფლისკენ გამიწია გულმა, იქ ცხოვრება გადავწყვიტე, გადავწყვიტე და მორჩა! (აქ ვერაფრით ვერ დავეთანხმები აგრარულად აღიარებული ქვეყნის ძვირფას დეპუტატს, რომელსაც ჰგონია, რომ სოფელში ყოფნის სურვილი ესარის -„მხოლოდ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა“) თავდაპირველად როდის ჩამესახა ამ აზრის მარცვალი არ ვიცი. იყო კი საერთოდ ეს მარცვალი თუ პირდაპირ წინაპრების გენებმა ჩამიჩურჩულეს რაიმე ძილში ყურში, ამაზეც არა მაქვს პასუხი. თბილისში დეიდას გავუმხილე რასაც ვფიქრობდი და დიდი აღშფოთება ვერ შევატყვე. აღმოჩნდა მასაც ძალიან უნდა სოფელში სახლი რომ ჰქონოდა, უფრო ალბათ იმიტომ რომ პატარა შვილისჯანსაღი პროდუქტებით გამოკვების პერსპექტივა იზიდავდა,თუმცა ფინანსებმა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივამ დიდად ვერმოხიბლა. თავიდან მხოლოდ ჩვენ ორი ვმჯელობდით ამაზე, სანამ დედაჩემს გავუმხელდით (მაშინ ასე ვიქცეოდით). ბევრი რომ არ გავაგრძელო, დეიდაჩემი, როგორც ჩვენს 2 ოჯახში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე, „დავსაჯეთ“ და ისე დავსახლდი სოფელში.

თავიდან საკმაოდ უნდობლობით მოეკიდნენ ქალაქელი ბიჭის მარტო სოფელში დასახლებას, იფიქრეს ალბათ დეიდამისი „ფულიანია“ და აქ გამდიდრებისთვის ჩამოვდნენო, თუმცა რომ შეხედეს არც ისე სწრაფი ტემპით არ წარმართულა ჩვენი გამდიდრების გეგმა „ბარბაროსა“, თან მხედავდნენ, რომ მუდმივად ფიზიკურად ვმუშაობ არამარტო მე, ყველა ის ახლობელი, რომელიც ჩემთანჩამოდის, მეტნაკლებად დამიმეგობრდნენ. ასე დავიწყეთ თავიდან.

ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვებით და თქვენც არც დაიზაროთ თქვენი ამბების მოყოლა. 

*****

ახლა მოვიცალე და გავაგრძელებ ჩემი ამბების მოყოლას. როგორც ყველა რაჭველ კაცს, არც მე არ მიყვარს დიდად ლაპარაკი, წერა მირჩევნია, მაგრამ დრო არ მაქვს და ხშირად ამიტომ ვერ გეკონტაქტებით.

სოფელში რადგან დავსახლდი, ცოტ-ცოტა მხარის შესწავლა დავიწყე, რაც ვიცოდი იმისთვის რომ მიმემატებინა. ვიცოდი, რომ ხონი მე-19 საუკუნეში საქართველოსკულტურულ და სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა ქუთაისის გუბერნიის შემდეგ, ვიცოდი რომ აქ იპოლიტე ხვიჩია,ნანა მჭედლიძე, გურამ საღარაძე დაიბადნენ, რომ იპოლიტე თავიდან აქაური თეატრის სცენაზე გამოდიოდა, კიდე ბევრი ქუთაისური ანეგდოტი ვიცოდი ხონელებზე და ვანელებზე. ეს იყო და ეს! არადა აღმოჩნდა თურმე საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი ხონში ჯერ კიდევ 1890 წელსჩამოყალიბებულა, პირველი თეატრალური წარმოდგენა 1865 წელს დადგმულა და 1907 წლიდან ჰყოლიათ თურმე თეატრალური დასი, აქვე ყოფილა გამართული წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები და მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, დასავლეთ საქართველოში (მგონი არამარტო) ცნობილი ხონის ბაზარი ფეოდალური ეპოქიდან არსებობდა თურმე, აქ მარტო საქართველოდან კი არა  მთელი ამიერკავკასიიდან დადიოდა ხალხი. ამავე საუკუნის 20-30-იან წლებში ძლიერი ეკონომიკის წყალობით, აქ ძალინ მჭიდრო დასახლებაც ყოფილა… ერთი სიტყვით,  მრავალი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.

რაც შეეხება კონტუათს, აქ დიდი იპოლიტე დაიბადა. მარტო ამის გამო შეიძლება ამ სოფლის სიყვარული გაგიჩნდეს კაცს! მოსახლეობის მხრივაც, საკმაოდ დიდი სოფელია, სადღაც 1000 კაცამდე ცხოვრობსო, მეზობლებმა მითხრეს. ძალიან ლამაზი კია აქაურობა, ცხენისწყლის ხეობა, ოკაცეს, კინჩხას, გორდის ჰაერი, სიმწვანე, ჩემი ლამაზი, დიდი ეზო, სიმშვიდე და კიდე რაღა უნდა უნდოდეს ქალაქის ხმაურიდან დაღლილ ადამიანს ცხოვრებაში?! თუმცა…

ხონის ე.წ. ბულვართან მდებარეობს მე-2 სკოლა, გვერდით შესახვევია. აი, აქედან მივდივართ ჩვენ სოფელში, მეორე გზაც არის, მაგრამ ის უფრო გრძელია. სწორედ აქედან დაწყებული ჩემს სახლამდე ლამის ყოველ მესამე მეოთხე სახლს დიდი ასოებით აწერია – „იყიდება“, ზოგი ძალიან ლამაზი სახლია, ზოგიც არაჩვეულებრივი იმერული ეზო, ზოგიც ორივეს გაერთიანება, მაგრამ მაინც აწერია „იყიდება“. ხონი რომ მორჩება და სოფლისკენ გადაუხვევ, ის ვიწრო ასფალტიც წყდება, ორი მანქანა რომ ძლივს უვლის გვერდს ერთმანეთს და იწყება გაუბედურებული ორმოებიანი, გუბეებიანი და ქვიანი გზა. სოფელში რა თქმა უნდა არ არის კანალიზაცია, ყოველ კვირას შეტყობინებები მოდის ამისა და ამის გამო ელექტროენერგია შეგიწყდებათო, ონკანში არ მოდის წყალი და არ არის გაზი. ჩვენი სახლის ყოფილმა მეპატრონემ გვითხრა ასფალტსაც მალე დააგებენ, გაზის მილების გაყვანა უკვე დაწყებული აქვთ,აკვადუკი 200 მეტრშია აქედან, თუ ნებართვას აიღებ გაიყვანთო. ჩვენ დავიჯერეთ (რა თქმა უნდა  ინფორმაციის „ზემოთ“ გადავამოწმების შემდეგ. ამას ცალკე ისტორიად მოგიყვებით). დავიჯერეთ ისიც, რომ სახელმწიფო შეასრულებდა დანაპირებს „ინტერნეტი სოფლად ყველა ოჯახს“ და გულარხეინად მცირე დროის ამბავი გვეგონა.

ცოტას სახლის შესახებაც მოგიყვებით. წარმოიდგინეთ ქვემო იმერეთი, ვაკე ადგილები, მრავალტონალური მწვანე (აგვისტოში ვიყიდეთ), ძველებური რკინის გისოსებიანი ჭიშკარი, ქვის ყორე,  სახლის კარამდე მიმავალიუსასრულოეზო, დიდ ოთახებიანი სახლი ბელეტაჟზე, „ბალკონით“. უკანაც დიდი ეზო, პატარა ბოსელი და ჭა, ერთი დიდი ქვისგან ნათალი თავით. ადრე ამ ეზოში თურმე მღვდლები ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩვენი მეპატრონის მშობლებს უყიდიათ. ზუსტად არ ვიცი, ვისი ნახელავია, მაგრამ ისეთი რუდუნებით ნაკეთებ რაღაცეებს ვაწყდები ხოლმე ეზოში, მაგალითად კოხტად გამოთლილ ქვებს ქვიჯისთვის (ეს როდიანია, სანაყი, დასავლეთში ასე ვეძახით), თვითონ ქვიჯას, ხის კარის ზემოთ დასაკიდელ ხისგან ნათალ ჩუქურთმას. სახლს რომ ბოლომდე მოვიყვანთ მწყობრში (იმედია მალე იქნება), ამათ ყველაფერს გამოვიყენებ. ისტორია მინდა შევუქმნა აქაურობას.

ეზო თავიდან ძალიან მაღალი სარეველებით იყო სავსე, გვითხრეს ესა და ეს ხსნარი (აღარ მახსოვს სახელი) გამოიყენეთ და სარეველა აღარ გაგეკარებათო. გაგვიხარდა რომ არსებობდა ასეთი რამ, მაგრამ მაინც გადავამოწმეთ ინტერნეტში. თურმე ნუ იტყვით, რომ გამომეყენებინა 50 წლით მოვწამლავდი მიწას. გადავიფიქრეთ. ყველაფერი ნატურალური მინდა ჩემს ეზოში, ბუნებრივი და ჯანსაღი. კარგად დათვალიერების შემდეგ, ეზოში უამრავი ხის კუნძი აღმოჩნდა (ძველ მეპატრონეს ხეხილი და რამდენიმე კაკლის მოუჭრია, 20 მანქანა შეშა გაიტანეს ამ ეზოდანო, მეზობლებმა მითხრეს), რომლებიც უნდა ამოგეღო სპეციალური ტექნიკით და ეზო გაგვესუფთავებინა.

თავდაპირველად სახლში არავინ არ ვრჩებოდით, სასწრაფოდ იყო რაღაცეების მოგვარება საჭირო, თან შეზღუდული თანხებით. მჭირდებოდა – წყლის პრობლემის მოგვარება, სველი წერტილების მოწყობა შეძლებისდაგვარად,ეზოს დასუფთავება და შრომის იარაღები. ძალიან მიყვარს ჩემთვის ფუსფუსი  და რაღაცების ჩემს ჭკუაზე კეთება, შექმნა.

დეიდაჩემმა, როგორც საჯარო მოხელემ, დაიჟინახონის მაჟორიტარსაც დავუკავშირდები, მუნიციპალურ სტრუქტურებსაც, ვაცნობებ შენი გადაწყვეტილების შესახებ, თან დაგვაკვალიანებენ საიდან რა უნდა გავიგოთ, თან ყურადღებას მოგაქცევენ, მარტო აპირებ ცხოვრებას ამ უცხო ადგილას და თან სოფელში ადამიანების დამაგრების პიარისთვისაც კარგი „ქეისი“ იქნებიო.თავდაპირველად საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მიმართა, ეზოს დასუფთავებასთან დაკავშირებით კონსულტაცია ესაჭიროებოდა. იპოვა ცენტრის უფროსის კოორდინატები და  დაურეკა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ბახტაძე იმ დღესვე მოვიდა, მოგვილოცა ახალსახლობა, წარმატებები გვისურვა. დაათვალიერა ეზო, შეგვპირდა მოგიყვანთ ვისაც ეს საქმე ევალება და ყველაფერში მხარში დაგიდგებითო. ძალიან გვეამა. ბატონმა ბადრიმ მეორე დღესვე მოიყვანა კომპეტენტური პირი, მან გადახედა, გადმოხედა ეზოს, დაასახელა ტრაქტორის სახეობები, რომლებიც გვჭირდებოდა და გვითხრა 2500 ლარი დაჯდება ეს საქმეო…. მაგრად გვემწუთხა თანხა. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ სახელმწიფო დახმარება რაში გამოიხატებათქო, აქ მცხოვრებ რიგით გლეხს რომ დასჭირდეს, როგორ გადაიხდისთქო, ვიკითხე გაკვირვებით. სამტრედიის ბაზაში არ გვაქვს თქვენ რაც გჭირდებათ ისეთი ტრაქტორები (არ დამავიწყდეს თქმა, სხვა დროს სხვა სახის დაგვჭირდა და არც ის ჰყავდათ), ამაზე ნაკლებად მაინც არავინ არ გაგიკეთებთო. დავემშვიდობეთ. არაფერი გვითქმავს ერთმანეთისთვის. საღამოს ქუთაისში სუფრასთან რომ დავსხედით აგრარული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან პირველი შეხება ვადღეგრძელეთ.

ბევრ ასეთ ამბავზე უნდა მოგითხროთ კიდე, ოღონდ ახლა დავიძინებ, დაღლილი ვარ და თან დეიდაჩემს გადავუგზავნი ამ ტექსტს, ცოტა თვალი გადაავლოს, რა დავწერე ნახევრად მძინარემ.

P.S.  თქვენც მოყევით ამბები, სოფელი გვაქვს ასაშენებელი, ხომ გახსოვთ?!

აი, ასეთი იყო ირაკლის დღიურის პირველი ფურცელი. მალე ისევ შევხვდებით, თქვენ კი, თუ ხართ ფერმერი, ან იცნობთ სოფლად მცხოვრებ ფერმერს, მოგვწერეთ და ერთად გავაცნოთ გასოგადოებას. GmTV ყველას აძლევს საშუალებას თქვას სათქმელი.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...