Home » მთავარი » “სტაჟირების ახალი პროგრამა წინასთან შედარებით გართულებულია და უფრო მიზანმიმართულია”

“სტაჟირების ახალი პროგრამა წინასთან შედარებით გართულებულია და უფრო მიზანმიმართულია”

პარლამენტის აპარატის უფროსი  გივი მიქანაძე სტაჟიორებს შეხვდა. მათი შერჩევა გასული წლის ბოლოს გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე მოხდა.

„ვფიქრობ, რომ თქვენთვის წელიწადი წარმატებულად იწყება, რადგან დღეს თქვენ უკვე ბრძანდებით საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები. თქვენი მიღება მოხდა   შესაბამისი გასაუბრებისა და შესარჩევი კონკურსის გავლის საფუძველზე. მსურველი  ძალიან ბევრი იყო, მაგრამ აქცენტი თქვენზე გაკეთდა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა დეტალურად ისაუბრა სტაჟირების ფორმატზე და მასში გათვალისწინებულ ორ ახალ კომპონენტზე.

„სტაჟირების ეს ფორმატი არის სრულიად განახლებული მოდელი. ფაქტიურად, პირველად ხდება, როდესაც ასეთ გრძელვადიან სტაჟირების ფორმატში ჩვენ ვნერგავთ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს. ერთი ეს არის მენტორინგის კომპონენტი, როდესაც უშუალოდ სასწავლო პროცესის შემდეგ, დარჩენილი ოცი კვირის განმავლობაში, თქვენ გეყოლებათ კონკრეტული ხელმძღვანელი თქვენს დეპარტამენტებში თუ აპარატებში, სადაც გადანაწილებული ეს ადამიანი  ასევე პასუხისმგებელი იქნება თქვენი საქმიანობის შეფასებაზე. მეორე კომპონენტი სწორედ ეს შეფასებითი ელემენტი გახლავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე პირველად შემოგვაქვს ჩვენს პრაქტიკაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს, როგორც ეს პროგრამითაა გაწერილი,  შესაძლებლობა მექნება ყველა თქვენთაგანს გადმოგცეთ სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატი“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, სტაჟირების ახალი პროგრამა წინასთან შედარებით გართულებულია და უფრო მიზანმიმართულია.

„აქამდე ყველა იღებდა სტაჟირებაში მონაწილეობის სერტიფიკატს. ახლა, ჩვენ ვაპირებთ გავცეთ სამი კატეგორიის – A, B და C  კატეგორიების სერტიფიკატები და თუ ვინ რომელ სერთიფიკატს მიიღებს,  ეს თითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ხუთ კვირიანი სასწავლო პროგრამის მანძილზე, რომელიც უკვე დაიწყო, სტაჟიორები გაეცნობიან პარლამენტს, მის სტრუქტურულ ერთეულებს, საქმიანობას, რის შემდეგაც გაივლიან ტესტირებას.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, სტაჟირების ძველი პროგრამით, სტაჟიორებს არ ჰქონდათ ყოველდღიური გაწერილი პროგრამა და მათ მიერ მიღებული ცოდნა უფრო ზოგადი ხასიათის იყო, რაც ახალი პროგრამით შეიცვალა.

„რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების აღზრდა. ექვსი თვის განმავლობაში თქვენი ცოდნის გაღრმავება და დახვეწა სწორედ ამ მიმართულებებით მოხდება, რაც  ძალიან წარმატებული იქნება.  ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ხარისხზე ორიენტირებული. თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და ჩვენ უნდა მივიღოთ ის დახმარება და მხარდაჭერა, რასაც ყოველი თქვენთაგანისგან ველით. ზოგადად, ყველა პროცესი უნდა იყოს ორმხრივად სასარგებლო. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს თქვენი ჩართულობის იმიტომ, რომ კონკრეტულ კომიტეტებსა და დეპარტამენტებში გარკვეული საქმიანობა უნდა განახორციელოთ“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

Comments

comments

x

Check Also

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა, ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და ვახტანგ სიხარულიძემ, ...