Home » მთავარი » ტარიფები იზრდება!

ტარიფები იზრდება!

„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.

„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. 20 თეთრი თითო აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. ამასთან, 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. პაკეტი „მეტი M“, რომელიც აქამდე 10 ლარი ღირდა, 15 ლარი ხდება (1 GB ინტერნეტით და ულიმიტო SMS-ებით).

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.

„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).

„მაგთის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.

იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (სიჩქარე ორმაგდება).

ტარიფების ცვლილებას „სილქნეტი“ ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაკეტები მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება.

„მარტიდან შეიცვლება ფასები „სილქნეტის“ პაკეტებზე. კომპანია თავის მოხმარებელს შესთავაზებს, არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პაკეტებს. ეს ცვლილება გავრცელდება როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური ქსელის მომხმარებლებზე. გაუჯობესება გულისხმობს უფრო მეტი ინტერნეტის, „ესემესების“, ულიმიტო ზარებისა და სატელევიზიო არხების დამატებას. ახალი პაკეტები იქნება უფრო მომგებიანი, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით მეტ მომსახურებას შეცვლილი ფასების პირობებში.

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტებისთვის შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი – „სილქ პლიუსი“, რომელიც სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვას ითვალისწინებს.

მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიზნით, „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა როგორც ქსელის გაუმჯობესების, ასევე კონტენტის მრავალფეროვნების მხრივ, რაც ემსახურება აბონენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, – აცხადებენ „სილქნეტში“.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ...