Home » ინტერვიუ » ინიციატივა, რომელიც გაგვაერთიანებს და სიღატაკეს დაგვაძლევინებს – შევძლებთ, მხოლოდ ერთად!

ინიციატივა, რომელიც გაგვაერთიანებს და სიღატაკეს დაგვაძლევინებს – შევძლებთ, მხოლოდ ერთად!

საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზის“ ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო საზოგადოებას. სოციალურ ქსელს რომ გადავხედეთ, ვნახეთ რომ ამ ინიციატივამ უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ფონდს მხარდაჭერასაც ბევრი ადამიანი სთავაზობს.

-მალე… ძალიან მალე…მომავლის გზა კიდევ ერთ კეთილშობილურ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს,  ფონდი მომავლის გზის ეგიდით დაარსდება მეგობართა საზოგადოება და მრჩეველთა საბჭო, რომელიც საშუალებას მისცემს ფონდის მეგობრებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვნების მუშაკებს, სამღვდელოების წევრებს, აქტიურ და კეთილ პოლიტიკოსებს, იურისტებს, ექიმებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, წარმატებულ სტუდენტებს გაერთიანდნენ კეთილი მიზნებისთვის, კარგი იდეების განხორციელებისთვის, ქველმოქმედებისთვის.

 მეგობართა საზოგადოება და მრჩეველთა საბჭო ერთიანი ძალისხმევით იზრუნებს სოციალურად დაუცველი ოჯახების კეთილდღეობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მეგობართა საზოგადოების წევრთა შერჩევა დაწყებულია… განიხილება შემოთავაზებული კანდიდატურები..“ – წერს დავით კინწურაშვილი.

ამ თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ ჩვენ  საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზის“ ხელმძღვანელს დავუკავშირდით.

-ბატონო დავით, მომავლის გზის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ და მითუმეტეს ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, არაერთი ღონისძიება, აქცია თუ საღამო გაგვიშუქებია და დღეს მოდით პირდაპირ თქვენს ახალ ინიციატივაზე ვისაუბროთ. როგორ გაჩნდა იდეა და რა მიზანი აქვს “მეგობართა საზოგადოებას”

-მეგობარათა საზოგადოების და მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების იდეა დიდი ხანია მაქვს, ამ თემაზე დაახლოებით ორი წელია ვფიქრობ, მაგრამ ფონდში დატვირთული რეჟიმის და ბევრის სხვადასხვა მიმდინარე პროექტების პარალელურად რთული გახდა ამ იდეის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ დრო არ ითმენს, ყოველწლირად უარსედება საზოგადოების დიდი ნაწილის სოციალური მდგომარეობა, ახლა სწორედ იმის დროა, თუ არა დაგვიანებული, რომ საზოგადოების წინაშე წარვდგეთ ახალი ინიციატივებით, ახალი იდეებით და შემართებით, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა შევძახოთ ერთმანეთს ერთიანობისკენ და ერთმანეთის გადარჩენისთვის

– რა როლი აქვს საზოგადოებას, როგორ შეიძლება გვერდით დაგიდგნენ.

-ყველაზე დიდი ძალა ხალხის ხელშია… ერთიანობა და ერთად დგომა გადაგვარჩენს და დაგვაძლევინებს მცირედით მაინც არსებულ სოციალურ მდგომარეობას. გახსოვთ ალბათ ფონდი “მომავლის გზა” როცა დაარსდა მრავალი წლის წინ ფონდს მხარს უჭრდა საზოგადო ცნობილი სახეები, რომელიც ზრდიდა ფონდის მიმართ ნდობის ფაქტორს, მათი როლი იყო მხოლოდ ის, რომ ფონდს გამოეყენებინა მათი ავტორიტეტი და მათ ხმამაღლა ესაუბრათ იმ მიმდინარე პროექტებზე, რასაც მომავლის გზა ახორციელებდა. ეს იყო ძალიან სწორად მოფიქრებული ნაბიჯი და კარგი ცოცხალი პიარი. იმ წლებში ჩვენ თვეში 800 ოჯახის დახმარებას ვახერხებდით ყოველთვიურად. მეგობართა საზოგადოებას საკმაოდ კარგი და კეთილი როლი ექნებათ. ჩვენ ამით უფრო გავფართოვდებით, გავალთ საზოგადოების უფრო დიდ ფენებში, მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ. ძალიან ბევრია საზოგადო ცნობილი სახე, რომელსაც პურის ფული არ აქვს და მას თბილი სადილი ენატრება. მე ვახსენე 800 ოჯახის დახმრება ყოველთვიურად, იცით,  800 ოჯახში დაახლოებით 300 ოჯახამდე იყო ხელოვანთა მუშაკები, მეცნიერ მუშაკები, პროფესორები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ცნობილი მსახიობები… ჩვენ ბევრი ასეთი ადამიანი გადავარჩინეთ და სიცოცხლე გავუხანგრძლივეთ, ლუკმა-პური ენატრებოდათ და ზამთარში ცივ ოთახებში იყვნენ, იმის გამო რომ მათ არ ჰქონდათ იმის საშუალება, გადაეხადათ კომუნალური გადასახადი, ეს ადამიანები იყვნენ ჩუმად, მათ სხცხვენოდათ ხმამაღლა საუბარი იმ სოციალურ სიდუხჭირეზე, რაც აწუხებდათ.  დღესაც იგივეა, ძალიან ბევრი  საზოგადო მოღვაწე მშიერი ზის სახლში.

ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით იქნებიან ახალი ინიციატივის შესასრულებლად.

-ჩვენს გვერდით იქნება სხვადასხვა სპეციალობების მქონე ადამიანები, ესენი იქნებიან ექიმები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ინფორმაციული ბაზა აქვთ იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ძალიან უჭირთ და ამ საზოგადოებაში მათი ყოფნით ჩვენ შევძლებთ სამედიცინო მიმართულებით სხვადასხვა სახის სამედიცინო სოციალური პროექტების დაგეგმვას. პედაგოგები, მათაც დიდი ინფორმაცია აქვთ, ჩვენ ვიცით რამდენი სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული ბავშვი დადის სკოლაში, მათ უმრავლესობა არის ძალიან გონიერი და ნიჭიერი, თუმცა იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, სადაც უწევთ ცხოვრება, ვერ ახერხებენ ნიჭის რეალიზებას და რჩებიან განათლების გარეშე. ჩვენს მეგობართა საზოგადოებაში პედაგოგთა სიმრავლე მოგვცემს ძალიან დიდ შედეგს, რომ ერთობლივად ვიზრუნოთ იმ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე, რომელთაც სწავლა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ.

პოლიტიკოსები საკმაოდ კარგ როლს შეითავსებენ მეგობართა საზოგადოებაში. ჩვენი ბენეფიციართა დიდი ნაწილი დგას ბიუროკრატიული დაბრკოლებების წინაშე. აწუხებთ არაერთი საკითხი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია,  სწორედ ასეთი საკითხების მოგვარებაში შეგვიწყობს პოლიტიკოსების ჩართულობა ხელს. მათ ერთმანეთის ენა უფრო კარგად ესმით, ჩვენ რომ დღეში ათჯერ დავრეკოთ და მოვითხოვოთ რაიმე უმნიშვნელო საკითხის გარკვევა, შესაძლებელია ათივე ზარის შემხვევაში დავრჩეთ უპასუხოდ, მაგრამ მათ ერთმანეთთან ერთი ზარის განხორციელებით შეუძლიათ პრობლემის მოგვარება და კითხვაზე პასუხის მიღება.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა ადამიანს აქვს რესურსი, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს და ჩვენ სწორედ ამ მეგობართა საზოგადოების გაერთიანებით თითოეული ადამინის რესურს გამოვიყენებთ და შედეგსაც მივიღებთ.

-დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია, გაერთიანება თუ მოძრაობაა-ალბათ მათი გაერთიანებით უფრო მეტი კარგი საქმე გაკეთდება, თუმცა ამჟამად ყველა ცალ-ცალკე მოქმედებს. არის შემთხვევები და ეს ტქვენც იცით, რომ საზოგადოება კარგავს ასეთი ორგანიზაციების მიმართ ნდობას. ხომ არ გეგმავთ ამ მხრივ მუშაობას? ხომ არ აპირებთ გაერთიანების შექმნის სათავეშიც იყოთ?

-ეს საკმაოდ რთული საკითხია, მე დიდი ხანი ვსაუბრობდი საქველმოქმდო ორგანიზაციების გაერთიანებაზე თუ გაერთიანება არა ერთმანეთის გაცნობა მაინც მოგვეხერხებინა. ნაცვლად იმისა, რომ ეს გახარებოდა სხვადასხვა საქველმოქმდო ორგანიზაციებს, პირიქით, რამოდენიმესგან წამოვიდა აგრესია, რისთვის იყო საჭირო ამისთვის დროის დაკარგვა. მიხედეთ თქვენს საქმეს და ჩვენს ჩვენსასო. ყველაზე მეტად მე მიჭირს ურთიერთობა საქველმოქმდო ორგანიზაციებთან, რატომღაც ერთმანეთის კონკურენტად მიიჩნევენ ფონდები ერთმანეთს, ვინ რა საქმიანობას ეწევა კაციშვილმა არ იცის, არ ხდება ერთმანეთთან კომუნიკაცია და ინფორმაციების გაცვლა, არის ხშირი შემთხვევა, რომ კონკრეტულ ოჯახზე მე მაქვს დიდი ინფორმაცია, რომელსაც სულაც არ უჭირს, მაგრამ ნაპოვნი აქვს არსებობის იოლი გზა და ასე იყენებს საქველმოქმედო პროექტებს.

ქაოტური მდგომარეობაა ამ ფონდების სიმრავლით, თუ სიკეთე გინდა აკეთო, სავალდებულო არაა იყო დამოუკიდებელი ფონდი, გაერთიანებით უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ გაჭირვებული ოჯახები და თითოეული ფონდის საქმიანობაც უფრო გამჭვირვალე გახდება, მაგრამ ეს არ უნდათ.  ვფიქრობ ფონდების საკითხი უნდა დარეგულირდეს და კანონის მხრივ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

კონკრეტულად “მეგობართა საზოგადოებაზე და მრჩეველთა საბჭოზე” რომ გვითხრათ-მთელ საქართველოში იმოქმედებს თუ მხოლოდ მომავლის გზის ბენეფიციარებისთვის იიმუშავებს?

-მეგობართა სზოგადოება საქართველოს მაშტაბით იმოქმედებს თუ ფონდი დღემდე დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა ბოლო წლებში რეგიონებში გასვლას და ინფორმაციების მოპოვებას, საზოგადოების მხარდაჭერით ამას ჩვენ შევძლებთ . მოგეხსენებათ რეგიონებში უკიდურესი სიღატაკე და განუკითხაობაა.

-თუ გაქვთ მონაცემები საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ოჯახების, რომლებსაც საზოგადოების გვერდით დგომა სჭირდებათ?

-უმძიმესი მდგომარებაა რეგიონებში. გასულ წლებში მე ვეხმარებოდი ჩემს მშობლიურ რეგიონს, აბაშის მოსახლეობას. ჩვენ დავდიოდით კარდაკარ ოჯახებში, საშინელი სურათი გვხდებოდა, უკიდურესი სიღატაკე და ახლა კიდევ უფრო დამძიმდა მათი მდგომარეობა, ახალგაზრდობისგან დაიცალა სოფლები, მოხუცი, რომელსაც შემორჩენილი აქვს ენერგია, ისიც კი არ რჩება სოფლებში და მიდის იქ, სადაც დღეში თუნდაც ერთი პურის ფულის იშოვის. ამ საკითხს სასწრაფოდ თუ არ მიხედავს ხელისუფლბა, ჩვენ დაგვრჩება დაცლილი სოფლები, მიტოვებული სახლები და იქ არასოდეს არ დაბრუნდებიან, მერე ამ სოფლებს არაბები, ირანელები და სხვა ერი დაეუფლება!  ჩვენი დახმრებით სოფლები ვერ გაძლიერდება, სახელმწიფო უნდა მოვიდეს გონს, რომ გაამაგროს სოფელში გლეხი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის!.

– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი საზოგადოების და ხელისუფლების მიმართ?

-მთვარი სათქმელი ის მაქვს, რომ უნდა გამოვფხიზლდეთ ყველა ერთად… საზოგადოებაც და ხელისუფლებაც. დრო არ არის იმისი, რომ ერთმანეთს გადავაბრალოთ რა ვისი ბრალია, წინა ხელისუფლების თუ ამჟამინდელის, ხალხის, ოკუპანტი რუსეთის თუ მეგობარი ევროპის. დროა ყველამ ერთად ვეძებოთ ჩვენი გარდაჩენის გზა, დავდგეთ ერთად და ერთად გადავლახოთ ყველა კარს მომდგარი პრობლემები. ჩვენ სანამ ესე დაქუცმაცებული ვიქნებით ვერაფრით შევძლებთ წამოდგომას. ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის საზოგადოების პარტიებად დაყოფა. ის ქართული ოცნება და ეს ნაციონალური მოძრაობა, ვიღაც ლეიბორისტი და ვიღაც გირჩის მიმდევარი. ეს არის ყველაზე მარტივი გზა ჩვენი განადგურების და დაშლის. გადავეკიდეთ ერი ერთმანეთის პარტიული სიმპატიების გამო, სიყვარული, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება ერში არ დარჩა. ვინ დაგვიცავს ჩვენ ასეთ ცალცალკე მდგომ ადამინებს. შვილები გვეზრდება, მომავალი თაობა მოდის და ვაძლევთ ძალინ ცუდ მაგალითს ჩვენ თუ არ შევიკრებით, ჩვენი შვილები ვერასდროს შეიკვრებიან და ქვეყანასაც ვერ დაიცავენ! ჩვენს ქვეყანას მარტო სიღარიბის პრობლემა რომ ჰქონდეს, ამას როგორმე დავძლევდით, არასოდეს ყოფილა ბოლო დროს გაბწყინებული და გალაღებული სიმდიდრით, მაგრამ თავი ყოველთვის გაგვქონდა სხვა ქვეყნის გარეშეც. ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ქართველები ერთმანეთს დავშორდით…

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო მრჩეველთა საბჭოს, რაზედაც არ მისაუბრია. მეგობართა სზოგადოების პარალელურ რეჟიმში იქნება მრჩეველთა საბჭო, ჩვენ გვჭირდება რჩევები სხვადახვა მიმართულებით, ჩვენი სოციალური აქტივობა საჭიროებებზე მორგებული და პრიორიტეტული რომ იყოს. თითოეული თეთრი რომ სწორად დაიხარჯოს. იმისათვის, რომ დავგეგმოთ ეფექტური სოციალური პროგრამები, ამაში დაგვეხმარება მრჩეველთა საბჭო, ამავდროულად საბჭო საგარეო ურთიერთობებში დაგვეხმარება.

ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა, გამოგვივა ერთიანობით. ამ ახალი ინიციატივით,  საზოგადებიას ეცოდინება, რომ არის ორგანიზაცია, სადაც მმართველობა აქვს საზოგადოების ფართო ფენას და ეს გახდის უფრო გამჭვირვალეს, უფრო ეფექტური გახდება. ნდობა მეტად გამყარდება,  შემომწირველიც დაცული იქნება, მშვიდად იქნება, რადგან ეცოდინება, რომ მის მიერ გაღებული ერთი გროშიც კი მივიდა იქ, რისთვისაც შესწირა.

-წარმატებებს გისურვებთ და ჩვენც გვიგულეთ გვერდით.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...