You are here
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ჟესტურ ენას და დაქტილოლოგიას შეასწავლიან მთავარი პოლიტიკა 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ჟესტურ ენას და დაქტილოლოგიას შეასწავლიან

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პარლამენტის სასწავლო ცენტრში პარლამენტის აპარატის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ჟესტური ენის და დაქტილის შესასწავლი ტრენინგი ჩატარდა.

სასწავლო კურსის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსი მიესალმა და ტრენინგით გათვალისწინებული თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესწავლის პროცესი იწყება. ძალიან გვეიმედება, რომ ეს პროცესი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა იმ პროცესებზე, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და მომავალშიც იქნება. ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქისთვის პარლამენტი არამხოლოდ ინფრასტრუქტურულად  გახდეს ხელმისაწვდომი, არამედ მათთვის გარკვეული ინფორმაციის  მიღებაც  შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა გაეროს განვითარების პროგრამის კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რაც მათი მხრიდან პარლამენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას მოყვა. გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტის ინიციატივა ორ მიმართულებას მოიცავდა და იგი შეეხებოდა როგორც პერსონალის გადამზადებას, ასევე „მწვანე პარლამენტის“ კონცეფციის დანერგვას და ექსპერტულ დახმარებას.

ტრენინგის გახსნით ნაწილში პარლამენტის აპარატის უფროსმა კიდევ ერთი სიახლის დანერგვის თაობაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცემა. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა უფრო მეტი აუდიტორია მოვიცვათ და ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ გაეცნონ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Comments

comments

Related posts