Home » ბლოგი » ფერმერი ლევან ტაბატაძე – ოჯახს საკუთარ მეურნეობაში შრომით ვარჩენთ

ფერმერი ლევან ტაბატაძე – ოჯახს საკუთარ მეურნეობაში შრომით ვარჩენთ

ზურაბ ხვიჩია

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

თბილისიდან იმერეთში, ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში – მივდივარ. ხარაგაული მცირემიწიანია და აქ სოფლად მაცხოვრებლებს დიდი შრომის ფასად უწევთ ლუკმა-პურის შოვნა. თუმცა შიდა მეურნეობის სწორად დაგეგმვისა და მიზანმიმართული საქმიანობით შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

ხარაგაულის ცენტრიდან სოფელ ისლარში ჯერ მოასფალტებული გზით მივდივარ, შემდეგ ტალახიან აღმართს მივუყვები.

ჩემი მასპინძელი ფერმერი ლევან ტაბატაძის ოჯახია. წინასწარ სწორედ ასეთი წარმომედგინა – მშვიდი, ზრდილობიანი და თავმდაბალი.

„სპეციალობით ვეტერინარი ვარ, – გვიამბობს ლევან ტაბატაძე, -გადავწყვიტე სოფლის მეურნეობა განვავითარო. 27 სული პირუტყვი გვყავს, მოვიშენეთ გერმანული ჯიშის ღორი, ფუტკარი. მიხარია, რომ ჩემ შვილებს შრომა არ ეზარებათ. უფროსი ვაჟი თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში დაბრუნდა და გვერდით გვიდგას. ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებთ. შემოდგომაზე, მოსავლის აღების დროს, დავიხმართ ხოლმე რამდენიმე ადამიანს. ოჯახს საკუთარ მეურნეობაში შრომით ვარჩენთ.“

აღსანიშნავია, რომ პირუტყვის გამოსაკვებად საჭირო საკვებს არ ყიდულობენ. დაახლოებით ხუთ ჰექტარ მიწას საკუთარი შემოსავლებით შეძენილი ტრაქტორით ამუშავებენ და, ძირითადად, სიმინდი მოჰყავთ. ახლახანს ორ ჰექტარზე გააშენესთხილის პლანტაცია, სადაც თივას იღებენ.

ლევან ტაბატაძის ფერმერულ მეურნეობაში წარმოებულ ყველზე დიდი მოთხოვნაა. მისი მეუღლე, ქალბატონი ლამარა ამბობს, რომ ყოველ კვირაში დაახლოებით 30 კილოგრამ ყველს ყიდის. ყველის შეძენის მსურველთა სიას წინასწარ ადგენს.

„თუ საქმე არ გიყვარს, წარმატებას ვერ მიაღწევ – ამბობს ლევან ტაბატაძე, – თითოეულ პირუტყვს ბავშვივით ვუვლი. ყველას თავისი სახელი დავარქვი. დილიდან, პირუტყვის სადგომშიშესვლისთანავე, ველაპარაკები. ისინი გრძნობენ ადამიანის დამოკიდებულებასა და განწყობას. განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. როგორც თითოეულ პიროვნებას აქვს სხვადასხვანაირი ხასიათი – ზოგი რბილია, ზოგი ფიცხი, – ასეა ცხოველებშიც.“

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ხელშესაწყობად სახელმწიფო სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ლევან ტაბატაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთ პროგრამაში ვერ ჩაერთო. ხარაგაულელი ფერმერი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები შეხვდა. კენკროვანი კულტურის გაშენების პროექტში ჩართვასურდა, მაგრამ დებულებაში წერია, რომ ფერმერს მიწაზე თანამესაკუთრე არ უნდა ჰყავდეს. პრობლემაა მიწის ხელახალი რეგისტრაცია.

გარდა ბიოროკრატიული პრობლემებისა, მაღალმთიან სოფელში პირუტყვის მოშენებას ხელს მგლების მომრავლება უშლის. ეს პრობლემა თავს განსაკუთრებით ზამთარში იჩენს.

„ბოლო ორ-სამ წელიწადში მგელმა 21 სული საქონელი შემიჭამა, – ამბობს ლევან ტაბატაძე, – პირუტყვის სადგომთან მოვიდა შუადღისას. ამ მიმართულებით აუცილებელია სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. როგორც ვიცი, ევროპის ქვეყნებშიფერმერებს ეს პრობლემა არ აწუხებთ.“

ლევან ტაბატაძე დაინტერესებულია, რომ ჯანმრთელი პირუტყვი ჰყავდეს. მათ ფერმაში პირუტყვს სახელმწიფოსგან შემოთავაზებული ყველა აცრა ჩატარებული აქვს. ჰემლინთებზე კი თავად მკურნალობს.

ლევან ტაბატაძის ფერმაში მოშენებულ გერმანული, იორქშიდის ჯიშის ღორებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ადგილობრივი ჯიშისგან ძალიან განსხვავებულია და ნაკლებად ცხიმიანი ხორცი აქვს. ლევან ტაბატაძის ფერმაში გაზრდილი გოჭების შეძენის მსურველთა სიაც წინასწარ დგება.

ლევან ტაბატაძის ეზოში ოცდაათამდე ფუტკრის სკაა. ფუტკარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გასულ შემოდგომაზე დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სკაში ტკიპასთან გასამკლავებლად. ოჯახში მუდმივად აქვთ ნატურალური თაფლი. თუმცა, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თაფლის რეალიზაციაა.

„დილით ადრე ვდგებით. ყველას გადანაწილებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი ფუნქციები, – გვიამბობს ლევან ტაბატაძე, – მე და ჩემი მეუღლე ძროხების წველას ვიწყებთ, შვილი და რძალი – ღორების დაპურებას. მთელი ოჯახი მეურნეობის საქმეში ჩართული ვართ. 10 წლის პატარა შვილიშვილიც აქტიურად გვეხმარება.

საქართველოში სოფლად მცხოვრებ ადამიანს, ფერმერული მეურნეობის განვითარება-გაძლიერებისთვის დიდი შრომა სჭირდება. ძალიან გვიჭირს სახლამდე მოსასვლელ გზაზე გადაადგილება, რაც, ფაქტობრივად, ჩვენს შრომას აორმაგებს.წელს ხარაგაულის მერიას გზის რეაბილიტაცია დაუგეგმავს. ეს ძალიან კარგია.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეგვიწყოს, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად, სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შევძლოთ. უმთავრესი, მაინც ჯიშის გაუმჯობესებაა. ასე რომ, თუ გვინდა ძლიერი სოფელი, ევროპული პრაქტიკა ზედმეტი ბარიერების გარეშე უნდა დავნერგოთ.“

ლევან ტაბატაძემ ფოტოს გადაღებაზე თავაზიანი უარი გვითხრა. ამიტომ ჩვენს ფოტოობიექტივში მხოლოდ მისი მეუღლე, საფუტკრე და ფერმები მოხვდა.

Facebook Comments
x

Check Also

შეწყდება თუ არა ავიამიმოსვლები ირანთან- გიორგი გახარია მედიასთან კომენტარს აკეთებს

შეწყდება თუ არა ირანთან ავიამიმოსვლა და რა დამატებით ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხის ფონზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ...