Home » ინტერვიუ » დისიდენტობიდან დღემდე – „სათქმელი იმდენი მაქვს, ხოდა ვიწყებ!..“

დისიდენტობიდან დღემდე – „სათქმელი იმდენი მაქვს, ხოდა ვიწყებ!..“

ფიქრია წიკლაური

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი 80-იანი წლებიდან გახდა. დისიდენტურ მოძრაობას ჯერ კიდევ პატარა ასაკში შეუერთდა. როდესაც შიშის გამო ყველა გაურბოდა კომუნისტური სისტემის საწინააღმდეგოდ წასვლას და  ქართული საქმის კეთებას, სკოლაში, პიონერთა ხელმძღვანელად მუშაობისას ეროვნული იდეოლოგიას ავრცელებდა. ბავშვებმა ზეპირად იცოდნენ ვინ იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. უყვებოდა დისიდენტურ მოძრაობაზე და მისი წევრების თავგანწირვაზე.  ნაზი შამანაურზე და იმ დროს ფსიქიატრიულში უსამართლოდ გამოკეტილ ადამიანებზე მისმა სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ იცოდნენ.  30 წლიანი თავგანწირვის მიუხედავად, დღესაც ისეთ საქართველოს ნატრულობს, როგორიც მერაბ კოსტავას უნდოდა რომ ყოფილიყო. არასოდეს უღალატია თავისი იდეალებისთვის და დღესაც იმ მიზნებისთვის იბრძვის, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად დაისახა.

დღეს მისი საქმიანობა დაფარული ქველმოქმედებაა.  ხელისუფლებებისგან მიტოვებულ ხალხს საკუთარი ხარჯებით უანგაროდ ეხმარება და ადამიანებისგან მიტოვებულ ცხოველებს თავშესაფრებში აპურებს.

GmTV ძალიან საინტერესო რესპოდენტს, არასამთავრობო ორგანიზაცია  “დიადი იმედების ათასწლეულის”დამფუძნებელს ქალბატონი ნანა ხომასურიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნანა, კომუნისტური წყობის დროს სისტემის წინააღმდეგ წასვლა და ეროვნული იდეების  განხორციელება იოლი არ უნდა ყოფილიყო…

–  ამის გამო ბიუროზე ხშირად გავყავდი და საყვედურებს მიცხადებდნენ, მაგრამ არ მწირავდნენ, რადგან ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.  სკოლაში რომ ვერაფერი მომიხერხეს საბალეტო, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადამიყვანეს. ყოველი კვირის ბოლოს მოდიოდნენ და მამოწმებდნენ, ხომ არაფერს „ვაფუჭებდი“. იქაც დავშალე პიონერული ორგანიზაცია და შევქმენი “გორდა”, მისი ემბლემა იყო ფარი და მახვილი. მაშინ ამ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა საკმაოდ დიდი პატრიოტი ბატონი ბარამ ბარამიძე. ის არასდროს არაფერში მიშლიდა ხელს. სამხატვრო ხელმძღვანელი კი მოგეხსენებათ ვახტანგ ჭაბუკიანი იყო და არნახული ქართული სულის მატარებელი სპექტაკლები ჰქონდა დადგმული. იყო დაუმორჩილებელი. თუ მისთვის რომელიმე სპექტაკლი ან კომპოზიტორი მისაღები არ იყო, არაფრით დადგამდა წარმოდგენას. მას უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა, ამიტომ უფრო თამამად ვაკეთებდი იქ ჩემს საქმეს.

-ეროვნული მოძრაობიდან ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მაინცდამაინც ვერ გამოირჩევიან პატრიოტული სულისკვეთებით და ქვეყნისთვის ხშირად საზიანო გადაწყვეტილებებსაც იღებენ. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

-ხელისუფლებას არ უნდა ალბათ, რომ  წარსულში სუფთა, მებრძოლი, ეროვნული ღირებულებების ადამიანი ჰყავდეს.  ვისაც მართლა სტკიოდა თავის ქვეყანა, ქედი რომ ვერ მოახრევინეს, თავიდან მოიშორეს. ზოგმა ვერ დაიცვა თავისი პრინციპები და გააბინძურეს.

ეროვნული მოძრაობის სახელით შევიდნენ პარლამენტში ზვიად ძიძიგური თუ გუბაზ სანიკიძე. სადმე როდისმე მათი ანტიეროვნული პროტესტი გინახავთ? როდესაც შენ მათ ურიგდები, ან შენთვის მიუღებელ შემოთავაზებაში მონაწილეობ, მათ ბინძურ დავალებებს ასრულებ, რა თქმა უნდა ვეღარაფერზე გექნება შენი აზრი და პროტესტი.

ადამიანი, რომელიც მეგობარს უღალატებს და თანამებრძოლს ვერ უერთგულებს, ის სამშობლოსაც უღალატებს. ამიტომ ამ წლებმაც და ადამიანებთან ურთიერთობებმაც  დამანახეს რომ ის, ვინც მაშინ ეროვნულ მოძრაობაში იყო, ალბათ სხვა ამბიციები უფრო ამოძრავებდათ, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენც ეროვნული მოძრაობის წევრი იყავით. არ გაგჩენიათ სურვილი ხელისუფლებაში მოსულიყავით?

ჩუღურეთის რაიონში “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. აქ მოვხვდი ეროვნული ძალებიდან, ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტიიდან. როდესაც დავინახე, რომ იქ ხალხზე ზრუნვის ნაცვლად მიდიოდა ბინძური თამაშები და მეც შემომთავაზეს ჩემთვის მიუღებელი საქმეების კეთება, დავუპირისპირდი მათ,  ხმამაღლა გავაპროტესტე მათი საქციელი და სამ თვეში დავტოვე კოალიცია. მართალია ამის გამო მეც და ჩემი დაც  სამსახურებიდან გაგვანთავისუფლეს და ოჯახის რჩენა ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ვთვლი  ჩვენი პოზიცია მაშინ იყო სწორი. დღესაც ამაყი ვარ, რომ არ გავიყიდეთ. საკუთარი ტყავის გადარჩენის გამო არავინ დავაზარალეთ.

სამწუხაროდ ე.წ. ჩანერგილებიც და ოცნების სახელით მოსულებიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მხოლოდ საზიანო კანონების მიღებით არიან დაკავებული. მათ ამომრჩევლებს კი პროტესტის ღიად გამოთქმის უფლებაც აღარ აქვთ…

– საქართველოში თუ ვინმე მოვიდა პოლიტიკაში, წასვლა აღარ უნდათ. ის  პარლამენტარები, რომლებსაც დღემდე ვერ გაუგიათ რატომ აირჩია ხალხმა, დატოვეს ოცნება და გვამზადებენ, რომ შემდეგ წელს კიდევ როგორმე მოვიდნენ ქვეყნის სამართავად. კმარა, გეყოფათ. წადით! აღარ უნდა ხალხს თქვენი არჩევა! თუ კიდევ ავირჩევთ ამ მარადმწვანე სახეებს, მართლა ყველაფრის ღირსები ვიქნებით, რასაც ესენი გვაკადრებენ.

როდესაც პარლამენტის წევრი ხდები და ხალხის ნდობის მანდატით სარგებლობ, იმის კანონიც უნდა მოქმედებს, რომ ჩემი არჩეული დეპუტატი თუ არ მომეწონა, მას თუ დაავიწყდა თავის მოვალეობები,  უკან გამოვიწვიო. ვინც პარლამენტშია, მარადმწვანე დეპუტატები, დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, ვინც ხელი არ შეუშალა ქვეყანაში არსებულ ამდენ უბედურებას, ვინც ყველაფერზე ხელი მოაწერა და ვისაც ახალ წრეზე უნდათ წასვლა, უნდა მოვითხოვოთ,  აბსოლუტურად ყველას საქმე ამოიწიოს და აეკრძალოთ კიდევ ერთხელ  კენჭისყრის უფლება.

-თავისავე საწინააღმდეგო კანონპროექტზე რომელი დეპუტატი მოაწერს ხელს?

– ხალხი უნდა დადგეს ერთად და ვაიძულოთ მოაწერონ. რატომ აქვთ ამხელა ხელფასები და შემდეგ პენსიები, როცა არასდროს ხალხის გვერდით არ დგანან?  ვთვლი რომ თუ შენ იქ არაფერში არ გამოიჩინე თავი, ვინც შენ აგირჩია, იმათ სასიკეთოდ არაფერი გააკეთე, რატომ უნდა დაგენიშნოს პენსია? რა დამსახურებისთვის? დაანგრიეს ქვეყანა, სამოქალაქო ომი გააჩაღეს 92 წელს და დღეს პენსიები აქვთ დანიშნული და განცხრომით ცხოვრობენ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი, უბრალო ხალხის ხარჯზე ხდება? ისე გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი არსებობით ხელს ვუშლით მთავრობას, ვინც ვაფხიზლებთ, ვინც რამე პრობლემაზე მივმართავთ, ვინც ვაპროტესტებთ მათ მიერ მიღებულ საზიანო კანონებს. ის ადამიანები, ვინც 92 წლიდან პარლამენტის და ხელისუფლების წევრი გახდა, მადლობას უნდა ეუბნებოდნენ ჩვენს ხალხს რომ ამდენი აიტანეს, ტყუილ დაპირებებში აცხოვრეს,  გააქციეს ამდენი ადამიანი ქვეყნიდან, დაღუპეს ერი, ქვეყანა.  დღეს ესენი ამ ყველა უბედურების მოტანისთვის დამსახურებულ პრემიებს იწერენ. მაღალ ხელფასებს და საშვილიშვილო პენსიებს იღებენ.

არის  დღეს ისეთი ძალა საქართველოში, ვინც ყველა ძველ სახეს არჩევნების გზით დაათმობინებს მართვის სადავეებს და თვითონ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში? 

– არც ისე ცოტა ეროვნული სულისკვეთების უნიჭიერესი ახალგაზრდები გვყავს, ვინც თავისი ღირსებით, ქვეყნის სიყვარულით,  საზოგადოების მიმართ პატივისცემით და რაც მთავარია შრომისმოყვარეობით ბევრ რამეს შეძლებენ საქართველოსთვის, თუ არსებულმა ხელისუფლებამ მისცა ამის საშუალება. ამიტომ საზოგადოებამ, ხალხმა უნდა შეცვალოს არსებული რეალობა. ბევრი პატრიოტი ცხოვრობს ჩვენს გვერდით, რომლებიც დღემდე არ შეხებიან პოლიტიკას. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა შემოვიკრიბოთ და გავაერთიანოთ. მე ვთვლი რომ 30 წლის მანძილზე, განსაკუთრებით 2012 წლიდან დღემდე დარჩე სუფთად და არ გაერიო ბინძურ თამაშებში, არ გაურიგდე ქვეყნის შინაურ თუ გარეშე მტრებს, ეს დიდი გმირობაა.

–  როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა ბინძური საქმეა?

– ამ აზრს ვერ დავეთანხმები. თვითონ ჩვენთან გასვარეს პოლიტიკა, თორემ ნახეთ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მმართველები როგორ ზრუნავენ ხალხზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიან და მხოლოდ ხელფასებს ჯერდებიან. საქართველოში კი საოცრება ხდება. აქ სრულად განსხვავებული პოლიტიკური ცხოვრებაა: ვიღაცამ ვიღაცას უნდა მოუსმინოს, ჩაიწეროს, ფარულად გადაუღოს, მერე  აშანტაჟოს.  ეს არის საშინელება.  მაგრამ უფრო საშინელებაა და  ყოვლად მიუღებელია ვიღაცის ბინძური ცხოვრების გამო ადამიანს იჭერდნენ.  ამიტომ ეს რომ არ იყოს, უნდა სუფთა წარსულის ადამიანები ავირჩიოთ, რომლებზეც არავის ექნება კომპრომატი  და არავინ ატრიალებს თავის ჭკუაზე.

როდესაც ასე კარგად იცნობთ ხალხის პრობლემებს და იცით რა სტკივა და რა ჭირდება საზოგადოებას, ალბათ არსებული რეალობის შესაცვლელად პოლიტიკაში მოსვლაზეც გიფიქრიათ?

–  ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციით აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს ხალხი აღარ მოვიდეს ქვეყნის სათავეში. რადგან მათ არც მეგობრობა იციან, არც ურთიერთობა. შენთან ლანძღავენ ვიღაც პიროვნებას და მერე ხედავ რომ ხოტბას ასხამენ. ორღობის პოლიტიკად აქციეს ყველაფერი.

ვაპირებ ჩემი არასამთავრობოს გაფართოებას, რეგიონებში გასვლას ხალხთან უფრო დაახლოვებას. როდესაც გაჭირვებულ  ოჯახებში შევდივარ ვიცი თვითოეული ადამიანის განწყობა, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. სამაჩაბლოს და აფხაზეთის სოფლებამდე ვარ მისული და ვიცი ჩვენს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენივე თანამოქალაქეები რასაც ფიქრობენ და რაც ჭირდებათ.

საქართველოში აუცილებელია 30 წლიანი რეჟიმის შეცვლა. გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრებულებს აღარ უნდა  მივცეთ უფლება პოლიტიკაში მოვიდნენ. ხალხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

კარდაკარ ვაპირებ ჩამოვიარო და ხალხს შევხვდე. ჩუღურეთით დავიწყებ, სადაც 56 ათასი ამომრჩეველია. ახლა მაქვს ჩემი საქმე, ყველაზე მაგარი  ამ ქვეყნად-ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებთ კეთილ საქმეს, საქველმოქმედო აქციებს და ვიღებ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად-ხალხის სიყვარულს!

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...