Home » მთავარი » რა ცვლილებები იქნება წელს ეროვნულ გამოცდებზე

რა ცვლილებები იქნება წელს ეროვნულ გამოცდებზე

რა ცვლილებები იქნება წელს ეროვნული გამოცდების წესებში და რა რჩება უცვლელად. ამ საკიტხებზე განმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გააკეთა.

„ამ ეტაპზე ცვლილებები სავალდებულო გამოცდების ნუსხას არ შეხებია. წელსაც აბიტურიენტები სავალდებულოდ ჩააბარებენ ქართულ ენას და ლიტერატურას, ერთ-ერთ უცხოურ ენას და ზოგადი უნარების გამოცდას. მეოთხე სავალდებულო გამოცდას ისინი აბარებენ იმის მიხედვით  თუ რას ირჩევს უნივერსიტეტის პროგრამა.

მცირე ცვლილება ეხება გრანტებს, თუ კი აბიტურიენტმა სავალდებულო არჩევითი საგანი აირჩია ორი ან მეტი და ერთ-ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის გადალხვა ან არ მივიდა გამოცდაზე, ის მანამდე კარგავდა გრანტის შანსს. წელს ეს შეიცვლა და მას კვლავ ექნება შანსი.  მეორე სიახლე ეხება რამდენიმე საგნის ტესტური დავალების ფორმატს, რომელიც განმარტებულია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ამბობს სოფო გორგოძე.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ცვლილებები დაინერგა განათლების სისტემაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოცდების ახალი მოდელი, რომელიც როგორც  საატესტატო, ისე ეროვნულ გამოცდებს ეხება. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება. 2019 წელი ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება, 2020-ში კი სიახლეები დაინერგება. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გრძელდება და ეს რეფორმის საბოლოო ვერსია არ არის. იქამდე კი დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა არაერთი კრიტიკული თუ მხარდამჭერი მოსაზრება. და მაინც, რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი?

რა იცვლება 2019 წელს?

თუ გასულ წელს მე-11 და მე-12 კლასელებს, ჯამში, 8 საატესტატო გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, წელს მათ ეგრეთ წოდებული CAT-ის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების მიხედვით გასცემს. იმისათვის, რომ მოსწავლემ ატესტატი მიიღოს, ყველა საგანში მისი საბოლოო შეფასება უნდა იყოს დადებითი, რაც, სულ ცოტა, 5 ან მეტ ქულას გულისხმობს. იმ მოზარდებს, რომლებიც შარშან მე-11 კლასში იყვნენ და საატესტატო გამოცდა ვერ ჩააბარეს, ან არ გამოცხადდნენ, შეუძლიათ ატესტატის აღება, თუ მათ ყველა საგანში დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა ექნებათ.

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. აქ მხოლოდ შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, თუკი აბიტურიენტი არჩევით საგნად რამდენიმე დისციპლინას მიუთითებდა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრებოდა, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებოდა, ის გრანტის მიღების შესაძლებლობას კარგავდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მიდგომას უსამართლოდ მიიჩნევს და წელს ამ მიმართულებით ცვლილებას გეგმავს.

რა შეიცვლება 2020 წელს?

2020 წელს მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ქართული ენა-ლიტერატურის და უცხო ენის ჩაბარება ყველა აბიტურიენტს მოუწევს. მესამე სავალდებულო საგანი კი არჩეული მიმართულების მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური დარგის პროფესიის არჩევისას აბიტურიენტი მათემატიკას ჩააბარებს, ჰუმანიტარულის შემთხვევაში კი – ისტორიას.

თუმცა აბიტურიენტი კვლავინდებურად არ იქნება შეზღუდული თავის არჩევანში და სასურველ პროფესიათა ჩამონათვალში როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამების მითითებას შეძლებს. შესაბამისად, ის შეძლებს ერთდროულად ისტორიისა და მათემატიკის ჩაბარებას, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და უნარი აქვს.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში აღარ იქნება უნარების გამოცდა. თუმცა უნივერსიტეტებს შეეძლებათ კონკრეტული მიმართულების მიხედვით დაამატონ ან უნარების გამოცდა, ან ამა თუ იმ სპეციალობაზე მათთვის პრიორიტეტული საგანი. ამავდროულად, უნარების გამოცდა იქნება არჩევით საგანთა ნუსხაში.

2020 წელს შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესიც, რაც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხის გათვალისწინებას გულისხმობს. თუ კონკრეტულად როგორი იქნება საგრანტო დაფინანსების წესი, ამ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობენ. როგორც უწყებაში აცხადებენ,  ახალი მიდგომის ჩამოყალიბებისას აბიტურიენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 2020 წლისთვის მისაღები გამოცდების საკითხების სკოლის პროგრამასთან დაახლოებაც იგეგმება. განათლების მინისტრის განმარტებით, თუ ორიენტაცია კეთდება სკოლაზე, არ შეიძლება სკოლის პროგრამასა და მისაღები გამოცდების თემატიკას შორის დიდი სხვაობა იყოს. ამიტომაც უწყება ამჟამად არსებული განსხვავების მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.

აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის არც წელს და არც მომავალ წელს ქართულთან მიმართებით არაფერი იცვლება. როგორც ამჟამად მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული, მათი ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება. რაც შეეხება ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს, გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი უნარების ტესტის მსგავსად, ოსური ან აფხაზური ენის ტესტს ჩააბარებენ. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო საბაზო განათლება, რომელიც აქამდე 9 კლასით განისაზღვრებოდა, 10 წლამდე გაიზრდება.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...