You are here
„ამ ახალმა სახეებმა ხომ ააშენეს „ოცნება“ და მათი მონახული ,,ახალი სახეები” სულ დაამშვენებს“ ინტერვიუ მთავარი 

„ამ ახალმა სახეებმა ხომ ააშენეს „ოცნება“ და მათი მონახული ,,ახალი სახეები” სულ დაამშვენებს“

ფიქრია წიკლაური

“ქართული ოცნების” ერთ დროს აქტიური მხარდამჭერი, მსახიობი ნანა ხურითი ოცნების  ახალ სახეებზე და კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის დარეგულირების საკუთარ ხედვაზე გვესაუბრება:

“ქართული ოცნება” ისევ ახალ სახეებს ეძებს. დარჩა კი საქართველოში საზოგადოებისთვის ისეთი ცნობილი პიროვნება, ვინც მათ გვერდით დადგება?

–  ძველმა ახალმა სახეებმა ხომ ააშენეს ოცნება და ქვეყანა,  მათი მოძებნილი კიდევ ,,ახალი სახეები” მთლად დაამშვენებენ. ჩვენი ოცნება თვალსა და ხელს შუა გაქრა.

მე პირადად მასეთებს არ ვიცნობ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ისევ გამოვიდნენ, მიმართონ ხალხს, ეხვეწონ, შეპირდნენ რომ გამოასწორებენ თავის შეცდომებს, გაითვალისწინებენ ხალხის მოთხოვნებს, შექმნიან სამუშაო ადგილებს, რა თქმა უნდა იმ 100 ქარხანასაც “ააშენებენ”.  შესაძლოა, საძირკველიც კი აჩვენონ ვიწყებთ მშენებლობასო და ისევ დაუჯერონ ზოგიერთმა ძველმა სახეებმა…  რაც შეეხება ახალ სახეებს, ალბათ დაივლიან   სხვდასხვა პროფესიის მქონე წარმატებულ ადამიანებს, რაც მთავარია მდიდრებს და…  თან პროპორციული არჩევნებია. რატომაც არა, მოუნდება ბევრ ,,ახალ სახეს“ დღეს ყველაზე უზრუნველი საქმიანობა – პარლამენტარობა, დამატებითი შემოსავალი. მოგივა მესიჯი, დააჭერ ღილაკს,  არ მოგივა არ დააჭერ. აღშფოთებულები არ იქნებიან, ხალხზე არ იზრუნებენ. მზა-მზა კანონებს დაგვიმტკიცებენ  და ასე გაატარებენ 4 წელს. თუმცა ვიცი, დღევანდელი პარლამენტის რამოდენიმე  წევრი, რომლებისთვისაც დეპუტატობა დისკონფორტია და რომ არა  ისინი, ბევრ სისულელეს დააკანონებდნენ…

სამწუხაროა ის, რომ ბევრი გულანთებული და  სამშობლოს უკეთეს მომავალზე მართლა მეოცნებე დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში, თავისი გულწრფელობით, ერთგულებით და პატიოსნებით.  ფაქტია რომ ისინი არც ვინმეს ჯინაზე და არც ანგარებით არავის გვერდით არ დადგებიან. ერთადერთი მათი “მინუსი” ისაა, რომ უბრალოდ მდიდრები არ არიან და ანგარშისაც არავინ გაუწევს, ვერც ქვეყნის აღმშენებლობაში მიაღებინებენ მონაწილეობას.  ოცნება კადრებს ჯერ სანთლით ეძებს…  ახლა ერთი სამი დიდი “პროჟექტორი” დაანათონ მთელს საქართველოში და მაშინვე მონახავენ. ბევრი მაინც აღარ ვართ. დაიცალა ქვეყანა.  იცლება პარტია ,რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია. ,,ქართულ ოცნებას“ მოსვლის დღიდან ვაკრიტიკებ.  2013 წელს დავწერე ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აუხდა ,,ქართული ოცნება“-მეთქი. სამწუხაროა, რომ ის პროგრამები გადავყარე, რომლითაც 2012 წლის არჩევნები მოვიგეთ. ნუთუ ასე ძნელია სამ მილიონიანი ქვეყნის მოვლა? ახლა უკვე იმას ვფიქრობ, იქნებ ის დრო  ჯობდა როცა არავინ იცოდა სად იყო საქართველო? თუ გაგვიცნეს, რა მერე?

გარდა კოჰაბიტაციის და შეუსრულებელი დაპირებების კიდევ რა არის ოცნების მიმართ ხალხის უნდობლობის მიზეზი?

– ის სახეები, რომლებიც დღეს  ,,ქართულ ოცნებას“  წარმოადგენენ…

ორი წლის წინ საგურამოში რაც ვიხილე, მას შემდეგ ვთქვი რომ ჩვენი ,,ოცნება თვალს და ხელს შუა ქრება… ახალი წევრების წარდგენისას ჩვენს ,,ბედკრულ’’ საქართველოში მიღებული განათლებით ერთი ახალი სახეც კი  არ დაასახელეს. იმ პერიოდში ეროვნული გამოცდები ტარდებოდა. გავოგნდი, რა სტიმულს აძლევთ ჩვენს სტუდენტებს ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს  მეთქი.  სულ უცხოეთში განათლებული ადამინები რომ  გვყადა ,,იმათ“ და ,,ამათ“ დროს, იმიტომ დალაგდა და აყვავდა ქვეყანა.

როგორ ფიქრობთ, ხალხის ნდობის მანდატით მოსულ უმრავლესობას რატომ აღარ აინტერესებს თავისივე ამომრჩევლის პრობლემა და ზოგადად ქვეყანაზე ზრუნვა რატომ ხდება მათთვის მეასეხარისხოვანი? ამაში უცხოური სპეცსამსახურების ხელი ურევია თუ საკუთარ კომფორტზე ზრუნვის ამბიცია იპყრობთ?

– ეჭვი მაქვს ერთიც და მეორეც…

უკვე მეშვიდე წელია ოცნება ხელისუფლებაშია და ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაცია ისევ მძიმე და უმართავია. მარიონეტული მთავრობები კი ისევ გონორით და ულტიმატუმის ენით გველაპარაკებიან. თქვენ კარგად იცნობთ ორივე ერის მენტალიტეტს. ამ რეგიონებთან კონფლიქტის დარეგულირების გზების თქვენეული ხედვა როგორია?

– ასეთი მძიმე და უმართავი იქნება სიტუაცია მანამ, სანამ ერთმანეთს არ დაველპარაკებით. სანამ ისეთი მიმზიდველი ქვეყანა არ გავხდებით, რომ ჩვენთან აქეთ მოდიდონენ სამუშაოს საძებნელად; სანამ დანარჩენი შენი მოქალაქეები  ეკონომიურად წელგამართული არ გეყოლება; სანამ სიტყვას არ გატეხ და რასაც ხალხს შეპირდები, იმას არ შეასრულებ; სანამ სამართლიანობა იზეიმებს და ქუჩებში მომღიმარი, ბედნიერი ადამიანები ივლიან; სანამ ქვეყნისთვის საზიანო თავსმოხვეულ, უაზრო კანონების მიღებას არ შეწყვეტენ, სანამ აქ მაცხოვრებლებს არ შეუთანხმდებიან იმ იდეოლოგიაზე, რაც ყველა ადამიანისთვის  ახლობელი და მისაღები იქნება;  სანამ სხვისი კარნახით ვატრიალებთ ქვეყანას უკომპასო გემივით, არაფერი გვეშველება… ორივე ერს კარგად ვიცნობ და სამივესაც. ქართველებს ,ოსებს და აფხაზებს. მე აფხაზეთში ქართულ თეატრში ვმუშაობდი 8 წელი. ისინი ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან, ესენი – არა და არც ცდილობენ რამე შეცვალონ. ჩემეულ ხედვაზე ვწერდი 2003 წლამდე, ერგნეთის ბაზრობამ აღადგინა ის ჩატეხილი ხიდი. 2004 წლის ომმა თავისი კვალი დატოვა… შემდეგ 2008 წელი, რომელმაც შეიწირა ადამიანები და ის ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბებული ჰქონდათ 2003 წლამდე. ფაქტია, ძალიან დავშორდით ერთმანეთს, დაგვაშორეს… აბა,მე რა გითხრათ, ეს იმათ კითხეთ უცხოეთში განათლება მიღებულებს, მე ბედკრულ საქართველოში განათლებულმა რა გითხრათ?!

Comments

comments

Related posts