Home » ინტერვიუ » “ვინც საკუთარი ინტერესები ქვეყანაზე წინ დააყენა, თითით საჩვენებელი გახდებიან! შერცხვებათ!”

“ვინც საკუთარი ინტერესები ქვეყანაზე წინ დააყენა, თითით საჩვენებელი გახდებიან! შერცხვებათ!”

ფიქრია წიკლაური

ბოლო დროს ჩვენი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყნისთვის არც თუ სასარგებლო კანონპროექტების მიღება-დამტკიცებით გვაოცებს. იდეები ჩვენს ჩინოვნიკებს ძირითადად უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე უჩნდებათ, თუმცა რა ზიანს მოუტანს  მათი ამოქმედება საქართველოს, ეს ნაკლებად აინტერესებთ.

 საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად საკუთარი კანონპროექტით არაერთხელ მიმართა.

ბატონო ზვიად, თქვენს ორგანიზაციას პარლამენტში გაქვთ შეტანილი კანონპროექტი, სასოფლო-სამეურნეო მიწის მასივების არასასოფლოდ რეგისტრირების გამკაცრებასთან დაკავშირებით. რა ზიანის მოტანა შეუძლია იმ კანონს, რომელიც ამჟამად გვაქვს?

– მართალია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ იყიდება, მაგრამ  საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწას შეუცვალონ კატეგორია არასასოფლოდ და შემდეგ გაასხვისონ უცხოელებზე. უცხოელ მოქალაქეებს კი უფლება აქვთ დაანაწევრონ მიწის ნაკვეთები და გაყიდონ თავიანთ თანამემამულეებზე. მაგალითად, მცხეთის რაიონში 5 არაბული სოფლის გაშენების პერსპექტივა დღემდე რეალურია. ამაზე ჯერ კიდევ 2015 წელს მე და ბატონი სოსო მანჯავიძე ვსაუბრობდით. სწორედ ეს მავნე პრაქტიკა რომ აგვეკრძალა,  ორგანიზაციამ “ერი და სახელმწიფო” შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში (კანონმდებლობის ავტორები გახლავართ მე და ნიკოლოზ კიკნაველიძე). ორი დღის წინ მოხდა ამ საკითხის განხილვა აგრარულ კომიტეტში და მივიღეთ პირობა, რომ გათვალისწინებული იქნება ჩვენი წინადადებები და ხელისუფლების ახალ კანონპროექტში აისახება ჩვენი ინიციატივა.

როგორც წესი, ნორმალურ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს შეიძლება სტატუსი შეეცვალოს იმ შემთხვევაში, თუ მასზე ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება და ნაკვეთი  ხვნა-თესვისთვის უვარგისი გამოდგება, საქართველოში როგორ ხდება?

– ჩვენთან დღეს მოქმედ კანონში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი საჭიროება თუ მოითხოვს, იმ შემთხვევაში ეცვლება კატეგორია მიწას. ამას კი აფასებს მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ  ეს საკითხი მხოლოდ ერთი სამსახურის კომპეტენცია არ არის და ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებლად  ჩართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებიც.  უნდა შეიქმნას კომისია და ამ კომისიამ უნდა განიხილოს  კატეგორიის შეცვლის საკითხი. შემდეგ კი თუ დადებენ დასკვნას, რომ აუცილებელია ამ მიწის არასასოფლო სამეურნეოდ გადაყვანა, რადგან  გამოყენებულ უნდა იქნას კონკრეტული მიზნისთვის – აშენდეს ფაბრიკა-ქარხანა, ან სამაცივრე მეურნეობა, მაშინ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ ხელს არ ვუშლით ინვესტიციებს, მაგრამ ის, რომ იქ ვიღაცამ კატეგორია შეუცვალოს და შემდეგ გაყიდოს,  უცხოელების სოფლები გაშენდეს და არამიზნობრივად მოხდეს მისი გამოყენება ეს კატეგორიულად მიუღებელია.

თქვენ პარლამენტს დემოგრაფიული საბჭოს შექმნის ინიციატივითაც მიმართეთ…

– ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა. როგორც ერი გადაშენების პირას ვართ.  მიმდინარე წლის 25 იანვარს ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს მივმართეთ წინადადებით, რომ შექმნილიყო დემოგრაფიული საბჭო, ისევე როგორც წლების წინ შეიქმნა „გენდერული თანასწორობის საბჭო“ და დღემდე  მუშაობს. მე დავინტერესდი 2019 წლის ბიუჯეტით  და გავარკვიე რომ არამიზნობრივად ძალიან დიდი რაოდენობის თანხები იხარჯება. საუბარია ასეულ მილიონებზე. ამიტომ, ჩვენს ინიციატივაზე უარს თანხის უქონლობის გამო ნურავინ იტყვის. თუ იქნება სურვილი, სახსრებიც იქნება მოძიებული. ქვეყნის მთავარი პრობლემისთვის საჭირო და აუცილებელია შეიქმნას ეს საბჭო. კანონი ავალდებულებს საჯარო სამსახურებს, რომ წერილით მიმართვის შემდეგ ერთ თვეში ოფიციალური პასუხი გაგვცენ, თუმცა პასუხი დღემდე არ ჩანს. როდესაც გაეროს საგანგაშო დასკვაა და ერი გადაშენების პირასაა, ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან უნდა ხდებოდეს ამ საკითხზე რეაგირება.

ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს არ სცალია ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილების გზებზე იფიქროს, სამაგიეროდ მომავალი თაობების უფლებებზე “ზრუნავს”. როგორ ფიქრობთ, გაამართლა ე.წ. იუვენალურმა იუსტიციამ საქართველოში?

– ნორმალურ ქვეყანაში ახალი კანონი მიღებული უნდა იყოს საჭიროებისამებრ. ჩვენთან კი პირდაპირ გადმოღება-კოპირება ხდება სხვა ქვეყნის პრაქტიკიდან. არ შეიძლება ყველა ქვეყანას ჰქონდეს ერთნაირი კანონმდებლობა, რადგან ყველა ერს თავისი წარსული აქვს, თავისი აწმყო, ეკონომიური მდგომარეობა და გეოგრაფიული მდებარეობა განასხვავებს სხვა ქვეყნებიდან, ამიტომ ესა თუ ის კანონი მორგებული უნდა იყოს საკუთარ ქვეყანაზე და წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საკუთარ ხალხთან, რომ შემდეგ კონფლიქტი არ წარმოშვას.

სანამ ამ კანონპროექტს მიიღებდნენ, მე ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ ეს საკითხი ისე არ იმუშავებდა, როგორც მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში. კანონმდებლობაში არ უნდა იყოს ისეთი მუხლები ჩაწერილი, რომელიც დიდი საფრთხის შემცველია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს. მე მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ჩვენი კანონმდებლობა თავსმოხვეული, ძალდატანებითი კანონებისგან გაიწმინდება.

ხშირია  შემთხვევები როდესაც ამ კანონის საფუძველზე ოჯახებს შვილებს ართმევენ?

– სოციალურ მუშაკს ერთპიროვნულად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია ბავშვი ჩამოართვას ოჯახს. ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, კანონში ძალადობის ერთ- ერთი სახეა უგულვებელყოფა! უგულვებელყოფა კი კანონში განიმარტება შემდეგნაირად: „მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა” და სხვა… მაგალითად თამაშის დროს  ბავშვმა თუ ხელი ან ფეხი მოიტეხა, ან სულაც ნაყინი შეჭამა და ყელი გაუცივდა, ესეც საფრთხისგან დაუცველობად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, არ უნდა იყოს კანონში ბუნდოვანი მუხლები. ამ კანონის მიღების შემდეგ დამოკიდებული ვართ სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე. არ არის გამორიცხული რომელიმე მათგანმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით  ბოროტად გამოიყენოს თავისი სამსახური. მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა და  მხოლოდ სასამართლოს უნდა ჰქონდეს ოჯახიდან ბავშვის ჩამორთმევის უფლება.

– პარლამენტი ბავშვთა უფლებების დაცვის ახალ კოდექსზე მუშაობს. აქაც ხომ არ არის ისეთი მუხლები ჩადებული, რაც ზიანს მოუტანს მშობელს და ზოგადად ბავშვს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვამ, შესაძლოა პირიქით, მოზარდის ფაქიზი სული დააზიანოს?

– კანონპროექტი განხილვის პროცესშია და როგორც მივიღეთ პირობა კომიტეტის თავმჯდომარისგან  ქ–ნ სოფო კილაძისგან, ამ განხილვაში ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები  და მიუღებელი საკითხები იქნება შესწორებული ან ამოღებული.  არის კოდექსში ისეთი საკითხები, რასაც არ ვეთანხმებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყველა მიუღებელი საკითხის განხილვა უნდა მოხდეს არგუმენტირებულად  და დასაბუთებულად.

– მას შემდეგ რაც თქვენი ინიციატივით უცხოელებზე მოქალაქეობის მიღება გამკაცრდა, დღის წესრიგში  ბინადრობის აკრძალვის მოთხოვნა დგას. ვხედავთ, რომ აზიური ქვეყნების მოქალაქეები ჩვენს დედაქალაქს ნელ-ნელა, უბრძოლველად იპყრობენ. რა ეტაპზეა პარლამენტში განსახილველად შეტანილი თქვენი კანონპროექტი, რომელიც ბინადრობის გაყიდვის უფლებას კრძალავს? 

– ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი. (შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ინიციატივა ითვალსიწინებს უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 35 ათასი დოლარის ნაცვლად 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენას.)  თუ ასე გაგრძელდა ბინადრობის გაყიდვა, ჩვენ ქართველები მალე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ეს წარმოდგენილი კანონპროექტი ამ პრობლემის მოგვარებას და გამოსწორებას კი ვერ უზრუნველყოფს, ეს არის სამშენებლო კომპანიების კანონპროექტი, რომელშიც ორმაგი სარგებელია ჩადებული. პირველი ის, რომ ახალ მიგრანტებს უნდა მიყიდონ ახალაშენებული ბინები და ვისაც 100 ათას დოლარამდე დღემდე აქვთ ნაყიდი, ისინი იძულებული იქნებიან,  იყიდონ ბინები რომლებიც 100 ათასზე მეტი ღირს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ სასწავლო, საინვესტიცო თუ სამუშაო ნებართვა თუ სურთ,  მობრძანდნენ, კი ბატონო და აიღონ გარკვეული პირობებით, მაგრამ ჩვენი შვილების მომავალი არ იყიდება! უცხოელისთვის უძრავი ქონების ყიდვა არ უნდა იყოს  ბინადრობის უფლების მოპოვების საფუძველი. ჩვენი დემოგრაფიულ-ეთნიკური ბალანსი არ უნდა შეიცვალოს. ეს კანონპროექტი 24 ოქტომბერს შევიტანეთ პარლამენტში და მხოლოდ ერთ კომიტეტშია განხილული. იმედია სხვა კომიტეტებშიც მოხდება განხილვა და მალე  გავა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისათვის.

 ქვეყნის მომავლისთვის  საზიანო კანონების მიღებას პარლამენტი რატომ უწყობს  ხელს?

– ეს კანონპროექტი წარადგინა “ქართული ოცნების დეპუტატმა” ივლიანე წულაიამ, რომელიც 2016 წლამდე იყო სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი. პარლამენტში შესვლის შემდეგ კი აღარ შეეძლო ამ პოსტზე დარჩენა და სავარაუდოდ, ახლობელს გადააბარა და  დღემდე აქვს ინტერესები ამ სფეროში. მათი ლოგიკით, სამშობლოს იაფად 35 ათასად ვყიდით და  მოდით 100 ათას დოლარად გავყიდოთო. როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხდა ამ საკითხის განხილვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კომიტეტის წევრები.  ძალიან კარგად ხვდებოდნენ და აცნობიერებდნენ  ქვეყნის მომავლის წინაშე არსებულ საფრთხეს და არ უნდოდათ გაენაწყენებინათ ჩვენი ქვეყნის 35 ათასი ხელმომწერი, (რომელიც ახლდა ჩვენს კანონპროექტს).  მოსახლეობის განწყობაც მათთვის კარგადაა ცნობილი. უმრავლესობა ერთსულოვანია ამ საკითხში, თვით “ნაციონალური მოძრაობაც” იმ აზრზეა, რომ ბინადრობა არ უნდა გაიყიდოს, ამიტომ ღია კენჭისყრაზე როდესაც დადგა ეს საკითხი, წინააღმდეგი ვერ წავიდნენ, არც მხარი დაუჭირეს და  არც თავი შეიკავეს. საბოლოო ჯამში თავისი კოლეგის წინააღმდეგ მაინც ვერ წავიდნენ და ქვეყანა ანაცვალეს კოლეგიალურობას.

ოჯახზე, მეგობრობაზე და შვილებზეც კი მაღლა დგას საკუთარი ქვეყანა.  ამიტომ თამამად უნდა გადააბიჯონ ამ ბარიერებს, რადგან მუდმივი არაფერია. კომუნისტური პარტია და მოქალაქეთა კავშირი დაიშალა,  ადრე თუ გვიან ქართული ოცნებაც ჩამოშორდება ხელისუფლებას  და ისინი, ვინც საკუთარი ინტერესები ქვეყანაზე  წინ დააყენა,  ვინც სამშობლოს  კოლეგიალურობა ამჯობინა და საქართველოში ქართველების ეთნიკურ უმცირესობად დარჩენის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, თითით საჩვენებელი გახდებიან. სამართლებრივ პასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ, მათ წმინდა ადამიანურად  შერცხვებათ საზოგადოებაში გამოჩენა.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...