Home » ინტერვიუ » “მთავარია ნებართვა მოიპოვო! არავის ადარდებს ხალხის ბედი და ხვალინდელი თბილისის მომავალი”

“მთავარია ნებართვა მოიპოვო! არავის ადარდებს ხალხის ბედი და ხვალინდელი თბილისის მომავალი”

გასაცრელი ბადიდან მტვერი დაეყარა მოქალაქეს და 3 ათასი  ევროთი დაგვაჯარიმეს… რადგან ქალბატონმა დრო დაკარგა ტანსაცმლის გამოცვლაში

ფიქრია წიკლაური

თბილისში მშენებლობების ბუმს კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. თითქმის კვირა არ გავა დედაქალაქში თავნება სამშენებლო კომპანიების ამბიციებს ვინმე არ ემსხვერპლოს. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მერიის შესაბამისი სამსახურების გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაში. არ არსებობს რეგულაციები, უსაფრთხოების ნორმები და გეოლოგ-სეისმოლოგების მიერ გაცემულ დასკვნებს არავინ აკონტროლებს. შესაბამისად, საზოგადოებაში მყარდება გავრცელებული ეჭვები იმის შესახებ, რომ   დამკვეთი მშენებლობის დაწყებამდე  ასაშენებელი ფართის  ექსპერტიზას ფარატინა ქაღალდზე დაწერილი ყალბი დასკვნის საფუძველზე ყიდულობს.

მთავარია მოახერხო და შეიძინო  600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ჩადგა “ბუტკა”, გააკრა აბრა და დაიწყო მშენებლობა. უფლება გაქვს ნაშალ მიწაზეც კი ააშენო,  ან თუნდაც მთაწმინდა გადათხარო, მთავარია ამის ნებართვა მოიპოვო და არავის ადარდებს ხალხის ბედი და ხვალინდელი თბილისის მომავალი.

სამშენებლო სფეროში გამოცდილი ბიზნესმენი ბესარიონ მუკბანიანი დედაქალაქში მშენებლობებზე არსებულ მძიმე სიტუაციებსა და რეგულაციების არარსებობაზე გვესაუბრება:

– 2002 წლიდან სამშენებლო სფეროში ვარ და რამდენიმე თვის წინ წამოვედი ამ ბიზნესიდან. დღევანდელი დღის მდგომარეობით სამშენებლო სფეროზე არის სრული მონოპოლია. მიზანმიმართულად ხდება სხვა, ფინანსურად ძლიერბიუჯეტიანი სამშენებლო კომპანიების  დაბლოკვა. არიან მხოლოდ ერთეული კომპანიები, რომლებიც მართავენ დღეს საქართველოში სამშენებლო ბიზნესს.

როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, ქალაქ ბარსელონაში მაქვს სამშენებლო სფეროში ხუთწლიანი გამოცდილება. მაქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებთან ამ დარგში და ის რაც საქართველოში ხდება, არც ერთ ქვეყანაში ასეთი განუკითხაობა და ზერელე დამოკიდებულება არ არის მშენებლობებთან დაკავშირებით.

ჩვენთან კვირა არ გავა, რომ სამშენებლო ბუმს და რეგულაციების არარსებობას ახალგზარდა არ შეეწიროს.

უსაფრთხოებას და მის დამცავ ნორმებს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება. არ არსებობს არანაირი რეგულაციები დამცავ ბადეებზე, შეფუთულ ხარაჩოებზე, სათადარიგო კიბეების აუცილებლობაზე. უნდა იყოს ჯარიმები დაწესებული, რომ ვეღარ გაბედონ და სიფრთხილით მიუდგნენ ამ საქმეს სამშენებლო კომპანიები. ასევე ყურადღებაა მისაქცევი მუშების აღჭურვილობაზე.  ყურსაცობები, კასკები, სპეცფეხსაცმელი, ეს ხომ ელემენტარულია, რასაც მომსახურე პერსონალი უნდა იყენებდეს?!  მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ეს ელემენტარულიც არ აქვთ ამ სფეროში მომუშავეთა 95%-ს.  ეს არის ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი და ჩემდა გასაკვირად რატომღაც არავინაა დაინტერესებული წესრიგით და ნორმების დაცვით. მთავარია მშენებლობის ნებართვა მოიპოვონ და მორჩა. ყველა ვალდებულებებისგან თავისუფალნი არიან.

ხშირად თუ ერთმანეთის გვერდით ორი 600 კვ.მ-იანი მიწის ნაკვეთი შეიძინეს, ჩვენს სამშენებლო კომპანიებს მადა ეზრდებათ და ორივე ადგილას მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ. დღევანდელი კანონმდებლობა ფართობზე რეგულაციებს არ ითვალისწინებს?

სამწუხაროდ რეგულაციები არც ფართობის მიხედვით არსებობს და ესეც გადასახედია. არ შეიძლება 1000 კვ.მ და უფრო ნაკლებ ფართობზე 16 სართულიანი კორპუსის აშენება, თან არც პარკინგზე ზრუნავ, არც გამწვანებაზე ფიქრობ. სად უნდა გააჩერონ იქ მაცხოვრებლებმა საკუთარი ავტომანქანები, ან სად უნდა ათამაშონ ბავშვები?

მე ვფიქრობ ნებართვა არ უნდა გაიცეს ისე, რომ ერთ კორპუსს ორი სართული საპარკინგე ადგილი მაინც არ ჰქონდეს. ვთქვათ პირობითად აფასებ შავ კარკასს 600 დოლარს, დაამატე იმას 50 დოლარი და სავალდებულო გახადე ყველა ბინას ჰქონდეს მინიმუმ ერთ მანქანაზე გათვლილი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი, მიუხედავად იმისა, ოჯახებია, 3-4 მანქანა ყავთ. მთავარ მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემისას და  ბინის ექსპლუატაციაში ჩაბარებისას ეს უნდა იყოს. ეს იქნება ქალაქის განსატვირთავად იდეალური ვარიანტი. ასევე ბინის ფართის მიხედვით უნდა დაწესდეს რეგულაცია, რაც უფრო მეტია ფართი, უფრო მეტი საპარკინგე ადგილი იყოს ერთ ბინაზე გამოყოფილი.

რამდენად მოწმდება კომპეტენტური პირების მიერ მშენებლობისთვის გამოყოფილი ფართი უსაფრთხოების თვალსაზრისით?

– დღეს როგორც არის მიღებული, ორ საათში დასკვნებს დებენ და ეს პრაქტიკა უნდა აუცილებლად  აიკრძალოს. ადგილმდებარეობის და ქანების  საფუძვლიანად შესწავლას ერთი თვე მაინც  ჭირდება. სეისმოლოგიურად, გეოლოგიურად  უნდა იყოს გამოკვლეული, რამდენად სანდო ადგილას შენდება ესა თუ ის საცხოვრებელი კორპუსი.

უცხოეთშიც ასეა? – არ ადარდებს სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების ბედი და სამშენებლო კომპანიებს ლობირებს?

– უცხოეთში თუ სპეციალური ნებართვა არ გაქვს შესაბამისი უწყებიდან, შაბათს და კვირას ობიექტზე სამუშაოდ ვერც ერთ მუშას და ხელოსანს ვერ შეიყვან. ჯარიმები 15 ათასი ევროდან იწყება. ორშაბათიდან პარასკევი დღის პირველ საათამდე გაქვს მხოლოდ მუშაობის უფლება. პარასკევს შუადღის შემდეგ თუ მოინდომებ მუშაობის გაგრძელებას, აუცილებლად ახსნა-განმარტებით უნდა მიმართო მთავრობას, თუ რატომ გინდა დასვენების საათებიც სამუშაოდ გამოიყენო. ამისთვის მათ უნდა მოგცენ ნებართვა. სამშენებლო კომპანიაში ყველა თანამშრომელთან, თითოეულ მუშასთან იდება კონტრაქტი, ყველა წესი და რეგულაცია მკაცრად კონტროლდება. თუ ყურსაცობი ან კასკა არ ჰქონდა პერსონალს, გაფრთხილებას იღებს, შემდეგ ჯარიმას და მესამედ უკვე ათავისუფლებენ სამსახურიდან. აღარაფერს ვამბობ იმ რეგულაციების არსებობასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე,  რომელიც საქართველოში საერთოდ არ არსებობს.

ერთხელ ასეთი რამ შეგვემთხვა, საცრელი ბადიდან ჩაის კოვზისოდენა მტვერი დაეყარა მოქალაქეს, დავჯარიმდით სამი ათასი ევროთი, რადგან ქალბატონი მიდიოდა სამსახურში და ჩვენი უყურადღებობის გამო ის დაბრუნდა სახლში, ტანსაცმლის გამოსაცვლელად და დრო დაკარგა.

სამშენებლო მასალებზე რას იტყვით, რამდენად სანდო და ხარისხიანია ასაშენებლად?

– არის მასალა, მაგალითად არმატურა, რომელიც  უცხოეთიდან შემოტანილი უფრო გაცილებით მყარი და ხარისხიანია, ვიდრე საქართველოში ნაწარმოები. აქ ნაწარმოები იმსხვრევა, დრეკადობა არ აქვს. საქართველოში წარმოებულმა მხოლოდ მინა-ბოჭკოვანმა არმატურამ გაამართლა, რადგან ევროპული სტანდარტებით და ტექნოლოგიებით იწარმოება.  ექსპერტიზით, უცხოეთიდან შემოტანილზე ბევრად უკეთესი, სამჯერ ძლიერი აღმოჩნდა და რკინასთანაც იდეალურად მუშაობს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაციებისა, სათანადოდ და მკაცრად უნდა შემოწმდეს სამშენებლო მასალების ხარისხიც და ამაში დაინტერესებული უნდა იყოს სახელმწიფო. ბეტონი მშენებლობაში გამოყენების შემდეგ 70 წელი მყარდება, მაგრამ შემდეგ ხარისხობრივად კარგავს სიძლიერეს. უნდა დაწესდეს შენობის ექსპლოატაციის ვადებიც.

არცერთი დღით და საათით აღარ უნდა გადაიდოს უსაფრთხოების დაცვაზე რეგულაციების შემოღება, მასალის ხარისხის კონტროლი, მუშების და ხელოსნების აღჭურვილობაზე ზრუნვა. უნდა გასამმაგდეს ჯარიმები რომ სამშენებლო კომპანიები  ყურადღებით მოეკიდონ თავის დაკისრებულ ვალდებულებებს.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...