You are here
საზოგადოება საჭიროებს შედეგებს! სწორი აქცენტებია გასათვალისწინებელი!” ეკონომიკა მთავარი 

საზოგადოება საჭიროებს შედეგებს! სწორი აქცენტებია გასათვალისწინებელი!”

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია

-ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა. ამასთან, პრობლემებზე საუბრობს ყველა, ხოლო პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებსა და მიდგომებზე კი ცოტა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემებია: ტერიტორიების დაბრუნება, სიღარიბე და მმართველობის არაეფექტიანობა. ამასთან, პრობლემებზე რა შელამაზებულადაც არ უნდა ვისაუბროთ, პრობლემებია ყველა სფეროსა და ყველა ეკონომიკურ სექტორში. თუმცა, პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ადამიანური რესურსი ან სამსახურიდან გააქციეს ან ქვეყნიდან (სამუშაოს საძიებლად).

ამიტომ, არსებული პოლიტიკური მოცემულობის ფონზე განვიცდით კადრების დეფიციტს, ვხედავთ მხოლოდ გადაუჭრელ პრობლემებს, ვგრძნობთ მხოლოდ უპერსპექტივობას, აღვიქვავთ მხოლოდ უიმედობას.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს ერთნაირი პრობლემა: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები (აღარ ვსაუბრობ ტექნოლოგიურ, კლიმატურ და სხვა გამოწვევებზე). ქვეყანაში მცირეა შემწეობების, სოციალური პაკეტებისა და პენსიების მოცულობა. მაღალია მოქალაქეების ხარჯი კვების პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე. თუმცა, ქალაქის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული მდგომარეობის კუთხით შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.

ქვეყანაში, ძირითადი პრობლემები გვიჩვენებს შემდეგს:

  • ქალაქის მოსახლეობის ძირითადი პრობლემებია: უმუშევრობა, უფულობა და ოჯახის რჩენის პრობლემები, განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივების არქონა, შემცირებული კეთილდღეობა;
  • სოფლის მოსახლეობის ძირითადი პრობლემებია: უმუშევრობა, წყლის ინფასტრუქტურის მოწყობა, ტრანსპორტი, გზა, ტელელკომუნიკაცია, ინტერნეტის ხარისხი, ბანკომატები (ფულის განაღდებისათვის ქალაქში რომ არ წავიდეს), მოსავლის მოყვანისა (სუბსიდიების გაუქმების გამო) და შემდგომ მისი გასაღების პრობლემა, ახალგაზრდა უმაღლეს დამთავრებულ პირთა უმუშევრობა (სახელმწიფო მათზე ფულს ხარჯავს და ვერ იყენებს) და რეგიონში დასაქმება.

სამწუხაროდ, ქვეყანას აქვს არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ფულადი რესურსის პრობლემები, არამედ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ორგანიზაციული პრობლემები. პრობლემების გადაჭრა საჭიროებს არამხოლოდ მორალური და ტექნიკური ხასიათის მიდგომებს, არამედ ორგანიზაციულ, ინტელექტუალურ და აკადემიურ მიდგომებს.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ქვეყანაში პოპულარული პოლიტიკური აქტივობაა მოსახლეობასთან შეხვედრა მათი პრობლემების მოსმენის მიზნით.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ტელე-რადიო, ბეჭდვითი თუ ინტერნეტ მედია მუდმივად საუბრობს ქვეყნის ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, ქვეყანაში უფრო მეტად გვჭირდება პრობლემების მომგვარებელი პოლიტიკოსები და მმართველები.

აღნიშნულ ფონზე, პოლიტიკურმა გარემომ თავი უნდა გამოიჩინოს არამხოლოდ პრობლემების მოსმენით, არამედ პრობლემების მოგვარებით.

საზოგადოება საჭიროებს შედეგებს: პრობლემების გადაჭრის ქმედით გზებს, შესრულებულ პროგრამებსა და განხორციელებულ პროექტებს.

მიზანშეწონილია ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის აქცენტი გაკეთდეს ახალი პოლიტიკური მოცემულობისა და სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების შექმნაზე, ვიდრე მხოლოდ ტრენინგებსა და კადრების გადამზადების კომპონენტებზე.

ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში არ იქმნება სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები:

  • შეუსწავლელია ეკონომიკის სექტორებში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა;
  • შეუფასებელია ტრანსპორტის (გზა, რკინიგზა, პორტი და აეროპორტი), ტელეკომუნიკაციის, წყლისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა;
  • გამოუკვლეველია პრობლემების გადაჭრით მიღებული სარგებლის სიდიდე და განვითარების მასშტაბი;
  • გაურკვეველია მმართველობითი ეფექტიანობის „საზომი“. მცირეა სახელმწიფო პროგრამები და პროექტები. ამიტომაც, ზოგადად ვიცით პრობლემები და კიდევ უფრო ზოგადად პრობლემების გადაჭრის გზები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობით ეფექტიანობას განსაზღვრავს ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარება: ტერიტორიების დაბრუნება და სიღარიბის გადაჭრა.

ჯამში აღვნიშნავ, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის საჭიროა რევოლუციური ცვლილებები გაატარდეს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, საზოგადოებრივ აქტივიზაციასა და მუშაობის რიტმში. ასევე, პოლიტიკურ არენაზე წარმოჩინდეს პრობლემების გადაჭრის რესურსის მქონე პირები.

დასასრულს დავძენ, რომ პრობლემებზე საუბარის დრო დამთავრდა, ახლა საჭიროა პრაქტიკული ქმედებები, ეკონომიკურად და მორალურად მოშლილი პოლიტიკური მოცემულობის „დალაგება“, ქვეყნის განახლება და სრული გადაპროექტება. ამასთან სტატიაში ნაჩვენები პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მიდგომები, საჭიროებს ახალ ადამიანურ რესურსსა და პოლიტიკურ ძალას.

Comments

comments

Related posts