You are here
„ღიმილი ცრემლებს მალავს, სახლამდე მანძილი ტირილით ილევა და მაინც ლამაზია დღე…“ მთავარი საზოგადოება 

„ღიმილი ცრემლებს მალავს, სახლამდე მანძილი ტირილით ილევა და მაინც ლამაზია დღე…“

„ჟოლოს“ რედაქტორი დეა თავბერიძე უკვე თვეებია მოხუცების გახარებაზე ზრუნავს და მათთან ერთად ატარებს ერთ ლამაზ და ამავე დროს რაღაცნაირ სევდაშეპარულ დღეს. დეა მადლობას უხდის ჩაის სახლი ქიაჩელზე ალთჰაუსი – ს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი მოხუცებს ახარებენ, არამედ იმისთვისაც, რომ სწორედ ის აირჩიეს ამ კეთილი საქმის ორგანიზატორად.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს დეას ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ჩაის სახლის დირექტორმა დაურეკა და ორგანიზებაში დახმარება სთხოვა. დეაც სიამოვნებით დათანხმდა, აბა სიკეთის კეთებაზე კარგი რაღა უნდა იყოს…ეს სექტემბერში იყო და მას მერე, თვეში ერთხელ „ჩაის სახლში“ ერთი დარბაზი იმისთვის იკეტება, რომ ხანდაზმულთა სახლის მოხუცებს გემრიელობებით გაუმასპინძლდნენ.

 

„ჩაის სახლი“ – სადილი ყველა მოხუცისთვის

„ჩაის სახლში“ მოხუცების გამასპინძლება გრძელდება <3დღეს „კათარზისის“ საყვარელმა მოხუცებმა მოილხინეს 🙂 <3

Gepostet von Jolo-ჟოლო am Samstag, 15. Dezember 2018

დანარჩენს კი თავად დეა მოგიყვებათ:

-ყავარჯენს დაყრდნობილი შემოიყვანეს გოგონებმა და მაგიდასთან დასვეს. ჯერ ამოიოხრა, მერე დარბაზს შეავლო თვალი და სახე გაუნათდა – ეს რა უცხო და სასიამოვნო გარემოაო.
მოგწონთ? – ვეკითხები ღიმილით.
ძალიან ბებო, ძალიან, – მიბრუნებს ღიმილს და მზერა ჭერზე გადააქვს, დიზაინს იწონებს – ეს რა უცნაურად და ლამაზად მოუფიქრებიათო.
ყავარჯნიან ბებოს სხვა ბებიები და ბაბუებიც მოჰყვნენ, ზოგი ერთმანეთს ეყრდნობა, ზოგი ხელკავით შემოჰყავთ, დამოუკიდებლად გადაადგილება თითქმის ყველას უჭირს.

აი, თურმე რატომ მისტუმრებენ უარით ხშირად მოხუცებულთა სახლებიდან, როცა სადილად ვეპატიჟებით, მე კი როგორ მწყინს ხოლმე, – ვტუქსავ საკუთარ თავს.

… შვიდი წელია შენობიდან არ გავსულვარ, შვილო, – მარკვევს ფიქრებიდან ყავარჯნიანი ბებო. შვიდი წელია ოთახში ვარ გამოკეტილი, ასე მომისაჯა სიბერემ… ჯერ ფეხი მოვიტეხე, გაშოტილი ვიწექი დიდხანს, მერე ინფარქტი გადავიტანე. ეს ფეხიც არ მორჩა ბოლომდე, ხანდახან ისე მტკივა, ლამის სული ამომაძროს… რამდენიმე დღეში ოპერაციას მიკეთებენ, ჰოდა, გავიფიქრე, ვაითუ დავრჩე იმ საოპერაციოზე-მეთქი და ჩემს თავს შემოვუძახე – ადექი, გამოეწყვე და წადი, ეს მაინც დაგრჩება-თქო! გავრისკე და წამოვედი. ვდარდობდი, არ მინდოდა ამ ყავარჯნებით ტვირთად დავწოლოდი სხვებს, მაგრამ მაპატიებენ ალბათ… ბედნიერი ვარ და მაპატიებენ…
თვალები უცრემლიანდება და აკანკალებული ხელებით ჩემს ხელს ეფერება.
– ჯერ სად ხარ ბებო, ისეთი ლამაზი საღამო გველიიის – ვეუბნები ღიმილით და მეც ვეფერები…
არ იცის ბებომ, რომ ეს ღიმილი ცრემლებს მალავს ახლა. არც ის იცის აკანკალებული ხელების სითბო, რომ დიდხანს დამისერავს გულს…
-ახლა გაიღიმე ბებო, ოპერაციის შემდეგ კი, ისევ აქ ვიზეიმოთ შენი კარგად ყოფნა…
-შემოგევლოს ბებო, რა სიხარულით სავსე გოგო ხარო, მეუბნება და მიღიმის.
არ იცის ბებომ, რომ ეს სიხარულით სავსე გოგო, მოხუცებთან დამშვიდობების შემდეგ სახლამდე მანძილს ტირილით გაივლის.

Comments

comments

Related posts