Home » ინტერვიუ » რჩევები ფსიქიატრისგან

რჩევები ფსიქიატრისგან

ფსიქოთერაპევტ დავით ზურაბაშვილს (ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილი) ესაუბრა დავით დოლიძე.

დავით დოლიძე

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა ტიპის ნერვულ აშლილობებს, შიშებს, დეპრესიას ან ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამ პრობლემებმა ადამიანი შესაძლოა გაგიჟებამდე ან უარეს შემთხვევაში თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. როგორ ავირიდოთ თავი და ჩვენს გარშემო მყოფებიც ავარიდოთ მსგავს საფრთხეებს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ზურაბაშვილს გავესაუბრეთ.

-ბატონო დავით, თავდაპირველად მაინტერესებს, ზოგადად საიდან მოდის ან რა არის შიში?

-ალბათ თქვენ ტერმინი „შიში“ გაინტერესებთ. ანუ ლათინურად „ფობია“. ეს ძველი ბერძნულიდან მოდის. უფრო კონკრეტულად შიში გახლავთ, პიროვნული სისტემის შეძენილი სტრესული ემოციური რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე. პიროვნული სისტემა ეს არის ადამიანის ძირითადი ბირთვი, რომელიც ქმნის ქმედით პროცესს და შედგება, ბიო – გენეტიკური, ფიზიკურ – კინესთეტიური, ემოციურ – შეგრძნებით, ფსიქიკურ – ფსიქოლოგიურ, კოსმიურ – ტრანსცედენტურ ანუ სულიერ, და სოციალურ – ქცევით ასპექტების ურთიერთობისას მიღებული სიგნალისაგან.

-ყველაზე მეტად რატომ არის ადამიანისათვის საშიში შიში?

-საიდან აიღეთ რო ეს ყველაზე საშიშია? ან რას გულისხმობთ? კითხვა დასმულია ცოტა
გაუგებრად. ალბათ „სიკვდილის შიშს“ გულისხმობდით? თუ ამას მეკითხებით, მაშინ ალბათ დაგეთანხმებით, მაგრამ ყველა ასაკს აქვს თავისი სპეციფიკა და თავისებურება. ზოგადად, რომ ვთქვათ ასაკის მატებასთან ერთად შიშის გრძნობა იმატებს. ადამიანის სისტემურ ბუნებაში არსებობს მზაობა შიშისადმი. იმისათვის რომ ადამიანის განწყობა ქცევად ჩამოყალიბდეს, საჭიროა გარემოში არსებული სიტუაცია, ანუ შიშს სჭირდება გამშვები სტიმული, რომელიც სავსეა ჩვენ გარშემო, მაგალითად, გამოცდა უნივერსიტეტში, ტელევიზიით გადმოცემული მოსალოდნელი საფრთხე, ომი, ძალადობა და სხვა მრავალი მოლოდინი, რომელიც მენტალურ – კოგნიტურ დონეზე, ჩვენს აზროვნების პროცესში ქმნის უარყოფით სიუჟეტებს, სხვადასხვა ხატების და ფილმების სახით. თუ პიროვნული სისტემის ფსიქიკურ – ფსიქოლოგიური ასპექტის ერთ-ერთი ბირთვი, რასაც “მე”-ს უწოდებენ, რომელიც პასუხისმგებელია და აგრეთვე გააჩნია ფუნქცია აქტიურად იმონაწილეოს ადამიანის დამოკიდებულებების მართვაში, თუ ეს კომპონენტი სუსტია და ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იქმნება სხვადასხვა არასასიამოვნო სისტემური განცდები, შფოთვა, შიში და სხვა.

-რა და რა სახის შიში არსებობს და როგორი სახის შიში შეიძლება გახდეს ადამიანზე მძიმე ზეგავლენის მომხდენი?

-შიში არსებობს მრავალი „სახის“ ანუ გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ნებისმიერი შიში ადამიანს უქმნის დისკომფორტს, აქედან გამომდინარე ახდენს ზეგავლენას ადამიანზე. ზოგიერთი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ შესაძლებელია ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე და შეუქმნას ყოველდღიური, ცხოვრებისეული პრობლემები. პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი შიშის რეაქცია და აკვიატებული შიში. მაგალითად, თუ ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების დროს მას არ გააჩნია საჭირო უნარ-ჩვევები და მაინც კისრის ტეხვით მიდის კონფლიქტის გამწვავებისკენ, ის შესაძლებელია მძიმე შედეგის მსხვერპლი გახდეს და დიდი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. ასეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც ავტოპილოტზე ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და შესაძლებლობების გარეშე სურთ მოაგვარონ საფრთხის შემცველი სიტუაცია. არსებობს ასეთი გამოთქმა, “სადაც არასჯობს გაცლა სჯობს” ანუ თუ თქვენ არ გაგაჩნიათ პრობლემასთან გამკლავების სუსტემური ტაქტიკა და სტრატეგია, აჯობებს თავი აარიდოთ კონფლიქტს და გაეცალოთ სიტუაციას, რა იცით რა ხდება? უმეტესწილად ადამიანი ე.წ. სიტუაციის მსხვერპლია, რადგან დროის უმეტეს ნაწილს მექანიკურად, ბრმად ატარებს და შედეგად როგორც ქაღალდის ნაგლეჯი – მდინარის დინებას, ისე მიჰყვება ცხოვრებისეულ მოვლენებსაც. ეს უკვე სხვა თემაა.

-როგორ უნდა დავძლიოთ შიშის გრძნობა?

-შიშის დასაძლევად აუცილებლად უნდა მივმართოდ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს
მდგომარეობას და შემოგთავაზებთ შიშის დაძლევის გზებს. გააჩნია შიშს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაჯილდოებული ხართ და გაქვთ ქუჩის, უპატრონო ძაღლების შიში და გინდათ მისგან გათავისუფლება. კარგით, ეს არ არის პრობლემა, მოგვარებადია, თან თქვენ შეგიძლიათ ამის მოგვარება, რადგან ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 1 % იყენებს, სხვა დანარჩენს შინაგანად სძინავს. რატომაც არა? წარმოვიდგინოთ დავძლიეთ ამ ოხერი ძაღლების შიში და თავს უშიშარ ჰერაკლედ ვგრძნობთ. პირველი ნაბიჯი გვაქვს. ეხლა კი წარმოიდგინეთ, ბრუნდებით სამსახურიდან, ღამეა, დაახლოებით 1– ლის ნახევარი, მიდიხართ სახლისკენ ნელი ნაბიჯით, გსიამოვნებთ საღამოს სასიამოვნო სუსხი, საერთოდ არაფრის გეშინიათ, მამაცი გული ხართ, მაგრამ ხმლისა და ფარის მაგივრად ხელში მობილური ტელეფონი და ჩანთა გიჭირავთ. თავისუფლად მიაბიჯებთ ფიქრში ნანატრ საწოლისკენ, გსიამოვნებთ იმის განცდა, რომ მიხვალთ სახლში და დაისვენებთ. მაგრამ რამდენიმე წამში ატყობთ თქვენ წინ გამოჩნდა რაღაც სილუეტი, უფრო ახლოს უახლოვდებით და უკვე რამდენიმე სილუეტია, თქვენ უკვე ამჩნევთ რომ ესენი ძაღლები არიან. 4 ძაღლი, რომლებიც ღამით ლუკმა-პურის საშოვარზე არიან გამოსულები. უახლოვდებით უფრო ახლოს და ატყობთ რომ მათი სახის გამომეტყველება არც ისე მშვიდია, ისინი გრძნობენ რომ თქვენ მზად ხართ ბრძოლისთვის და უფრო მეტად იძაბებიან, იწყებენ ღრენას, თქვენ? თქვენ კი იღიმით! არ გადარდებთ ისინი და ანიშნებთ მათ რომ უნდა შეებრძოლოთ. ძაღლი ბევრს არ ფიქრობს, ან გარბის, ან იბრძვის, ქუჩის ძაღლებს ბევრი ფიქრი არ უყვართ. ისინი არ დაიწყებენ თქვენთან ინტელექტუალურ სჯა – ბაასს. ცხოველური ინსტინქტი თავისას შვება. თქვენ კი ფიქრობთ? ახლა ამათ ვუჩვენებ სეირს და იმ აზრით რომ ამათ როდესაც გასცდებით სახლში იქნებით, გადადიხართ იერიშზე! საინტერესოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ასეთ სიტუაციაში? გახსოვთ ალბათ იგავი ორ თხაზე, რომლებიც ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს… ასე რომ დასაწყისისთვის კარგია დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, “იქნებ ეს შიში მჭირდება?”

-ბატონო დავით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს დაშინებამ ან შანტაჟმა? როგორ აისახება ეს მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე?

-ალბათ თქვენ ბავშვებს გულისხმობთ, როდესაც მშობლები ეუბნებია – „საჭმელი ბოლომდე
ჭამე“, ან „კარგად მოიქეცი“, დროზე დაიძინე“ და ასე შემდეგ. თუ ამას არ გააკეთებ მაშინ
„ბუა“ მოვა და წაგიყვანს…. რასაკვირველია ეს ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. მშობელი უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი დაშინებებით ბავშვის ფსიქიკას აზიანებს და ეს მის შვილს უარყოფითად შემოუბრუნდება.

-და მოზრდილებში?

-მოზრდილებში ცოტა უფრო სხვა სპეციფიკაა. თუ ზრდასრულ ადამიანს ვინმე აშანტაჟებს რაიმე კომპრომატით, აქ საქმე უკვე დანაშაულთან გვაქვს. ამ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ მსხვერპლი ჩავარდეს სერიოზულ დეპრესიაში. მან შესაძლოა თვითმკვლელობაც კი სცადოს. ასეთ დროს მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს ან ფსიქიატს კონსულტაციაზე.

-მაინტერესებს თქვენი, როგორც ფსიქიატრის აზრი ძალადობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ დროს მსხვერპლის თავს?

-ბავშვთა ძალადობა ანუ „ბულინგს“ გულისხმობთ ალბათ? ეს პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია. ეს ორივეს პრობლემაა – როგარც მოძალადის ასევე მსხვერპლის. თუმცა შემდგომში ეს თანდათან შეჩვევას იწვევს. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ადამიანის ცხოველად გარდაქმნის შემთხვევები სულ უფრო და უფრო ხშირდება, როდესაც პირუტყვად ქცეული ვეღარ აცნობიერებს საკუთარი ქცევის სრულ სიმძიმეს, დეგრადირებს და ამას ძალიან სწრაფად აკეთებს. თუმცა, არანაკლები სისწრაფით იხრწნება საზოგადოება, რომელიც შემწყნარებლური სიმშვიდით უყურებს და ხელს აფარებს მოძალადის მიერ განხორციელებულ ქმედებას და ამას ნორმად აღიქვამს, რადგან ძალიან ხშირად, მრავალგზის განმეორებადი სიმხეცე და სისასტიკე კანონად და ჩვეულებრივ მოვლენად გვეჩვენება. უმოქმედო და სირაქლემას პოზაში მყოფი საზოგადოება კი ისეთივე დემორალიზირებულია, როგორც დამნაშავე.

როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი დაშინებას, შანტაჟს ან სხვა მსგავსი ტიპის ძალადობრივ მეთოდს?

-ბავშვი არის საკმაოდ სუსტი არსება, ამიტომ აუცილებლად უნდა მოუყვეს თავისი ისტორია მშობელს, რომელიც დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. ხოლო შემდგომ ასაკში ძალადობის შემდეგ გამოწვეული დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. მოძალადისათვის მსხვეპლი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ თავისზე სუსტი არსებაა, რადგან “სიძლიერე” მხოლოდ შედარებითია და გასაგებია რომ მსხვერპლი, რომელიც მოძალადეზე ძლიერია იშვიათად თუ იქცევა ძალადობის ობიექტად. შესაძლოა რთული გასაცნობიერებელია, მაგრამ მოძალადე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფსიქიკის მქონე, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პიროვნებაა, რომელმაც ვერ მოახდინა ვერც ჯანსაღი სოციალიზაცია და ვერც თვითრეალიზაცია, ხოლო არასრულფასოვნების დაძლევისათვის და საკუთარი ძალის გამოხატვისათვის ეძებს თავისზე სუსტ პიროვნებას და რათა ძალადობითა და შიშის დათესვით მიაღწიოს თვითკმაყოფილებასა და ჰიპოტეტურ დომინანტურ პოზიციას. შესაბამისად მოძალადე შესაძლოა განვიხილოთ როგორც მშიშარა და საკმაოდ სუსტი. მაშ რატომ ხდება ძალადობისა და დანაშაულის ფაქტები?! ნუთუ ყველა მსხვერპლი მოცემულ სიტუაციაში უფრო სუსტია ვიდრე მოძალადე? პასუხი დაახლოებით შემდეგნაირია: ადამაინი ექსტრაორდინალურ სიტუაციაში კარგავს რაციონალურად მოქმედების უნარს და თავისი დაბნეულობითა და შიშის გამოხატვით მოძალადესა და დამნაშავეს აგრძნობინებს თავის სისუსტეს, რაც აგრესორს უბიძგებს დანაშაულის ჩადენისაკენ.

-ძლიერი სტრესის შემდეგ, შესაძლოა ადამიანს დაეწყოს ხანგრძლივი დეპრესია, როგორ უნდა მოიქცეს იგი ამ დროს?

-ძლიერი სტრესის შემთხვევაში ბავშვებთან ხსირად ვლინდება „ღამის ენურეზი“,
„ლოგონევროზი – ენაბორძიკობა“, ძილის დარღვევა და სხვა მრავალი გამოვლინება აქვს. ხოლო მოზრდილებში საქმე სხვანაირადაა. დეპრესია ჩვენს დღეებში ეს უკვე არ არის ხასიათის არ ქონა, ეს არის მედიცინური ტერმინი. დეპრესია არის ავადმყოფობა. მისგან გათავისუფლებაში მხოლოდ მედიცინა თუ დაგეხმარებათ. ყოველი ჩვენთაგანისთვის ალბათ ნაცნობია, როგორ სრულდება დეპრესიასთან საკუთარი ბრძოლა.
ხალხში იწვევს შიშს იმის გაფიქრებაც კი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დეპრესია. სინამდვილეში კი ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია დეპრესიის დროს. ტყუილად კი არ არის, რომ უცხოეთში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპერტები არიან. ამიტომ ყველაზე მთავარია არ შეგეშინდეთ ექიმთან წასვლა.

რას ურჩევდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია და გამოსავალს მხოლოდ სუიციდში ხედავს?

-სუიციდი არ არის გამოსავალი. პირველ რიგში უნდა მიმართონ სპეციალისტს – ანუ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. თვითმკვლელობა ხშირად სასოწარკვეთის, ან ფსიქიკური აშლილობის გამო ხდება, როგორიცაა: დეპრესია, შიზოფრენია, სიმთვრალე, ან ნარკოტიკებით გაბრუება, ასევე არის სტრესის ფაქტორები, ფინანსური სირთულეები, ოჯახური პრობლემები, სამსახურეობრივი, პრობლემები სკოლაში და სხვ.

გთხოვთ დაფიქრდით რას აკეთებთ ამ დროს, რადგან ხალხი დაუფიქრებელ მოქმედებებს აკეთებს და არ ფიქრობს ე.წ გვერდით მოვლებენზე (შვილების დაობლება, მშობლები და სხვ). იფიქრეთ თქვენმა საქციელმა რა შეიძლება გამოიწვიოს და რომელ საყვარელ ადამიანს შეუძლია მიაყენოს სერიოზული ტრავმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ეს ყველას სახლია! გვტკივა საქართველო!” – ემიგრანტები გაერთიანებას იწყებენ (ვიდეო)

საქართველოში ჩამოსული ემიგრანტები “ემიგრანტის სახლში” შეიკრიბნენ. სახლი ანა ბალამწარაშვილის და დარეჯან ღამბაშიძის დაარსებულია. შეხვედრაზე უამრავი ...