Home » მთავარი » პოლიტიკური ურთიერთბრალდების პროცესით საზოგადოება ზარალდება

პოლიტიკური ურთიერთბრალდების პროცესით საზოგადოება ზარალდება

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი,

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემიის დამფუძნებელი

ბოლო 30 წელიწადში, ქართულმა საზოგადოებამ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთურობით, ქვეყანას დამოუკიდებლობის სული შთაბერა და დამოუკიდებლობა მოიპოვა; ქართულმა საზოგადოებამ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით დაალაგა ნაომარი ქვეყანა და საერთაშორისო სიმშვიდე მოუტანა ერს; ქართულმა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ქვეყანა განავითარა და რეფორმები მოუტანა; ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება გააძლიერა და ერს სიმშვიდე მოუტანა. ბუნებრივია, ყველა მმართველობის დროს გვქონდა წინსვლაც და მრავალი რთული პერიოდიც, მაგრამ წარსული ისტორიის კუთვნილებაა, ახლა სახელმწიფო რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს, რადგან მომავალი გაცილებით მკაცრ გამოწვევებს გვიქადის.

ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში (ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც) არიან თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურები, მძლავრი პოლიტიკური ხმითა და შეფასების უნარით. ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის საუბრის არქიტექტონიკას. შეიძლება დავასკვნათ, რომ მას მთლიანი პოლიტიკური მოცემულობის შეცვლა სურს. მისი პოლიტიკური განწყობის კონსტრუქციაც ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროა.

დღეს, ვასაბუთებთ წინსვლას, თუმცა არსებობს უფრო მეტი პრობლემა, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკის ყველა სექტორში. ამ ფონზე, ქართული პოლიტიკის ხმა „სუსტია“. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ როდესაც ოპოზიცია და პოზიცია პრობლემებზე მხოლოდ საუბრობს და ვერ წარმოადგენს პრობლემების გადაჭრის ქმედით გზებს, ეს ნიშნავს რომ ასეთ ძალას პრობლემის დაძლევის რესურსი არ გააჩნია. ბუნებრივია, ხელისუფლების საუბრის ლოგიკა უნდა იყოს იმედის ჩამსახველი. თუმცა, თუ ამის „ძალას ვეღარ ფლობს“, ნიშნავს რომ თავის თავი ამოწურა. შესაბამისად – ლეგიტიმაციაც. დღევანდელ მოცემულობაში, ჯერ ამას ვერ ვიტყვით, ხელისუფლება „დგას“. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელის ძლიერი პოლიტიკური ლოგიკა და არგუმენტები. მხედველობაშია მისაღები ხელისუფლების მიერ განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიორიტეტულობა. თუმცა, თუ იდეები ხორცშესხმული არ იქნა, იგი გაუფასურდება.

მხედველობაში მისაღებია ის ფაქტორიც, რომ ქვეყანაში შეიქმნა სტრატეგიული პროგრამები, თუმცა ვერ გამყარდა პოლიტიკით, ანუ მისი პოლიტიკური კომპონენტი სუსტი აღმოჩნდა. მაგალითად, საპენსიო რეფორმა კარგია, თუმცა მისი მხარდამჭერი პოლიტიკური კომპონენტი სუსტი.

ზემოაღნიშნულ ფონზე, ქართული პოლიტიკური ცხოვრება გადის ურთიერთბრალდებებში, ერთმანეთის მარჯვედ ლანძღვასა და ურთიერთდისკრედიტირებაში. ამ ყველაფრით კი საზოგადოება იღებს მოუგვარებელ პრობლემებს, დისკრედიტირებულ გარემოს, ჩამკვდარ სამუშაო სივრცეს, უიმედობასა და უპერსპექტივობას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ლანძღვისა და ურთიერთდისკრედიტირების დრო აღარ არის. მოლოდინის რესურსი აღარც მოქალაქეებს გვაქვს და აღარც ქვეყანას. კარგი იქნება აღნიშნული ენერგია გამოყენებული იქნას ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტივიზაციაში.

საზოგადოება ყველაფერს შედეგებით ვზომავთ. სახელმწიფოსთვის არ  არსებობს „საშუალო შედეგი“. ანუ არსებობს ან კარგი ან ცუდი შედეგი. კერძოდ: თუ პროგრამას შედეგი არ მოაქვს ის ცუდი პროგრამაა, თუ შეთანხმებას სიკეთე (სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისათვის) არ მოაქვს, ის ცუდი შეთანხმებაა. თუ რეფორმა ბოლომდე არ ხორციელდება, ის ცუდად გატარებული რეფორმაა. თუ მმართველობით პროცესებს „პულსიც” აღარ ესინჯება ბუნებრივია ნდობა ქრება, ლეგიტიმაცია სუსტდება და საზოგადოების პროტესტი იზრდება.

სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, არცერთი მთავრობა ინტელექტუალებსა და საზოგადოებრივად აქტიურ აკადემიურ პირებს ასეთ „იგნორირებას“ არ უკეთებდა, როგორც ამას დღეს არსებული მმართველი ძალა აკეთებს.  ფაქტობრივად,  თანამშრომლობას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ასეთი მიდგომით ხელისუფლებამ პრობლემების გადაჭრის რესურსის დეფიციტი შექმნა. ამიტომაც გვაქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომლის დაძლევისათვის საჭირო გახდა საზოგადოების მიერ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება.

ჯამში აღვნიშნავ, რომ ახლა ახალი პოლიტიკის დროა, სადაც: პოლიტიკა წარმოდგენილი უნდა იქნას მეტი აკადემიურობით, ხელისუფლება წარმოდგენილი უნდა იქნას მართვის მაღალი სტანდარტით, სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იქნას მძლავრი ინსტიტუტებით, სისტემა წარმოდგენილი უნდა იქნას ქარიზმატული ლიდერებით.

ახლა, საზოგადოებრივად აქტიური ინტელექტუალებისა და აკადემიური პირების დროა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში გაცილებით მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებრივად აქტიური  პირები, ვინც არც პარლამენტშია და არც მთავრობაში.

დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში საჭიროა სახელმწიფო ინსიტუტების გაძლიერება. მმართველი პირები, რომელთა შეფასებები და ლოგიკა სუსტია აზიანებს სისტემასაც და ქვეყანასაც. ვთვლი, რომ სისტემა და ინსტიტუტი უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ცალკეული პერსონა. თუ სისტემა და ინსტიტუტები ძლიერი იქნება, ასეთ მოცემულობაში არაპროდუქტიული პირების ადგილი აღარ იქნება. ისინი ასეთ სისტემაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...