Home » ბლოგი » პოლიტიკოსები თავს არ იწუხებენ! უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში

პოლიტიკოსები თავს არ იწუხებენ! უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში

მიხალის ირემაძე

თომას ჰობსი, თავის გენიალურ ნაშრომ “ლევიათანში”ერთ ფრაზას ძალიან ხშირად იმეორებს – “ბუნებითი მდგომარეობა”. ეს ის მდგომარეობაა, სადაც ადამიანს არ გააჩნია მოვალეობები და არ არსებობს არც ერთი რეგულაცია, ანუ არ არსებობს კანონი. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოში მყოფი აქტიური პოლიტიკოსები “ბუნებით მდგომარეობაში” იმყოფებიან  და არ იწუხებენ თავს არაფრის გამო. თითქოს ხალხის მიერ არ იყვნენ არჩეულნი!!!

ფაქტის სახით, რა გვაქვს სახეზე?

ფაქტია, რომ უკვე 28 წელიწადია ვცდილობთ ინსტიტუციები წელში გავმართოთ, ავამუშაოთ ნაცადი და გამართლებული ხერხები, პროექტები, რეფორმები, რათა ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ წარვმართოთ, მაგრამ ჩვენს წინ ძალიან დიდი, ჩინეთის კედლის მსგავსი კედელია აღმართული და მას თავისი სახელი ჰქვია – უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია!

ჩვენი ყოველდღიურობა?

ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაში, შეიქმნა თითქოს პატარა, მაგრამ დიდი მნიშვნელობის პრობლემა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰყავდა სამი თანაბარი უფლებისა და ძალაუფლების მქონე დირექტორი (მეწილე). იმისათვის, რომ ამ “ტროიკას” გადაწყვეტილება მიეღო, საჭირო იყო დირექტორთა 2/3-ის თანხმობა. დირექტორთა ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც უნდა გადაეწყვიტათ თუ რომელი კომპანიისთვის უნდა დაეკვეთათ ოფისის შეღებვა, ორ მამაკაც დირექტორს შორის პატარა გაუგებრობა მოხდა. ერთ-ერთი დირექტორი (პირობითად A) მხარს უჭერდა ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა გამოცდილება ამ საქმეში, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი მანდ მუშაობდა და სურდა მათ შეესრულებინათ ეს საქმე. დირექტორი B (პირობითად) მხარს უჭერდა სხვა კომპანიას, რომელსაც გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ საშინლად დაბალი რეიტინგი.  ის ამ კომპანიას მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერდა, რომ დირექტორ A-ს დაპირისპირებოდა. დირექტორმა B-მ იგრძნო, რომ დირექტორ A-ს უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ამ ორგანიზაციაში, ვიდრე მას და ამიტომ გადაწყვიტა ამ ხერხით დაპირისპირებოდა. მესამე დირექტორი, რომელიც ქალბატონი იყო სთავაზობდა მათ სხვა კომპანიას საკმაოდ კარგი გამოცდილებით, რეიტინგითა და ნორმალური ფასით, მაგრამ დაპირისპირებულმა მხარეებმა უარყვეს ეს წინადადება, რადგან ამით, თვლიდნენ, რომ საკუთარ ავტორიტეტს მიაყენებდნენ დიდ ზიანს. მსგავსი დაპირისპირება, რომელიც უაზრო და არაფრის მომცემი იყო, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა. ქალბატონი დირექტორი მუდამ კარგ გამოსავალს სთავაზობდა ორივე დირექტორს, რადგან ის დღეც და ღამეც მუშაობდა ამ საკითხებზე, ორგანიზაციის სასარგებლოდ, მაგრამ მათ არ სურდათ მოსმენა და შედეგად, მათმა ასეთმა ქცევამ, ორგანიზაცია – ლიკვიდაციამდე მიიყვანა.

იმის მაგივრად საქმიანად ეფიქრათ, მოესმინათ მესამე დირექტორისთვისაც და სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ ერთობლივად, სიჯიუტეს მიმართეს, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საქმეც მიივიწყეს! ამის გამო, ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა.

არაფერს გახსენებთ?

ნუთუ ეს სიუჟეტი არ გახსენებთ დღევანდელ საქართველოს? ორად ან სამ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, რომლის არსიც არ დგას არც იდეოლოგიურ პრონციპიბზე, არც თანამოაზრეობაზე და არც რაიმე ისეთ ღირებულზე, რომელზეც დაყრდნობა შესაძლებელი იქნებოდა. აქ, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მათი სატელიტი ტელევიზიები, უკიდურეს პოლაროზაციას მიმართავენ და კვლავ ივიწყებენ, რომ ქვეყანას სჭირდება ხელშეწყობა, რათა არსებობა განაგრძოს და განვითარდეს. არ უნდა მიეცეს საზოგადოება განცხრომას და არ უნდა აყვნენ პარტიებს “ბინძურ” თამაშში, რომელსაც ხელს მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებიც უწყობენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებებს შორის დაპირისპირებებს და “ხიდის ჩატეხილობას”!

რა მოგვცა პოლარიზაციამ?

უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციას, მხოლოდ ქაოსის შექმნა თუ შეუძლია, რაც საზოგადოებას კვლავ ქვის ხანაში აბრუნებს, სადაც “ბუნებითი მდგომარეობა” სუფევს ყველგან და ყველას მიმართ.

მოგეხსენებათ, უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენის ქვეშ იმყოფება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და იყოფიან ორ მთავარ ჯგუფად – “წითლებად” და “ლურჯებად”. მათი დაპირისპირების ერთადერთი შედეგი არის ის, რომ უკვე 7 წელია ერთ წრეზე უნიჭოდ ვტრიალებთ და ამ ორი უკიდურესი ჯგუფის დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში, ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზრდება (წინასაარჩევნო პერიოდი; არჩევნებში მარნეულსა და ბოლნისში და ა.შ). არ დაგვავიწყდეს, რომ უახლეს ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება პოლარიზაციის ნიშნები და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულებულა მსგავსი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის პარადიგმები. გავიხსენოთ, “ზვიადისტები” ერთ მხარეს და  შევარდნაძის გულშემატკივრები მეორე მხარეს; სამოქალაქო ომი; ვარდების რევოლუცია; დაპირისპირება აფხაზეთში და ორ ბანაკად გაყოფილი საქართველო…

რაშია გამოსავალი?

გამოსავალს წლებია ვეძებთ და მე ვფიქრობ ბევრმა იცის თუ რაშია პრობლემა და ხვდება გამოსავალი საითკენაც უნდა ვეძიოთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ისიც ერთვება “უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციის თამაშებში” და ჰკარგავს თავის ძვირფასს ნეიტრალურობას. დირექტორების მსგავსად, პოლიტიკოსებიც უაზროდ ჯიუტები არიან და გაურბიან საქმეს და საქმიან დიალოგს, სამაგიეროდ მიელტვიან ერთმანეთის ლანძღვასა და კრიტიკას. ქვეყანა, ორგანიზაციის მსგავსად, მზადაა “ლიკვიდაცია განიცადოს” და ჩვენ “ქალბატონ დირექტორებს” არ გვისმენენ მაშინ, როცა გავიძახით, რომ საქმეს სჭირდება ბეჯითად მუშაობა, საჭიროა დებატები, რეფორმები დიდი კონსულტაციების შემდეგ და ხალხის აზრი უფრო ხშირად მოისმენა, რადგან ძალაუფლება არა პარლამენტის სკამსა და მიკროფონში, არამედ თითოეული მოქალაქის არჩევანში იმალება.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...