You are here
“ინტეგრაცია იყოს უფრო ღრმა, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს“ მთავარი პოლიტიკა 

“ინტეგრაცია იყოს უფრო ღრმა, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, დღეს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით – კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. „სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.

 

„ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალო ტექნიკური საქმიანობა,  ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ  შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, მშვიდობიანი და სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – მიმართა დამსწრე საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფრო ძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფრო ეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანი საქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების და სარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი სურვილი იყო, კოორდინირებული ყოფილიყო ყველა ის მცდელობა, აქტივობა და საქმიანობა რომელსაც ეწევიან პარლამენტის ცალკეული კომიტეტები, რათა ჩვენ უფრო ეფექტიანად, გეგმაზომიერად და წარმატებით შევასრულოთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. სასიამოვნოა, როდესაც ხაზგასმა ხდება იმისა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ლიდერია, თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან გრძელი და რთული გზა გვაქვს  გასავლელი. ჩვენ მზად ვართ, რომ საერთო ძალისხმევით, სხვადასხვა კომიტეტებთან ერთობლივი მუშაობით,  გაძლიერებული კოორდინაციით, ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციისა და წარმომადგენლობითი როლის გაძლიერებას“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

 

Comments

comments

Related posts