Home » ინტერვიუ » „პოლიტიკური კონგლომერატია შექმნილი, ამ შემთხვევაში პერსპექტივა ერთ ძალას არ აქვს…“

„პოლიტიკური კონგლომერატია შექმნილი, ამ შემთხვევაში პერსპექტივა ერთ ძალას არ აქვს…“

ფიქრია წიკლაური

ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი   ელჩი უზბეკთსა და ტაჯიკეთში გიგი კუბლაშვილი  პოლიტიკაში ბრუნდება.

მას შემდეგ, რაც დატოვა სახელმწიფო სამსახური, 2013 წლიდან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” და აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  წლების განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტის აპარატში, უშიშროების საბჭოში.

ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვევით კითხულობს ლექციებს.

არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის “დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი”, “კონფლიქტი და  სრულუფლებიანი მოლაპარაკებები”, “მსოფლიო ჯაზის ვირტუოზები”.

გიგი კუბლაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია და თავიდანვე გეტყვით, რომ საუბარი საკმაოდ საინტერესოდ შედგა.

– ბოლო დროს საკმაოდ აქტიურობთ, ჩნდება განცდა, რომ აპირებთ პოლიტიკაში დაბრუნებას.

პოლიტიკიდან არასდროს წავსულვარ. მართალია ადრე თანამდებობებზე ყოფნისას  არ ვაქტიურობდი, მაგრამ 2013 წლის მაისიდან, როდესაც სახელმწიფო სამსახური დავტოვე და თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” დავაფუძნე,  (ვებ. გვერდი-iveria.biz) პოლიტიკურ საქმიანობაში  ჩავერთე. ბოლო დროს კი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია ძალიან დამძიმდა, მეც გავაქტიურდი.

-ახალი პროექტიც დაიწყეთ-ვიდეო-ბლოგები.

-რაც შეეხება ჩემს ვიდეო ბლოგებს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ამას საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” აკეთებს და ჩემი კოლეგებიც არიან ჩართული ამ პროექტში.  ბლოგები გვექნება როგორც საგარეო პოლიტიკის თემაზე, ასევე სოციალურ- ეკონომიკურზეც. ნელ-ნელა ალბათ სხვა სფეროებიც დაემატება. სურვილი გვაქვს რომ ამ საკითხებზე ისაუბრონ მხოლოდ პროფესიონალებმა და კომპეტენტურმა პირებმა. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვაჩვენოთ ხალხს რა ხდება საგარეო ურთიერთობების კუთხით. დღეისათვის, პრაქტიკულად არც ერთი გადაცემა არ არის ტელესივრცეში ამ თემაზე.

თქვენი გადასახედიდან, რა შეეშალა მმართველ გუნდს, რომ ასე ნელ-ნელა კარგავს ხალხის ნდობას და მისი რეიტინგიც საგრძნობლად ეცემა?

თუ არ გაქვს იდეოლოგია, ხედვა და სურვილი, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არაფერი გამოვა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ე.წ. გუნდი მზად არ იყო ქვეყანა ემართა და განევითარებინა. მაშინვე ჩანდა, რომ ყველა მათი დაპირება ტყუილზე იყო დაფუძნებული. ამიტომ მთავარი, რაც ჩვენ მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა უნდა ვისწავლოთ  პოლიტიკოსის ამოცნობა და რეალური საქმეებით მისი შეფასება. არა ნალაპარაკებით, ვიღაცის მონაყოლით, განცდებით და ემოციებით, არამედ გაკეთებულის შეფასებით. როდესაც ხელისუფლებაში მოსული ყველაფერს გაანადგურებს, თვითონ გამდიდრდება და უზრუნველ ცხოვრებას მოიწყობს, სამომავლოდ რაც არ უნდა დაპირდეს ხალხს, გამოვსწორდებიო, საზოგადოება აღარ უნდა მოტყუვდეს და აღარ უნდა ენდოს მას.

– ნაციონალებიდან ბევრი “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა. რა მიზნით გადადიან პოლიტიკოსები ერთი პარტიიდან მეორეში და თუ მიიღებს ისევ ნაციონალური მოძრაობა მათ, უკან დაბრუნების შემთხვევაში?

ამ წლებში ძალიან ბევრი პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოხდა. ნელ-ნელა გაირკვა ვინ ვინ არის, ვინ სად დგას და ვის რა სურვილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ნიჭიერი და ერთგული ადამიანების გამოცდილება, ვისაც ქვეყანაზე გულის შესტკივა და შეუძლია სიკეთის მოტანა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მისი შესაძლებლობები უნდა დავაფასოთ, მაგრამ არის ადამიანური ღირებულებები, რომლის საზღვრებს არ უნდა გაცდე.

– იმ ადამიანებისგან, ვინც იბრძოდნენ ნაც. მოძრაობის წინააღმდეგ, ხშირად გაიგებთ ფრაზას – მგონი დღეს უკეთესია ისევ ნაცებს “შეეკრა”. (ისევ მათ მხარეს დადგე), ვიდრე ოცნებას ენდო.  ვისაც არ სჯერა და არ უნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, იმათ რას ეტყოდით?

ყველა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ  უნდა მიიღოს.  თითოეულმა  ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ერთი შეკითხვა – ამა თუ იმ პარტიას თუ მივცემ ხმას, რა სარგებელს მომიტანს მე, ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანას, ჩვენს მომავალს?  ამ ეტაპზე არის  თეთრი და შავი. არ არის მესამე ძალა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, და ნუ გვექნება ამის ილუზია. ახლა საკითხი დგას ასე – ან გადავრჩებით როგორც სახელმწიფო, ან დავიღუპებით.

2020 წლის არჩევნებში ვის მოიაზრებთ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალად?

ამას ვერ გეტყვით.  ხალხთან, ყველა ფენის ადამიანებთან, ცალკეულ პიროვნებებთან ურთიერთობისას არავინ არის კმაყოფილი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო წლებში ადამიანების ცხოვრების დონით.

– საზოგადოების გარკვეული ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია  ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს, თუმცა აღარც “ქართული ოცნების” ტყუილი დაპირებების სჯერა და არც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას…

– არჩევნებზე წაუსვლელობა გამოსავალი არ არის. თუ თითოეული ადამიანი არ მივა და არ დაიცავს თავის ხმას, ეს “ვაკჰანალია”, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიდხანს გაგრძელდება. ნუ ექნება ხალხს იმის ილუზია, რომ ამის მერე მაინც რამე გამოსწორდება. წინა წლებმა გვაჩვენა, რომ ამათ არ ძალუძთ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა და რამის გამოსწორება. დღეს ქვეყნის მართვის სათავეებთან მყოფნი ინდივიდუალურად, თუ ერთად არანაირ ფასეულობას არ  წარმოადგენენ, არც  პროფესიონალიზმის კუთხით, არც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების, ან რაიმე ღირებულის  შექმნის თვალსაზრისით. მესმის რომ მოსახლეობის ნაწილი განაწყენებულია “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ახალი პოლიტიკური კონგლომერატია შექმნილი “გაერთიანებული ოპოზიციის სახით”.  ამ შემთხვევაში პერსპექტივა ერთ ძალას არ აქვს. დიდია იმის შანსი რომ ამ გაერთიანებამ ქვეყანა უკეთესობისკენ წაიყვანოს. ამ ეტაპზე საქართველოა გადასარჩენი, რადგან თანდათან მძიმდება სიტუაცია.

-ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მინდა გკითხოთ… დღევანდელი ხელისუფლება  ქვეყნის მტრად მოიაზრებს ყველა იმ მოქლაქეს, ვინც ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ჰიდროელექტროსადგურის აშენება და სოფლების დატბორვა?

– თუ ჩვენ ისეთ პატარა ადგილას, როგორიც არის პანკისის ხეობა, ვაშენებთ 5 მეგავატიან ჰესს, არამგონია ეს იყოს ეკონომიურად მიზანშეწონილი პროექტი. ჰიდროელექტრო-სადგურები ცხადია უნდა აშენდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატულად გათვლილი. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას. როდესაც ჰესის აშენებას გეგმავ, ეს უნდა გააკეთოს კომპეტენტურმა კომპანიამ,  რომელიც რეალურ შედეგს მოგვცემს – იქნება ეკონომიურად მომგებიანი და არ გააუბედურებს გარშემო ყველაფერს. და არა ის, რომ მსგავსი პროექტები მეგობარს, ახლობელს, ბიძაშვილს ანდო და უმართავი შედეგები მივიღოთ.

ცოტა ხნის წინ თქვენი ახალი წიგნი “კონფლიქტი და მოლაპარაკებები” გამოიცა. როგორც თქვენ აღნიშნავთ ყველა კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. როგორ ფიქროთ, ჩვენს აგრესორ, ოკუპანტ მეზობელთან როგორი მიდგომაა საჭირო?

წლების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიჯექი და დროებით ოკუპირებული რეგიონების თემატიკასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. ეს იყო პრინციპული მოლაპარაკებები, რაც ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ ვართ მართლები და მხარს გვიჭერს საერთაშორისო სამართალიც. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ ეს იყო და არის რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და მას აქვს  ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიზანმიმართულები და ვაწარმოოთ პრინციპული მოლაპარაკებები. რისი დათმობაც ჩვენ არ შეგვიძლია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. დანარჩენზე, ყველაფერზე შეგვიძლია შეთანხმება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ჩვენი ინტერესები. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ამას ჭირდება აწყობილი, დალაგებული, ძლიერი ქვეყანა.

ყველამ ვიცით პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესახებ, რომელიც 70 წელზე მეტია გრძელდება. მოლაპარაკებები როდესაც დაიწყო, ჯერ კიდევ ათწლეულების წინ,  ისრაელის მხრიდან მომლაპარაკბელთა გუნდი რადილაურად არ შეცვლილა, ანუ ვიღაც ფიზიკურად არარ არის, მაგრამ  იქ  ახალი ხალხი შევიდა თამაშში,  ანუ  ინსტიტუციური მეხსიერება შენარჩუნებულია.  ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, არაფერი  არ   იკარგება.

რუსეთ-საქართველოს შემთხვევაში არ იქნება მოლაპარაკებები ადვილი. ამას ჭირდება  მიზანდასახული მოქმედებები. ოკუპანტ ქვეყანასთან, ასეთ საკითხებზე სასაუბროდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავჯდეთ პირისპირ ერთი-ერთზე. ჩვენ გვაქვს “ჟენევის” ფორმატი, რომელსაც ვერ იყენებს დღევანდელი ხელისუფლება. პირველი და მთავარი ამ ფორმატში არის ინიციატივა. როგორც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, შესაძლებელია ნაბიჯ-ნაბიჯ შედეგის მიღწევა.

მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებით შევძლებთ რუსეთის იძულებას. მოლაპარაკება არის ნაწილი იმ ზოგადი სტრატეგიისა, რასაც ჰქვია ძლიერი ქართული სახელმწიფო. იმ პოლიტიკის ვითარებაში, რასაც რუსეთი აწარმოებს სხვადასხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, შეუძლებელია დროთა განმავლობაში ამ ქვეყანამ არ განიცადოს დიდი სირთულეები, რაც ლოგიკურია.

– როდესაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რამდენად გამართლებულია მათი მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლა საქართველოში, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იგივე პირობებით ვერ სარგებლობენ?

რა არის ჩვენი ინტერესები რუსეთის მიმართ? – მთავარი, ეს არის  ტერიტორიული მთლიანობა, მეორე – კარგი ურთიერთობა მეზობელთან. ისტორიას თუ გადავხედავთ,  არ ვართ აგრესორი ქვეყანა და შესაბამისად კეთილმეზობლური დამოკიდებულებასთან ერთად გვინდა კარგი ეკონომიკური  ურთიერთობაც მეზობელთან. გვინდა პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან ყველა მიმართულებით, რაშიც არ გადაიკვთება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები.

რუსეთის ინტერესებში  არ შედის ძლიერი ქართული სახელმწიფო, მათ უნდათ რომ საქართველო იყოს მომაკვდავ მდგომარეობაში. პუტინი თვლის, რომ ქართველებთან ვიზის დაწესებით გვსჯის. მათი ოცნებაა და არც მალავენ, რომ ქართველები მუხლებზე დამდგარი მივხოხდეთ და ვთხოვოთ დახმარება, მათ შემადგენლობაში შესვლა,  გადარჩენა და ა.შ.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, თუ ტურისტულ საიტებს გადახედავთ, აქ დასათვალიერებლად ამოსული ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და აქ ძალიან დაცულად გრძნობენ თავს. ეკონომიკური თვალსაზრისით ტურისტების აქ ჩამოსვლა ჩვენთვის მომგებიანია. მე ვთვლი რომ თავის დროზე სავიზო გამარტივება სწორი ნაბიჯი იყო წინა ხელისუფლების მხრიდან.

– ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ელჩად ყოფნის დროს ამ ქვეყნების ცხოვრებიდან რას გაუზიარებდით ქართველ ხალხს, რაც თქვენ მოგეწონათ იქ და დანერგეთ თქვენს ცხოვრებაში?

– აზია არის ძალიან სპეციფიური მხარე. დროის ფაქტორი თითქოს სხვანაირად მოქმედებს. ის რისი გაკეთებაც შეიძლება ევროპაში სამ დღეში, აზიაში შეიძლება დაჭირდეს 2 კვირა ან ერთი თვე.  უფრო წინდახედული გავხდი. საინტერესო  გამოცდილებაა.

– ნიკა რურუას გარდაცვალების შემდეგ “ივერია” სახელი ცოტა  მიჩუმათდა. თუ აპირებთ თქვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს?

– ვცდილობთ. ნიკას შეცვლა შეუძლებელია. მისი გამოცდილება ჩვენთვის ფასდაუდებელი იყო.  ამ ეტაპზე ახალი სახეები შემოგვიერთდნენ და იმედი გვაქვს რომ ერთად შევძლებთ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას.

 

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...