Home » მთავარი » საქართველო დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია

საქართველო დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია

ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიან მორი პასკიეს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას – წელს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა.

20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს გახლავთ სწორედ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებებისა და კულტურის შედეგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 20 წლის წინ საქართველომ სერიოზული ვალდებულებები აიღო.

„საქართველომ პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას; განახორციელებდა სასამართლო რეფორმას; იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და კომუნიკაციით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხარში გვედგა ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოები. მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან.

„ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას.
ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ.

გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები – გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია. ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები.

ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...