Home » ბლოგი » ძვირფასო ვეტერანებო, ეს თქვენი დამსახურებაა – გილოცავთ!

ძვირფასო ვეტერანებო, ეს თქვენი დამსახურებაა – გილოცავთ!

ფიქრია წიკლაური

ბლოგი

წლების წინ 9 მაისზე რეპორტაჟის მომზადება გადავწყვიტე და ვაკის პარკში,  სამამულო ომის ვეტერანებს შევხვდი.  ომს გადარჩენილი ჩვენი გმირები  მართალია მრავლად აღარ ჩანდნენ, მაგრამ ვინც იყვნენ,  ერთმანეთი მოეძებნათ და მათ შორის  სადღესასწაულო განწყობაც შეიმჩნეოდა. მკერდზე მედლებჩამოკიდულ, ხელში გაზაფხულის ყვავილებით ხელდამშვენებულ წელში მოხრილ პაპა-ბებიების ასაკის მოხუცებს სახეზე უჩვეულო ღიმილი გადაფენოდათ და ერთმანეთს დაკოჟრილი ხელებით რაღაც საინტერესოზე ესაუბრებოდნენ.

საგანგებოდ მათთვის დაგეგმილი ღონისძიების შემდეგ მათთან მისვლის მიზეზი ვუთხარი, ყველა მათგანს სახე გაებადრა და წარსულში, ფრონტზე თავს გადამხდარი ამბების გახსენება დაიწყეს. ისინი ერთ წუთსაც არ ნანობდნენ ომში მონაწილეობას, და იმას, რომ არაერთხელ ჩახედეს სიკვდილს თვალებში, პირიქით, დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ დღესაც წავიდოდნენ ქვეყნის დასაცავად, თუნდაც სიკვდილის ფასად.

წამოსვლისას ერთ–ერთმა სათნო ვეტერანმა ქალბატონმა მიიქცია ჩემი ყურადღება… სკამზე ეულად იჯდა ჩაფიქრებული. აღმოჩნდა, რომ მეგობრებიდან მხოლოდ ისღა დარჩენილიყო… მიუხედავად იმისა აქ არავინ დამხვდებოდა, მაინც მოვედი და ჩემი ვალი მოვიხადეო… მერე მომიყვა თავისი ცხოვრება, ფრონტზე გატარებული დღეები, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარი… დღეს კი არავინ აქცევდა ყურადღებას, სახელმწიფო ვერ იმეტებდა ვერაფერს…  პენსია რამდენიმე თვის ასაღები ქონდა. შემომჩივლა შაქარი რამდენიმე თვეა თვალით არ მინახავს, საღამოობით ჩაის მაგიერ თბილ წყალში პურს ვალბობ და იმას ვჭამო… ამან შემძრა, ცრემლები ძლივს შევიკავე. ესე იგი იმაზე უარესად იყო ვიდრე ფრონტის წინა ხაზზე…

მას შემდეგ ყოველ 9 მაისს ეს ქალი მახსენდება. მაშინ 1997 წელი იყო. 22  წელი გავიდა… საუბედუროდ დღევანდელ საქართველოში ისევ უამრავი ადამიანია, ვინც პურს ისევ ალბობს უშაქრო წყალში, ვინც ნაგვის ურნაში საჭმელს ისევ ეძებს, ვინც მზადაა შვილის გამოსაკვებად საკუთარი ორგანო გაყიდოს… ამ 22 წელიწადში ხალხის ცხოვრებაში თითქოს არც არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ერთ დიდ რკინა ბეტონად იქცა ქალაქი, სადაც მშენებლობის მტვერსა და ქვიშაში ამოსვრილი ადამიანები მხოლოდ დღევანდელი დღის გადაგორებით არიან დაკავებული…

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...