Home » მთავარი » “ფაქტი სახეზეა-რეალური გარიგებები თუ მოლაპარაკებები ხდება ჩვენს ზურგს უკან!”

“ფაქტი სახეზეა-რეალური გარიგებები თუ მოლაპარაკებები ხდება ჩვენს ზურგს უკან!”

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით გვესაუბრება დიპლომატი, წლების განმავლობაში საგარეო, თავდაცვის პრობლემატიკაზე მომუშავე, საზოგადოება “ივერიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი,  ნიკა ვაშაკიძე.

-“ამ თემაზე ცოტა უფრო გაფართოეულ კონტექტში უნდა ვისაუბროთ. რადგან მომხდარი რეალურად ანარეკლია იმ გაცილებით ფართო და ღრმა პრობლემებისა, რომლის წინაშეც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა დგას.

ამ რამდენიმე დღის წინ ანკარაში შეხვდნენ თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის დეპარტამენტების წარმომადგენლები და მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რითიც არსებობს განწყობა, რომ ამ რკინიგზას შეუერთდეს რუსეთის რკინიგზა თავისი ტვირთებით და ასე შემდეგ.

ცხადია, ეს ყველაფერი საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება, ეს არის შეურაცხყოფა ქართული რკინიგზის და ზოგადად ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან კარგად ვიცით, რომ ეს რკინიგზა არის სამმხრივი პროექტი და მასში საქართველო სრულფასოვნად მონაწილეობს, ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ამგვარი სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოონ საქართველოს გვერდის ავლით. განსაკუთრებით არასასიამოვნოდ გამოჩნდა ის, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ამ თემაზე საუბრისას, ვგულისხმობ პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს, პრაქტიკულად განაცხადეს, რომ  მათთვის ეს ყველაფერი სიურპრიზი და სიახლე იყო. პრაქტიკულად პოსტფაქტუმ გაიგეს. საბოლოოდ ალბათ საქართველოს ნებართვა საჭირო გახდება, მაგრამ ფაქტი სახეზეა-რეალური გარიგებები თუ მოლაპარაკებები ხდება ჩვენს ზურგს უკან!

ამის მიზეზი კი წარსულში უნდა ვეძებოთ, იმ პოლიტიკურ მესიჯებში, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ გააჟღერა “ქართულმა ოცნებამ” საგარეო კურსთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე საქმიანობაში აისახა ეს დეკლარირებული კურსი.

ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, მისი ციტატა რომ მოვიყვანოთ-“საქართველო არის ერთი პატარა სოფელი”, ანუ უნდა ვიყოთ წყნარად, როგორც პატარა სოფელს შეეფერება. შემდეგ ეს კონცეპტუალურადაც გააფორმეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა…ერთი სიტყვით, მთელი ეს განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ საქართველომ პრაქტიკულად უარი თქვა აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე როგორც რეგიონულ, ისე გლობალური მასშტაბით. რაც ყველაზე სავალალოა, საქართველომ დაკარგა საერთაშორისო და რეგიონალურ პროცესებში მოთამაშე სრულფასოვანი სუბიექტის სახე, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, რადგან როგორც მოგახსენეთ, დეკლარირებული იყო. ამას ისიც უწყობს ხელს, რაც საქართველოს  დღევანდელ პოლიტიკურ მოწყობაში მდგომარეობს. გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ამ ყველაფერს კი მივყავართ იქითკენ, რომ საქართველოს იგნორირებას უკეთებენ  ისეთ საკითხებშიც კი, სადაც მისი მონაწილეობა აუცილებელია ლეგიტიმურად ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მაღალი თანამდებობის პირების საუბარს ეტყობა დაზეპირებული ფრაზები, საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტურად უინტერესოდ საუბრობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ცოცხალ პროცესებში ჩართულები არ არიან.

არ არის ეს უწყინარი სიტუაცია და უწყინარი პრობლემა, საქართველო გამომდინარე იქიდან, თუ რა რეგიონში მდებარეობს ის, დამატებული სახიფათო თამაშები მთლიანად მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ასევე მომავალში განვითარების წარმეტებისთვის, ის უნდა იყოს საკმაოდ სერიოზული, ძლიერი და აქტიური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო არენაზე, რაც სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პერიოდში საერთოდ შეუძლებელია.

რკინიგზის თემასთან დაკავშირებით ძალიან მწვავე და არასასიამოვნო სიგნალი მივიღეთ, რამაც შესაძლოა დიდი ზიანიც მოგვაყენოს. პასიური და გაუგებარი საგარეო პოლიტიკა მიგვიყვანს იქამდე, რომ შესაძლოა საერთოდ დაემუქროს ჩვენს ქვეყანას გაქრობა ფუნქციონალურად, ამიტომ აუცილებელია ისეთი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმ პროფესიონალებით, ვინც წარმოაჩენს საქართველოს რეგიონშიც და საერთაშორისო არენაზე როგორც სერიოზულ ქვეყანას, რომელსაც გააზრებული აქვს თავისი ინტერესები და სერიოზულად იცავს მათ!

Facebook Comments
x

Check Also

წარმატებული სასწავლო წელი!

საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი ...