You are here
ციხელაშვილი: 3 წელი გავიდა – ყოველთვის გვემახსოვრება გიგას სახელი და თავდადება მთავარი პოლიტიკა 

ციხელაშვილი: 3 წელი გავიდა – ყოველთვის გვემახსოვრება გიგას სახელი და თავდადება

ქეთი ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი

-დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას ცივსისხლიანი მკვლელობიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ და იმ კონკრეტული პირის მხრიდან, რომელსაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში შეფარდებული აქვს პატიმრობა, მაგრამ ოკუპირებულ მხარეს ჯერ კიდევ დაუსჯელია.

გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება გიგა ოთხოზორიას სახელი და მისი თავდადება. პატივი იყო მისი ოჯახისათვის სამოქალაქო თავდადებისათვის მედლის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წელს იანვარში, იმისთვის რომ ყველამ იცოდეს, და პირველ რიგში, მისმა ქეთიმ და აკაკიმ, ქალბატონმა ჯულიეტამ და მისმა მეუღლემ, ნინომ, რომ გიგა გმირია მთელი საქართველოსათვის.

არ შევეგუებით იმას, რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და რა ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, სანამ სამართალი არ აღსრულდება.
პასუხისმგებლობა კი საოკუპაციო ძალას ეკისრება. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა წინა წლის ზაფხულში რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რომელთა შორის ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული სიცოცხლის უფლების ხელყოფაა.

დღეს, 19 მაისს, როცა იმართება არჩევნები, მათ შორის ზუგდიდში, სადაც გიგა ცხოვრობდა დევნილობაში და მისი ოჯახი, მისი შვილები დღესაც ცხოვრობენ, ყველას უნდა ახსოვდეს რომ დაუშვებელია რაიმე სახის პროვოკაცია და ძალადობა. მთავარია პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოებში იყოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს გასატარებელი, ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რაც სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, სადაც ეს გამოწვევები ფიზიკურად ასე ახლოსაა.

Comments

comments

Related posts