Home » ინტერვიუ » ჰიბრიდული ომის საშიშროება და მეხუთე კოლონის საფრთხეები

ჰიბრიდული ომის საშიშროება და მეხუთე კოლონის საფრთხეები

ფიქრია წიკლაური

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა რუსულმა სახელისუფლებო ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოში რუსი ტურისტების ვოიაჟს. სიუჟეტში  ჩანს,  როგორ ჩამოდიან რუსები მოსკოვიდან და როგორ იწყებენ აქ ბიზნესს, ხსნიან რესტორნებს საკუთარი მენიუთი,  ძველ თბილისში იძენენ, ან ქირაობენ ბინებს და შემდეგ  თავისავე თანამემამულეებზე დღიურად აქირავებენ.

უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო წლებში ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი მოქალაქეობა სწორედ ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს მიანიჭა და უძრავი ქონების შეძენის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც რუსეთის, ამჟამად უკვე საქართველოს ორმაგ მოქალაქეებზე მოდის.

მაშინ, როდესაც საქართველოს მაცხოვრებლებს ვიზისთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო ამ ქვეყანაში ჩასასვლელად შვეიცარიის საელჩოსთან რიგებში დგომასა  და  საბუთების შეგროვებასთან ერთად ნერვების მოშლა და არც თუ მცირე თანხის გადახდა უწევთ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს საზღვარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე თავისუფლად გადაადგილდებიან, საქართველოში გაურკვეველი დროით რჩებიან და ბიზნესითაც არიან დაკავებული.

რუსეთიდან საქართველოში რუსი მოქალაქეების მასიურად ჩამოსახლებაში დიდ საფრთხეს ხედავს ისტორიკოსი და ეთნოლოგი, პროფესორი პაატა ბუხრაშვილი, რომელიც ჰიბრიდული ომის საშიშროებასა და მეხუთე კოლონის საფრთხეებზეც საუბრობს:

– რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან სტუმრები მყავდა და ძველ თბილისში გავასეირნე, შევედით ერთ-ერთ “საჩიბურეკეში”, სადაც რუსები მუშაობდნენ. ირგვლივ ყველა რუსულად საუბრობდა. იმ სასადილოს პატრონს ვკითხე, ქართული რატომ არ იცი, როდესაც თბილისის ცენტრში ხალხს ემსახურები მეთქი? ამ დროს ქართველი ახალგზარდა კაცი მეუბნება, მე ჩამოვიყვანე ეგენი აქ სამუშაოდ, შენ რატომ ესაუბრები ქართულადო. მე ვუსაყვედურე, როდესაც საქართველოში ვინმე შემოგყავს და ასაქმებ, იმან ქართულიც უნდა იცოდეს მეთქი. აქედან შეიძლება დარწმუნდე, რომ ესენი კეთილი ზრახვებით, ტურისტულად არ  არიან აქ შემოსულები.  აუცილებლად გამოსაკვლევია ვინ არიან ისინი, ვინც აქ უძრავი ქონების ყიდვას და მუდმივად დასახლებას ცდილობენ.   რუსი ,,ტურისტი“ აქ რომ ჩამოდის ახურდავებს რუბლს და აქედან გააქვს  მყარი ვალუტა – დოლარი ან ევრო. (ეს მე ჰიბრიდული ომის ნაწილი მგონია) ამ ვალუტას საიდან იღებს საქართველო? – მოგეხსენებათ უცხოური ინვესტიციები ნაკლებადაა ქვეყანაში, ან საერთოდ არ არის.  ამიტომ უცხოური ვალუტა ძირითადად ქართველი ემიგრანტებისგან შემოედინება.

ვინმე აკონტროლებს ჩვენს ქვეყანაში რუსულნომრიანი ავტომანქანების გადაადგილებას? არ გამოვრიცხავ, რომ მათი ნაწილი იყოს ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცხინვალში ბაზებზე მსახურობენ. ისინი შემოდიან ვლადიკავკაზიდან, როგორც ტურისტები, რა თქმა უნდა სამოქალაქო ფორმით და აკეთებენ თავის საქმეს. ეს არის ეკონომიკური ბრძოლის ხერხები.

უნდა გავითავისოთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და მათთან ვართ საომარ რეჟიმში, არ გვაქვს დიპლომატიური კავშირი, მაგრამ რა ხდება? –  გახსოვთ ალბათ, საქართველოში ორიოდე წლის წინ მოსკოვის ყოფილი მერი, ლუჟკოვი როგორ ზარ-ზეიმით მიიღეს. მან თავისუფლად მოიარა თბილისი, ბათუმი, ჩავიდა ქანდაში, სადაც წირვასაც დაესწრო…  საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ამ ადამიანმა თამარაშენში, საიდანაც 2008 წლის ომის დროს ქართველები გამოყარეს, სამხედრო ბაზის მშენებლობა დააფინანსა და ასევე იქაურ სამხედრო მოსამსახურეებს ბინები აუშენა. ეს კაცი არის დამნაშავე ქართული სახელმწიფოს წინაშე. რატომ ხუჭავს ასეთ ფაქტებზე ხელისუფლება თვალს, ჩემთვის გაუგებარია.

რუსებისთვის მასიურად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათ მიერ აქ უძრავი ქონების ყიდვა ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს. როდესაც ის აქ სახლდება და ქართულს არ სწავლობს, შვილი არ მიყავს ქართულ სკოლაში, ეს უკვე პოტენციური მეხუთე კოლონაა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში რუსული სკოლა გააუქმეს და იქ მაცხოვრებელი რუსი იძულებულია იქაური წესები დაიცვას – ლიტვური, ლატვიური თუ ესტონური ენა ასწავლოს თავის შვილს. საქართველოში  კი სასათბურე პირობებს ვუმზადებთ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება უკეთესად იგრძნონ თავი და ბევრი ფული იშოვონ.  აქაური რუსულ სკოლებისთვის სახელმძღვანელოები საგანგებოდ მოსკოვში იბეჭდება, სადაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ თვლიან საქართველოს ნაწილად. ეს ბავშვი რომ აქ რუსეთის  იდეოლოგიით გაიზრდება, მერე ვის ინტერსებს დაიცავს? ქართულ ჯარში წავა ის და საქართველოს მხარეს დადგება?

– ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა  ძალიან ბევრ ქართველს უჩენს პროტესტს. რატომ ვართ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ასეთი ლოიალურები? -ეს  ჩვენი ისტორიული გენეტიკის ბრალია, რასაც სტუმართმოყვარეობა ჰქვია, სიბრიყვის, თუ ხელისუფლებების გამყიდველობის?

-მეც ძალიან დიდი პროტესტი მიჩნდება, როდესაც რუსეთის მოქალაქეები აქ დაუბრკოლებლად და ყოველგვარი იდენტიფიკაციის გარეშე შემოდიან, ქართველებისთვის კი  იქ წასვლა დიდი  დაბრკოლებაა. 1991 წლის შემდეგ არც კი გამჩენია სურვილი ეს ქვეყანა მომენახულებინა. თანამედროვე რუსეთის ერთადერთი რეგიონი, სადაც სიამოვნებით ჩავიდოდი, იმიერკავკასიაა, იქ უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ რუსეთისგან საქართველოს მოქალაქეებისადმი დაწესებული მკაცრი სავიზო რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ ვერც საქმეზე წასვლას და ვერც მათ მონახულებას. ნებართვის მიღებას კი იმდენი დამაბრკოლებელი გზის გავლა და საბუთების შეგროვება ჭირდება, ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელია და აღარც ვცდილობ მათ ქვეყანაში ფეხის დადგმას…

– ბატონო პაატა, რამდენად გამართლებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, როდესაც ასეთ ცხელ პოლიტიკურ სიტუაციაში  ვიმყოფებით მეზობელ ოკუპანტ ქვეყანასთან?

მხოლოდ რუსეთისთვის კი არა, ძალიან არ მომწონს ხელაღებით, ყოველგვარი სათანადო შესწავლისა და ერთობ გამარტივებული სახით ყველასთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. საქართველოს მოქალაქეობის მიღების უცხოელმა მსურველმა გამოცდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში მაინც უნდა ჩააბაროს, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. მაინც მგონია, რომ ორ-სამ პასპორტიანისთვის არ არსებობს სახელმწიფო ცნობიერება. ერი ქმნის სახელმწიფოს და არა სახელმწიფო ერს. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისა და ეთნოლოგისათვის, ერი არის სოციალური სტრუქტურა, რომელიც გენეტიკასთანაა დაკავშირებული.  ივანე ჯავახიშვილი წერდა “ქართველი ერის” ისტორიას და არა საქართველოს ისტორიას. საქართველო კი არის ქართველი ერის სახელმწიფო. სახელმწიფო შეიძლება ერმა დაკარგოს, მაგრამ შემდეგ აღიდგინოს, მაგალითად ებრაელებს 2000  წელი არ ჰქონდათ სახელმწიფო, მაგრამ ერი არსებობდა.

სოციალური სტრუქტურა – სახელმწიფო, ისე ვერ შეიქმნება თუ ერს ფუნქცია არ აქვს. ქართველ ერს ათასწლეულების მანზილზე თავისი ფუნქცია ჰქონდა და იმიტომ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას.  რუსული იმპერიული  სტრუქტურა იმიტომ გვებრძვის რომ ჩვენ შეგვიძლია კავკასიაში სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულება.

– რუსეთს, მიუხედავად მისი მართლმადიდებლობისა,  საქართველოსთვის ზიანისა და მავნებლობის მეტი არაფერი მოუტანია. რატომ ატარებენ ესეთ აგრესიულ პოლიტიკას ერთმორწმუნე მეზობლის მიმართ, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, რა არის ამის მიზეზი?

– უნდა გავმიჯნოთ  რუსეთის რელიგია მართლმადიდებლობისგან.  ეს არის იმპერიული იდეოლოგია თავისი დიდმპყრობლური ზრახვებით.  რუსეთში მართლმადიდებლობა ,,დაამთავრა“ ჯერ კიდევ პეტრე პირველმა. მან საპატრიარქო გააუქმა და სინოდიალური კანტორა ჩამოაყალიბა. მან ეს სქემა გადმოიღო ბიზანტიიდან. (ბიზანტიის იმპერატორი იყო უმაღლესი ქურუმი, უმაღლესი სასულიერი პირი, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი და ყველა ემორჩილებოდა) შემდეგ პეტრე პირველმა სინოდი სრულად დაიქვემდებარა.  მისი საქმიანობა იმპერიული ტერიტორიების გაზრდას ემსახურებოდა.  რუსული კოლონიალიზმი  სხვა ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის სარკომასავითაა და დროთა განმავლობაში გარშემო არეალს იფართოვებს, თანდათან იპყრობს მეზობლების ტერიტორიებს. კავკასიაშიც ესე შემოიჭრა.  რუსული იმპერიულ-კოლონიალური, დამპყრობლური იდეოლოგია თაობებს გადაეცემა. მათთვის საქართველოს მართლმადიდებლობა არასდროს არაფერს წარმოადგენდა. მიზანი იყო ერთი,  გადმოსულიყო კავკასიის გადმოღმა, დაეკავებინა მთლიანი კავკასია, წინა აზია,  შემდეგ შესულიყო ავღანეთში და იქედან გასულიყო ინდოეთში.

ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა კი აღიარებს ერების თვითმყოფადობას. აღდგომიდან 50-ე დღეს, სულთმოფენობას, რა მოხდა? ქრისტეს მოციქულებზე გადმოვიდა ღვთის მადლი და ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ღვთის სიტყვა ყველა ერთან უნდა მისულიყო მშობლიურ ენაზე.

მართლმადიდებლობა სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას ქადაგებს და არა აგრესიას და ჩაგვრას.

– ფაქტია, რომ ერეკლე მეორემაც სწორედ მართლმადიდებლობის გამო შეაჩერა “დიდ რუსეთზე” არჩევანი, რომ საქართველო დაღუპვისგან ეხსნა…

– ერეკლე მეორეს არაერთგზის ჰქონდა ევროპაზე გასვლის მცდელობა.  ქართლ-კახეთის მეფეს ვენაში დესპანი გაუგზავნია, რეგულარული ჯარის შესაქმნელად საჭირო მატერიალური დახმარების თხოვნით. დესპანს მსგავსი წერილები მიჰქონდა რომის პაპის, საფრანგეთის, ნეაპოლის მეფეების და ვენეციის რესპუბლიკის მეთაურის სახელზეც. მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია-ყირიმის გავლით, რომელსაც უკვე აკონტროლებდა იმპერიული რუსეთი, ეს წერილები ხელში ჩაუვარდათ იმპერიის ჩინოსნებს, რომელთაც ჩაშალეს ერეკლეს დიპლომატიური წამოწყება. რუსეთის სამეფო კარმა ამის შემდეგ სასწრაფოდ გამოგზავნა თავისი გამოცდილი ემისარი, ქართლ-კახეთში უკვე ნამუშევარი, წარმოშობით გერმანელი იაკობ რეინეგსი. სხვათა შორის, ამ გაქნილსა და კავკასიის საქმეებში ერთობ კარგად გარკვეულ ემისარს დავალებული ჰქონდა, რომ “აღეძრა” მეფე, ეთხოვა ფორმალური მფარველობა რუსეთისადმი, რასაც მოჰყვა კიდეც შემდგომ უმაღლესი ნებართვა. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ რუსეთის იმპერატორის მფარველობა ითხოვა, რაც წინასწარ იყო შემზადებული რუსეთის რეზიდენტების მიერ.

1783 წელს კი ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა, სადაც მერვე მუხლში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზეც იყო საუბარი და ერეკლე მეფემ სწორედ ამას მოაწერა ხელი.

– საინტერესოა, რუსეთისთვის რომ არ ეთხოვა ერეკლე მეფეს დახმარება, დღეს მუსულმანური ქვეყანა ვიქნებოდით?

-საქართველოს იმ პერიოდში არც ისე ძალიან უჭირდა, როგორც შემდგომ წარმოაჩენდნენ ისტორიკოსები. რუსეთი, თავისი რეზიდენტურის მეშვეობით, ირიბად ყველაფერს აკეთებდა, რომ გაემწვავებინა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ირანს შორის დაძაბულობა და  აგულიანებდა კიდეც აღა-მაჰმად-ხანს რომ მას დაერტყა საქართველოსთვის. როდესაც ის შემოიჭრა და მიწასთან გაასწორა ჩვენი ქვეყანა, დასუსტებულ და განადგრებულ საქართველოში შემოვიდა რუსეთი, რამდენიმე წელში მეფობაც გააუქმა და საქართველოს ანექსიაც მოახდინა. რაც იმას მოწმობს, რომ თავიდანვე მისი გეგმის მიხედვით მოხდა ყველაფერი ის, რაც საქართველოს დაემართა.

მას შემდეგ, რაც უკვე მეორედ  საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს, ქართველმა ხალხმა ეროვნული ხელისუფლებაც აირჩია და ეს რუსეთმაც აღიარა, თუმცა ისევ მისი ჩარევით ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი მოხდა.  რატომ დაამხეს ეროვნული ხელისუფლება?

  ეს იყო მიზანმიმართული, მართვადი ქაოსი. რომ დასცლოდა ეროვნულ ხელისუფლებას, საქართველოში უნდა შექმნილიყო ეროვნული ბურჟუაზია, ქართული საწარმოები, უნდა განვითარებულიყო მცირე ბიზნესი. ამისთვის უნდა გამოყენებულიყო ის ქონებრივი და მატერიალურ-ტექნიკური  ბაზა, რომელიც საბჭოთა  კავშირის პერიოდში დაგროვდა საქართველოში. მოსახლეობას ჰქონდა საარსებო თანხა. ჯერ კიდევ უზენაეს საბჭოში დაიწყეს ქართულ ეროვნულ ვალუტაზე მუშაობა. სახელწოდება – ლარი და თეთრი  სწორედ მაშინ შეირჩა, განისაზღვრა ნომინალები, ფულადი ნიშნების ვიზუალური მხარეები და ა.შ. ეროვნული ვალუტა მიმოქცევში პრივატიზაცისთან ერთად უნდა შემოსულიყო.  საქართველოს უზენაესმა საბჭომ პრივატიზაციის შესახებ კანონი მიიღო 1991 წლის 9 აგვისტოს, რომელიც უკვე იმავე წლის 1 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სექტემბერში უკვე ისევ ქართველების ხელით დაიწყო რუსეთმა საქართველოში გადატრიალება და ეროვნული მთავრობის დამხობა. ყოფილ ქარხნების დირექტორებს და ნომენკლატურას, სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მათი აქტიური ჩართვის სანაცვლოდ, რუსეთიდან ჩამოსულმა ე.წ. ,,სახელმწიფო მეთაურმა“ – შევარდნაძემ საერთო სახელმწიფო ქონება დაუნაწილა. იმათ კი დაჭრეს-დაანაწევრეს საწრმოები და ჯართად გაიტანეს გასაყიდად მეზობელ სახელმწიფოებში; ანუ, ქვეყანას  დამოუკიდებლობის მთელი ეკონომიკური საფუძველი მოუსპეს.

– შემდეგ კი რუსეთის მიერ ხელ-დასმულმა და მართულმა ხელისუფლებამ “ბატონის” ნება-სურვილებიც უბადლოდ შეასრულა…

– შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ისიც იყო, რომ 1992 წლის 24 ივლისის სოჭის ხელშეკრულებით დააკანონა რუსეთის ჯარის უფლებები საქართველოს ტერიტორიაზე 45 წლით. სააკაშვილს მოსვლისთანავე  დენონსირება უნდა მოეხდინა ამ ხელშეკრულების, მაგრამ მხოლოდ ომის შემდგომ 2008 წელს გააკეთა ეს. როდესაც საქართველომ თანამეგობრობიდან გასვლაზე განაცხადა, ამის აღსრულებას ერთი წელი დასჭირდა; ამასობაში კი რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც.

– შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე რეალურ გამოსავალს რაში ხედავთ?

– ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ აღიარებული იქნას საქართველოში რუსეთის ძალების მიერ 1992 წლის 6 იანვრის ფაქტი სახელმწიფო გადატრიალებად და მის საფუძველზე გადაიდგას ადეკვატური პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაბიჯები.

2005 წლის  მარტის თვეში პარლამენტმა მიიღო მეტად საჭირო დადგენილება, რომლის თანახმადაც –

.  საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

.  დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2005 წლის 11 მარტი. №1104–Iს.

ამ დადგენილების საფუძველზე  საქართველში 1990 წელს  არჩეული ხელისუფლება ითვლება იურიდიულად უფლებამოსილად. მთავარია ამ დოკუმენტის შესაბამისი დონით ამოქმედება, რომ სამართლებრივ გზას დაადგეს ქართული სახელმწიფო.

ასევე, მთელის სერიოზულობით გასიგრძეგანებული იქნას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შექმნილი სამართლებრივ-პოლიტიკურ რეალობა და სრულად მოქმედებდეს საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ანონსი – კახა გვანცელაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას N153-ე ბაღიდან მიულოცავს

ანონსი 2019 წლის 16 სექტემბერს, 09:30 საათზე, კახაბერ გვანცელაძე თბილისის N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევა და ...