Home » მთავარი » IDFI – ფარული მიყურადების რეგულირება და პრაქტიკა საქართველოში 2017-2019

IDFI – ფარული მიყურადების რეგულირება და პრაქტიკა საქართველოში 2017-2019

IDFI-ის მიერ 2015-2018 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის ფაქტების, ისევე როგორც სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს [კვლევა სრულად იხილეთ აქ: https://idfi.ge/ge/statistics_of_secret_surveillance_2017_2019_in_georgia  ; ასევე იხილეთ ვიზუალიზაცია ამ თემაზე: https://idfi.ge/ge/statistics_of_secret_surveillance_2015_2018 ]

 

– ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეგლამენტირებული ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს მაკონტროლებელი ორგანოს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების ფაქტები, რაც გამოწვეულია ინსპექტორისთვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების წარუდგენლობის ან/და წარდგენილ დოკუმენტებში მონაცემების ბუნდოვანება-უზუსტობით.


– ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი. გაიზარდა ასევე დაკმაყოფილების წილი 86%-დან 96%-მდე.


– მსგავსი ტენდენციაა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშრებითაც. კერძოდ, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი.


– ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს.


– გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.


– საგულისხმოა, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი.


– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დატვირთულობას, ძირითადად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება განაპირობებს, რომელიც რამდენჯერმე აღემატება იმ ქმედებებთან დაკავშირებული ღონისძიებების რაოდენობას, რომელიც კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებასთან.


– მედიაში გახმაურებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნება. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...