Home » ბლოგი » ასე იწყებოდა – მიწის საკუთრების ისტორია საქართველოში

ასე იწყებოდა – მიწის საკუთრების ისტორია საქართველოში

ბლოგი

თამარ ფხაკაძე

მიწის საკუთრების საკითხის მოგვარებაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა. ისტორიული ქარტეხილები, რომლებიც მრავლად გადახდა ჩვენს სამშობლოს,მიწის საკუთრების უფლების მოუწესრიგებლობის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ. ცუდი მემკვიდრეობა დღესაც საკმაოდ მტკივნეულად იჩენს თავს. ჩემი აზრით, ამსაკითხის გადაჭრა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე შეუძლებლია.

 ისტორიული მემკვიდრეობა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე

რუსეთთან მიერთებით საქართველომ დიდი ხნის მანძილზე დაკარგა დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა. იგი მთლიანად რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. საქართველოში დამკვიდრებისთანავე რუსეთის ხაზინა ჯერ ქართველ მეფეთა საგვარეულო მიწებს დაეპატრონა, შემდეგ საეკლესიო მიწებიც მიითვისა.

მიწის საკუთრების საკითხის “მოგვარების“ მიზნით, რუსეთის ადმინისტრაციამ შემოიღო სამართლის კოდექსი, რომელიც კერძო მესაკუთრეებს ავალდებულებდა მიწის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის წარდგენას. ეს დოკუმენტი ქართველ მემამულეთა უმრავლესობას არ გააჩნდა, რადგან ქვეყანაში დამკვიდრებული იყო უძრავი ქონების შინაური ნასყიდობის საფუძველზე შეძენის ტრადიცია, რომელზე დაყრდნობით შექმნილი საბუთები რუსეთის ადმინისტრაციამ უკანონოდ გამოაცხადა. მიწის საკუთრების საკითხი კიდე უფრო რთულად იყო გლეხებში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მცირემიწიანი იყო, ნაწილს კი საერთოდ არ გააჩნდა მამული. ამგვარად, რუსეთის ხაზინამ არასამართლებრივი საშუალებებით, მათ შორის, ურჩობისა და მთავრობის ღალატის ცრუ ბრალდებით, გირაოს გადაუხდელობის კონფისკაციის გზით, სულ მოკლე ხანში ხელში ჩაიგდო თავადაზნაურთა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი და მოახერხა  საქართველოს „უმსხვილეს მემამულედ“ გადაქცეულიყო.

თავადაზნაურობამ, რომელთაც მცირე მიწებიღა შემორჩათ კერძო საკუთრებაში მიწის დაგირავება ან გაყიდვა[1] შემოსავლის ძირითად წყაროდ გაიხადა. ქართველ მესაკუთრეთა მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ერების წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდა. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ომის შემდგომ საგრძნობლად იმატა მოსახლეობამ, უმთავრესად ჩამოსახლებულ ხიზანთა ხარჯზე.

ხიზნობა ძველი ქართული ინსტიტუტია. ომის შემდგომ ჩამოსული ხიზნებისგარდა, ქვეყანაში მრავლად იყვნენ ოჯახები, რომელთა წინაპრები საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე იყვნენ საქართველოში ჩამოსახლებულები.  ხიზნები მუშაობდნენ როგორც კერძო მფლობელების, ასევე ეკლესიისა და ხაზინისთვის.

ხიზნობის როგორც ფენომენის მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ხიზანი პირადი შეთანხმების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით რჩებოდამიწის პატრონთან. ხიზანი და ყმა ერთმანეთისგან თავისუფლების ხარისხით განსხვავდებოდნენ. მასთან რაიმე იურიდიული ხელშეკრულება არ იდებოდა, მას ნებისმიერ დროს შეეძლო უარი ეთქვა მიწის მეპატრონესთან მუშაობაზე. თავის მხრივ,  მემამულესაც შეეძლო ხიზნის დათხოვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო გაწეული სამსახურისთვის თანხა გადაეხადა. მეპატრონესა და ხიზანს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, საქმე სამედიატორო წესით წყდებოდა.

1913 წელს კავკასიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი ხიზნური დამოკიდებულების გაუქმების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მიწადმფლობელებისთვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევას და ხიზნებისთვის საკუთრებაში გადაცემას. ამასთან ერთად, მათ ეძლეოდათ მემამულეთა ტყეებსა და საძოვრებში უფასოდ სარგებლობის უფლება, გამოსყიდვით უფლებით. ამ გზით, ხიზნებს თითქმის სრულიად უსასყიდლოდ ეძლეოდათ მიწები, მაშინ როცა დროებით ვალდებულ გლეხებს 1912 წლის კანონი,მემამულეებისგან მიწების გამოსყიდვას მიწის თითქმის სრული ღირებულების მიხედვითავადებულებდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მემამულეები მიწებს თავად საერთოდ არ ამუშავებდნენ, ეს საქმე სრულიად ხიზნებზე იყო მინდობილი, ისინი სრულიად უმიწაწყლოდ რჩებოდნენ. მათ სარგებლობაში დატოვებული მიწების 80% საძოვრებს და ტყეებს მოიცავდა, ე.ი. ისეთ მიწებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელში უნდა გადასულიყო. დანარჩენი 20% კი სამოსახლოს, საბაღე, სახნავს და სათიბს შეადგენს.

1919 წელს გამოცემული ალექსანდრე ასათიანის[2] წიგნის „მიწის საკითხი საქართველოში“, დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია მაშინდელი მიწის ფონდის აღრიცხვიანობის სურათი შევიქმნათ. ავტორი დაწვრილებით გადმოგვცემს ინფორმაციას სახაზინო მიწებისა და სახაზინო გლეხების მიწების საკუთრების შესახებ. იგი მონაცემებს სახელმწიფო ქონებათა უწყების 1888 წლის დიდტომებიან გამოცემებზე დაყრდნობით აღწერს. დასტურად მოჰყავს აგრეთვე: რამდენიმე ტომისახაზინო საზაფხულო და საზამთრო საძოვრებისა და საქონლის მოშენების შესახებ ამიერკავკასიაში; 1899-1902 წლებში ამიერკავკასიის მიწადმფლობელობის სტატისტიკური კომიტეტის გამოცემები; ძველი მიწად-მოქმედების სამინისტროს კრებულები; ხარჯის ამკრეფთა ყრილობის ოქმები, სამიჯნო უწყებებისა და სახაზინო პალატის ცნობები, სასოფლო-სამეურნეო აღწერები და სხვა.

იმჟამად საბოლოო სტატისტიკურ ცნობებად საქართველოს მიწადმფლობელობის შესახებ სახაზინო პალატების მასალები ითვლებოდა, რომლებიც სინამდვილესთან ყველაზე მიახლოვებული იყო. პალატებს, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდიდნენ მესაკუთრეები, რომელთა მიერ მოწოდებულ მასალებს  მხოლოდ ზეპირად (და არა აზომვებით) ამოწმებენ კომისიები. შესაბამისად, ესეც არ იძლეოდა ზუსტ წარმოდგენას თავადაზნაურთა თუ გლეხთა კერძო მფლობელობის კადასტრზე[3], თუმცა მათი სივრცისა და რაოდენობის შესახებ ზედაპური, დაახლოებით გათვლების გაკეთება შესაძლებელი იყო.

თავის წიგნში ალექსანდრე ასათიანი დამოუკიდებელი საქართველოს მიწის ფონდს  შემდეგნაირად აღწერს: „სახაზინო მიწებად, საქართველოს სამოქალაქო სამართლის 406 მუხლის თანახმად, ითვლებოდა მიწები, რომლებიც მიწად-მოქმედების სამინისტროს გამგეობაში ირიცხებოდა.ამ მიწების უმთავრეს ნაწილს შეადგენენ ადგილები, რომლებიც უჭირავთ ე.წ. სახაზინო გლეხებს თითქმის სრულ საკუთრებად, საშვილიშვილოდ. დანარჩენი ამ მიწებისა შეიცავს ტყეებს და საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს. საუფლისწულო მიწები უმთავრესად თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში იმყოფებოდა. ამ მიწების ერთი ნაწილი უჭირავს ხიზნებს და აგრეთვე საიჯაროდ აღებული აქვთ სოფლის საზოგადოებებსა და კერძო გლეხებს. აღმოსავლეთ საქართველოში სახაზინო გლეხებს შეადგენენ: საქართველოს მეფის ოჯახის გლეხების მოდგმა, გერმანელი ახალშენები, ოსმალეთიდან გადმოსახლებული სომხები და რუსეთიდან ჩამოსახლებული ყოფილი სალდათები. ქუთაისის გუბერნიაში სახაზინო გლეხებად ირიცხებიან საქართველოს სამეფო გვარეულობის და საქართველოს ეკლესიის გლეხები, საბატონო გლეხები, რომელთაც თავი გამოისყიდეს ბატონყმობის გადავარდნამდე ან თვით მებატონეთაგან იყვნენ გათავისუფლებულები უმიწაწყლოდ და უქორწინოდ შობილები“.

ამგვარად, 1918 წლამდე შექმნილი იყო ე.წ. მიწის ფონდი, სადაც ქართველი თავადაზნაურობა და გლეხი, რბილად რომ ვთქვათ,  ყველაზე არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

 

[1]აგრარული რეფორმის გატარების შემდეგ თავადაზნაურობა ფლობდა 1 776 823 დესეტინა მიწას, 1918 წლისათვის კი 622 625 დესეტინაღა შემორჩა.

[2]ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი

[3]ძალიან ხშირი იყო გადაფარვები, ცდომილებები.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...