Home » ბლოგი » დამოუკიდებლობა და პირველი აგრარული რეფორმა – „ჩვენი ტაქტიკა“

დამოუკიდებლობა და პირველი აგრარული რეფორმა – „ჩვენი ტაქტიკა“

თამარ ფხაკაძე

მკვლევარი.

მიწის კერძო საკუთრება, სავაჭროსამრეწველო მოქმედების თავისუფლება, წარმოების განვითარება, სამეურნეო ბაზრისა და სამუშაოს უზრუნველყოფააი მთავარი საგლეხო ეკონომიკური მოთხოვნილება“.

ნოე ჟორდანია, „ჩვენი ტაქტიკა

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად ნოე ხომერიკიდაინიშნა. თავის წიგნში „აგრარული რეფორმა და სახალხო მეურნეობა“, იგი აღნიშნავს: „სასოფლო მეურნეობას მეტად დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს სახალხო მეურნეობაში, ამიტომ მის შესახებ კვლევა-ძიება და ზრუნვა სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთ მთავარ საგანს უნდა შეადგენდეს.“

მთავრობის ერთ-ერთი გამოცემაში ნათქვამია: „საქართველოს მიწებზე მთავრობას რუსი და სხვა უცხოელი კოლონიზატორების მთელი სოფლები ჰქონდათ დაარსებული, ქვეყნის ბევრ პროვინციაში მთავრობას ქართველი გლეხებისთვის მიწის ყიდვა ჰქონდა აკრძალული ამ ეგრეთ წოდებული „იმპერიული საკუთრებიდან“.  ახალგაზრდა რესპუბლიკის მთავრობის წინაშე რთული ამოცანა დადგა. აუცილებელი იყო მიწის რეფორმის გატარება, რადგან ეს საკითხი იმხანად პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ საკითხთან.

1919 წლის დასაწყისში საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა მოამზადა და მიიღო კანონები: სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდან მცხოვრებთათვის მამულის კერძო საკუთრებად მიცემის შესახებ და ყოფილ სანადელო[1], სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ. კანონების გამოცემის პარალელურად, შეჩერდა მიწების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება.

რეფორმა[2] ორ ეტაპად დაიგეგმა. პირველი ითვალისწინებდა სახელმწიფო, საუფლისწულო, საეკლესიო-სამონატრო და კერძო მესაკუთრეთა მიწების კონფისკაციას და სახელმწიფო და საადგილმამულო ფონდში გადაცემას. ტყეები, წყლები, ბუნებრივი წიაღისეული და საძოვრები განაწილებას არ ექვემდებარებოდა. მეორე ეტაპი გულისხმობდა დარჩენილი მიწების უმიწო ან მცირემიწიანი გლეხებისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემას; მიწის ფონდის სიმცირის გამო, მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან უმიწო გლეხების აუთვისებელი მიწებზე დასახლებას და სასაზღვრო რაიონების უსაფრთხოების მიზნით, ქართველი მოსახლეობის მომიჯნავე ტერიტორიებზე ჩასახლებას.

კანონის ძალით, მესაკუთრედ გამოცხდნენ სახაზინო გლეხები, ხიზნები, მთიან ოსეთის გლეხთა ნაწილი, რომელიც სამაჩაბლო მიწებით სარგებლობდა და სხვა კატეგორიის გლეხები. მიწა „გლეხის ხელში გადავიდა და, უეჭველია, იგი სოფლის ეკონომიკური აღორძინების უდიდეს ფაქტორად გადაიქცევა“ – წერდა თავის წიგნში ნოე ხომერიკი.

1919 წლიდან  მიწების ჩამორთმევის პარალელურად, მუშაობა რეფორმის მეორე საფეხურის განსახორციელებლად მიმდინარეობდა, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  გულისხმობდა საფონდო მიწების განაწილებას უმიწო და მცირემიწიან გლეხთა შორის.

აი რას წერს ამ პროცესის მსვლელობაზე თავად ნოე ხომერიკი:

[1]მიწისპატარანაკვეთი, რომელსაცაძლევდნენგლეხისოჯახსსარგებლობისათვის; ნაწყალობევიმიწა.

[2]1919 წლის 30 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მიწათმოქმედების სამინისტროს განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადადებისა და აგრარული რეფორმის ჩასატარებლად“. კანონს ხელს აწერდნენ პარლამენტის თავვმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფაქტიური მდგომარეობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. იგი უფრო გამანაწილებელი ორგანოს კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. მიწა ახალ მეპატრონეს არა სრულიად უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასებში ეძლეოდათ. შემოსული თანხებით მთავრობა რეფორმის დახვეწას ვარაუდობდა.

მიწის გადაცემის გეგმა საბოლოოდ ამგვარად ჩამოყალიბდა: მიწა გადაცემა მოხდებოდა: საკუთრებაში; მხოლოდ უმიწაწყლოებს და მცირემიწიანებს; მცირე საფასურით, ფასების შკალას აწესებდა სამინისტრო რაიონების მიხედვით; უშუალოდ რაიონებში  ფასს კომისია[1] მიწის ხარისხის მიხედვით. კომისია გასცემდა „მყიდველთ საბუთს.“

რეფორმის[2] წყალობით კერძო საკუთრების წახალისებამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური პირობები შექმნა. სოფლის მეურნეობის რიგ დარგებში (მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა) თვალშისაცემი აღმავლობა დაიწყო, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის რეალურ წინაპირობას ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით, მინისტრმა ხომერიკმა თანამდებობა დატოვა. ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შიდა და გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ნელ-ნელა დაიძაბა.

საქართველოს ისტორიაში შემდგომ დატრიალებული ცნობილი ამბების შემდეგ, სიტუაცია კერძო საკუთრების მხრივ სრულიად შეიცვალა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე კერძო საკუთრების მორიგი ნიშნები მხოლოდ 70 წლიანი უღელის მოშორების შემდეგ გაჩნდა.

ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

[1]საქმის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, კომისიის წევრების არჩევა თავისი წრიდან სათემო ხმოსანთა კრებას მიენდო.

[2]პირველი რესპუბლიკის აგრარულ რეფორმას ხალხი  „ხომერიკის რეფორმის“ სახელით მოიხსენიებდა.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...