Home » ინტერვიუ » ჩაშლილი ლგბტ მარში, ქამრები, კომბალი, გახარიას გადადგომა, პროპორციული სისტემა და დებუტატების რიცხვი…

ჩაშლილი ლგბტ მარში, ქამრები, კომბალი, გახარიას გადადგომა, პროპორციული სისტემა და დებუტატების რიცხვი…

ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით GmTV ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

ბ–ნო ზვიად თქვენ აქტიურად მონაწილეობდით ლგბტ მარშის ჩაშლის მიზნით ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, როგორია თქვენი აზრი, ვისი დამსახურებაა რომ დაანონსებული ლგბტ მარში ვერ ჩატარდა?

ეს დამსახურებაა ქართველი ხალხის, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იყო უზნეობის ზეიმისა ჩატარებისა, რაც დაადასტურა იმედის ეთერში დადებულმა ინტერაქტივმა, სადაც 50 000 მა მაყურებელმა დარეკა და აქედან 98% იყო წინააღმდეგი. გარდა ამისა, დიდი წვლილი მიუძღვის ლევან ვასაძეს, ფაქტია დღეს კონსერვატიულ ფლანგზე მის გარდა, სხვა არ შეუძლია 10 000 კაცის გამოყვანა ერთ დაძახებაზე, წინასწარი მოზადებისა და ფინანსური სახსრების გამოყენების გარეშე.

რამდენად სწორად იყო შერჩეული ტაქტიკა პრაიდის ჩასაშლელად, ლევან ვასაძის ვერის ბაღში მიმართვის დროს გაჟღერებული გეგმა წესრიგის დამცველი რაზმების შექმნის, კომბლების და ქამრების გამოყენების შესახებ?

ფაქტია, რომ ამან გაამართლა და პრაიდი არ შედგა, გარდა ამისა, ლევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ემიჯნებოდა ყოველგვარ ძალადობას და ზღაპრის პერსონაჟი კომბლეც დაძაბული სიტუაციის შესამსუბუქებლად გამოიყენა, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ მისი გეგმის შესახებ მე არაფერი არ ვიცოდი და ამის შესახებ მეც, ისევე როგორც ვერის ბაღში შეკრებილმა საზოგადოებამ იქ გავიგე.

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომამ სრულიად გადაფარა ლგბტ პრაიდის თემა, მედიის და საზოგადოების ყურადღება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისკენ იქნა მიპყრობილი, როგორ ფიქრობთ რა მოხდა 20 ივნისს?

ვერის ბაღში მიმდინარე აქციის მასშტაბმა და თემის აქტუალობამ, დიდი შეშფოთება გამოიწვია ლიბერალურ ბანაკში, როგორ საქართველოში ისევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ იფიქრეს რომ ევროპასა და აშშ–ში მიმდინარე კონსერვატიულ–ნაციონალურმა ტალღამ საქართველოშიც მოაღწია, ამიტომ, გამოიყენეს გავილოვის ვიზიტი და ჩაატარეს წარმატებული სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ნაციონალურ მოძრაობის, ევრონაცების და სხვა ლიბერალური ორგანიზაციების ლგბტ მარშის მხარდაჭერის გამო დავარდნილი ლიბერალების რეიტინგის გამოცოცხლებასა და ვერის ბაღში მიმდინარე აქციის გადაფარვას. რა თქმა უნდა ყველასთვის ნათელი იყო, რომ გავრილოვის დასმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, დიდ აღშფოთებას გამოიწვევდა ქართულ საზოგადოებაში, სრულიად სამართლიანადაც, თუმცა ეს ორგანიზაციები სათავეში მოექცნენ რუსთაველზე შეკრებილ აღშფოთებულ საზოგადოებას და სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

20 ივნისს დაშავდნენ პოლიცილები და მომიტინგეები, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები სახის და თავის არეში, შედეგად აქციაები კვლავ გრძელდება და ითხოვენ შსს მინისტრის გახარიას გადაყენებას, უნდა გადადგეს თუ არა შსს მინისტრი?

როდესაც სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, სამართალდამცავ ორგანოებს ხელ–ფეხი აქვთ გახსნილი ძალის გამოყენებაზე, მაგრამ ისმის კითხვა, საკმარისი იქნებოდა თუ არა წყლის ჭავლი, ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი და წარმოადგენდა თუ არა აუცილებლობას რეზინის ტყვიის გამოყენება? თან არა ფეხებში, არამედ წელსზევით, უფრო მეტიც, თავის და სახის არეში. გარდა ამისა, რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა არა უშუალოდ პარლამენტის შტურმის დროს, არამედ ოდნავ მოგვიანებით, როდესაც პარლამენტზე “შეტევა” თითქმის დამთავრებული იყო. გახარიამ დაკისრებული მოვალეობა შეასრულა, არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანა დიდი განსაცდელისგან იხსნა, თუმცა უნდა ჩატარდეს გამოძიება და ის პოლიციელები, რომლებიც სახეში დამიზნებით ნადირობდნენ ახალგაზრდებზე უნდა დაისაჯონ, ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ვინც დაგეგმა და მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებასა და პოლიციის კორდონზე მიტანილ იერიშში. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სანამ პარლამენტზე შტურმი დაიწყებოდა, 22:30–წუთზე რუსთავი2––ის ეთერში აჩვენეს პირდაპირი ჩართვა პარლამენტიდან, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი გახარიასგან მოითხოვდა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას, თან დაამატა სიტყვები „სანამ ხალხი პარლამენტში შემოვარდნილაო“, რატომ უნდა დაეწერა გახარიას განცხადება, მაშინ როდესაც რეზინის ტყვიები გამოყენებული არ იყო? ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებას კი არა, ლგბტ პრაიდის ჩაშლას ვერ პატიობენ…

აქციები კვლავ გრძელდება მომიტინგეების ერთ–ერთი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, რას გვეტყვით ამის შესახებ?

თავდაპირველად ვიტყვი, რომ აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას, რუსეთიც ოკუპანტია და გავრილოვის თემაც გასაპროტესტებელი იყო, თუმცა ეს პროცესი მართულია ლიბერალური ორგანიზაციების მიერ და შესაბამისად აქციის აპოლიტიკურად გასაღება კომიკურია, აპოლიტიკური როგორ არის როდესაც პროპორციულ არჩევნებს ითხოვ? ეს იგივეა მარხვაზე ვარო თქვა და რესტორანში ხაშლამა შეუკვეთო. გარდა ამისა, რაც არ უნდა სამართლიანად აპროტესტებდე რაიმეს, როდესაც აქციაზე პატრიარქს აგინებენ, მიტინგი კი ლგბტ თემის მხარდამჭერებსა  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიჰყავს ის აქცია უნდა დატოვო.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას და ნულოვან ბარიერს, პროპორციული არჩევნები 5% ბარიერით უნდა ჩატარებულიყო 2024 წელს. ივანიშვილის ახალი ინიციატივა ნულოვანი ბარიერის შესახებ, მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელსაც 113 ხმა სჭირდება, ვინაიდან ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არა აქვს, დასჭირდება ოპოზიციის ხმები, ნაცებისთვის და ევრონაცებისთვის პროპორციული არჩევნები კი იყო მისაღები, მაგრამ ნულოვანი ბარიერი რამდენად მისაღებია მალე გამოჩნდება. პროპორციული არჩევნებზე გადასვლას ახლავს რამდენიმე ნაკლოვანება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებს აღარ ეყოლებათ წარმომადგენლები პარლამენტში, რაც შესაძლოა პრობლემატური იყოს, გარდა ამისა, პიროვნებას, რომელსაც პოლიტიკური პარტიის გარეშე შეეძლო კენჭი ეყარა მაჟორიტარულ ოლქში, ახლა იძულებული იქნება საკუთარი თავი რომელიმე პარტიას დაუკავშიროს.
ნულოვანი ბარიერი განაპირობებს ჭრელ პარლამენტს, ერთი პარლამენტის მანდატი დაახლეობით 10–12 ათასი ხმა „ეღირება“, გარდა წვრილ–წვრილი პოლიტიკური სპექტრისა, ეს ინოვაცია ასევე ცდუნებაა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ფეისბუკში სტატუსზე 100–ზე მეტი მოწონება (ლაიქი) დაუმსახურებია. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებისთვის არსებულ 260 პარტიას კიდევ ბევრი შეემატება და ამომრჩეველზე მეტი შესაძლოა ასარჩევი კანდიდატი გვყავდეს.  ქვეყნისთვის და ხალხისთვის კი ბევრი არაფერი შეიცვლება, თუ იქამდე ძლიერი კონსერვატორული მესამე ძალის ფორმირება არ მოხდა. ერთსაც დავამატებ, თუ საკონსტიტუციო ცვლელებებს ვაპირებთ, 150 დეპუტატი საქართველოს არ სჭირდება, 100–იც სრულიად საკმარისია და კარგი იქნება თუ შეამცირებენ, თუმცა ამის მოლოდინი ნაკლებად მაქვს.

 

 

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...