Home » კატეგორიის გარეშე » “საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია”

“საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია”

არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო  ცვლილებების განხილვა პარლამენტში იქნება დინამიური და საკომიტეტო ფორმატებში ყველას ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება

 

„დაწყებული გვაქვს კონსულტაცია და უმოკლეს დროში შევთანხმდებით, თუ როგორი იქნება სამუშაო ფორმატი და ინტერაქცია იმ მხარეებთან, ვისაც აინტერესებს, რომ კონკრეტული წვლილი შეიტანოს ამ პროექტის ჩამოყალიბებაში”,- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2020 წელს პროპროციული არჩევნების ჩატარება საზოგადოების დაკვეთაა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას მიიღო.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს. აქ გამომსვლელებს, რა საკვირველია, ვეთანხმები, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მათ შორის ეს არის,  იმ ახალი თაობის და ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც ასე პრინციპულად მოითხოვეს ამ საკითხზე კონკრეტული  გადაწყვეტილება. თუმცა, არც ის არ უნდა გაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა გავაკეთეთ. მართალია, ეს იყო 2024 წლისთვის, თუმცაღა, წინა სამ წელს, ან ექვსი წლით ადრე, ან 9 წლით ადრე, ან 12 წლით ადრე რომ მიეღო პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეს გადაწყვეტილება, დღეს უკვე გვექნებოდა პროპორციული სისტემა. ცალსახად, ჩვენი რეაქცია და სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება, ეს არის საზოგადოების მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი, როდესაც ვცვლით ამ არჩევნების ჩატარების თარიღს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა საკონტიტუციო ინიციატივის განხილვის ფორმატზეც და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საკითხს პარლამენტის ბიუროზე განიხილავენ, ხოლო შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, შეიქმნება კომისია, რომელმაც საჯარო განხილვები უნდა უზრუნველყოს.

 

„რაც გარანტირებულად დღესვე ვიცით უკვე, არის ის, რომ ამ ცვლილებების განხილვა პარლამენტში იქნება ძალიან დინამიური, ძალიან მონაწილეობითი და საკომიტეტო ფორმატებში, ყველას, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

“რეგლამენტირებულია შემადგენლობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ და რა თქმა უნდა, უმრავლესობის წევრებთან ერთად ეს სამუშაო პროცესი წავა წინ. პირველი სამუშაო შეხვედრა იყო და აქაც ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვიცი, რომ ინტერესი არის საარჩევნო გარემოზე, კამპანიების რეგულაციებზე, დაფინანსებაზე, საეთერო დროის განაწილებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პროპორციულ არჩევნებთან ერთად ამ საკითხებზეც პარალელურ რეჟიმში, სამუშაო პროცესი წარიმართება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი და დემოკრატიული გადაწყვეტილება იყო. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზეც.

 

„ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ეს ინიციატივა და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ასე, რომ ვფიქრობ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში იქნება კონსოლიდირებული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში სჭირდება ხმების სამი მეოთხედი, შესაბამისად, აქ ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინი ითხოვდნენ აქტიურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ახლა საზოგადოების მოლოდინი არის, რომ მხარს დაუჭერს ოპოზიციაც ამ გადაწყვეტილებას. მათი ხმებიც არის საჭირო, რომ 2020 წელს ჩატარდეს პროპორციული არჩევნები”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პროპორციული სისტემა, ნულოვანი ბარიერით, ოპოზიციის სპექტრში არსებულ ერთგვარ მონოპოლიზაციას აუქმებს. მისივე შეფასებით, ერთადერთი, ვისაც შესაძლოა, ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნების ჩატარება არ აწყობდეს, მაღალი ალბათობით,  ის პოლიტიკური პარტიებია, ვისაც ოპოზიციაში ერთგვარი ექსკლუზივის ქონის მცდელობა ჰქონდათ.

 

საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გუშინ გატაცებული 7 მოქალაქის შემდეგ, დღეს ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს ...