Home » მთავარი » ,,მთვარის მოტაცება” – სოხუმის თეატრს უკან დახევა არ სჩვევია, სამწუხაროდ, ჯერაც  ,,შორია აფხაზეთამდე”…”

,,მთვარის მოტაცება” – სოხუმის თეატრს უკან დახევა არ სჩვევია, სამწუხაროდ, ჯერაც  ,,შორია აფხაზეთამდე”…”

სალომე კაპანაძე

,,მთვარის მოტაცება” სოხუმის  თეატრის სცენაზე…

კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცება” თეატრის სცენაზე უშეღავათო მოცემულობა და    გამბედაობის მასტერკლასია სადადგმო ჯგუფისთვის… აქ მხოლოდ  რეჟისორის  ავტორიტეტის იმედად ვერ დარჩები, რადგან ამ მონუმენტურ, მითოსური პლანითა და სიმბოლური ჰიპოსტასებით გაჯერებულ მხატვრულ ტექსტში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი.  სოხუმის კონსტანიტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის ,,მთვარის მოტაცების” გასცენიურებას პასუხისმგებლობასთან ერთად ალბათ  ახლდა ბერგმანის ,,უცნაურისა და საშიშის შეხვედრის” აპოკალიფსური შიშიც, ეს შიში უნდა არსებობდეს, როცა კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრულ სამყაროში დააპირებ შესვლას და  იგი მაშინ ჩაივლის,   როცა თეატრისგან მინიჭებული ბედნიერების განცდა მაყურებელს ამ ,,წუთისოფლის ღელვა ტორტმანში” დიდხანს გაყვება  საგზლად.   ნებისმიერი კულტურის პროდუქტის  შექმნის მიზანი თავის სოციალური, ესთეტიკური დანიშნულების პარალელურად, უსათუოდ ესეც არის..

ამ განცდით ვტოვებ 2019 წლის 1 ივლისს, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, სადაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ,,მთვარის მოტაცების” პრემიერა წარმოადგინა. დადგმა ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს პირველი პრეზოდენტის- ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ვტოვებ თეატრს და ვგრძნობ, დიდხანს გამყვება ,,საგზლად” რეჟისორ გოჩა კაპანაძის  მორიგი სახელოვნებო მასტერკლასის, მისი თავკაცობით შექმნილი მუსიკის, მხატვრობის, სიტყვის გამომსახველობითი მაგიის, ჟესტის, მიმიკის, პლასტიკის, სახიობის უსაზღვრო შესაძლებლობებისა და სცენური შესატყვისობის ესთეტიკური კოლაბორაციის შედეგი.  და კიდევ, უცნაური,  ექსტრემალური შეგრძნება, რომელიც ამ თეატრის ერთგულ მაყურებელს ბუნებრივად უნდა უჩნდებოდეს ხოლმე – აქ ხომ მეორე დუბლი  არ არსებობს და ყოველი შეცდომა თეატრის ფოლიანტებში ჩაიტვირთება.

დიდია რისკი, როცა კონსტანტინე გამსახურდიას რომანის გასცენიურებას   ეხება საქმე და თანაც  ,,სოხუმის თეატრში”. ადგილის დედას მოწყვეტილმა გუნდმა პროფესიონალიზმის მაჯისცემა კარგად უნდა მოისინჯოს, რადგან  არავინ მისცემს შეღავათებს იმის გამო, რომ წლებია დევნილი თეატრის ხვედრს იზიარებს,  არ ჰქონდა საკუთარი სცენა და აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი სტაბილურობის განცდა. თუმცა ფაქტია, რომ  ამ თეატრს    კომპრომისები  არასოდეს დაჭირვებია. მას  დევნილობაში, ასეთ მოცემულობაში ახსოვს თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, რობერტ სტურუა, ჭოლა წულაძე და  გიორგი თავაძე.  იგი უკვე მერამდენედ ერკინება თეატრის ისტორიისათვის  უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს –    ქართული პროზის დიდოსტატის- კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული სამყარო გადაიტანოს  სცენაზე  და იმარჯვებს კიდეც, რადგან  კვალდაკვალ მიყვება,  გრძნობს მწერლის ესთეტიკას,  ძირითად სათქმელს  და ღირსეულ განაცხადს აკეთებს თეატრის ისტორიისათვის. .    ,,დიდოსტატის მარჯვენა”, ,,ეწერში მდგარი თხმელა” და ახლა უკვე ,,მთვარის მოტაცება”, რომანი, რომელიც   არამარტო თავისი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობის, არამედ იმ დიდაქტიკის  გამოც  არასოდეს დაკარგავს  აქტუალობას, რომელიც  ,,ზარის შემოკვრის” ფუნქციას  ასრულებს ჩვენი ეროვნული დეზორიენტირების ჟამს.

თამაზ გოდერძიშვილის სანაქებოდ უნდა ითქვას,  მან ოსტატურად, ჩვენი   ეროვნული ყოფის  შესაბამისად  შეძლო  მწერლის მესიჯების კონსტრუირება სცენაზე.  მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტრილოგიას ეხება, რომელშიც თითოეული თავი სიმბოლოა და  საკრალური შინაარსი აქვს, თამაზ გოდერძიშვილმა ყველა სადადგმო პრინციპების დაცვით განახორციელა  სცენიდან  მწერლის მარადიული ჭეშმარიტების გადაცემის აქტი.

სპექტაკლის რეჟისორი- გოჩა კაპანაძე ალბათ ბევრს იფიქრებდა, ვიდრე ,,მთვარის მოტაცების” დადგმას გადაწყვეტდა. ის არ გახლავთ  კომპრომისებს მიჩვეული ხელოვანი და ამის გარეშეც ღირსეულად გრძნობს თავს ქართულ თეატრში.  მას შეუძლია სცენაზე შექმნას კორპორაცია, რომელიც არ წარმოშობს კონფლიქტს ავტორის ტექსტსა და მის რეჟისორულ ჩანაფიქრს შორის. ეს  მოცემულობა ბევრს,  მათ შორის- მეც მამშვიდებდა. მაგრამ მაინც უცნაურად ვღელავდი პრემიერაზე, რადგან  მე არ ვიყავი მხოლოდ მაყურებელი, ჩემი ემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით,  მქონდა სურვილი იმ  იდეის განახლების,  რომელიც  ზოგადად  სოხუმის თეატრის მნიშვნელობას, მის სათქმელს უკავშირდებოდა…

რეჟისორის შემოქმედებითი ენერგია, სტილი, ინტელექტი, ფრანს ბოასის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,კულტურის სათვალე” პირველივე მოქმედებიდან გაგრძნობინებს თავს. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვის ვიდეოჩანაწერის გამოყენებამ სპეტაკლის დასაწყისში   შექმნა კარგი მოლოდინი, იმ კავშირის განცდა, რომელიც უნდა არსებობდეს, თითქოს მწერალი უშუალოდ მეგზურობდა რეჟისორს და ქვეცნობიერად,  გარანტი იყო იმ აკადემიურობის, რომელმაც  ფასი დაკარგა ექსპერიმენტული ხელოვნების ეპოქაში. უზუსტობის  შიშმა, რომელიც ლიტერატურათმცოდნეებს ხშირად გვიჩნდება ხოლმე კლასიკოსების გასცენიურების დროს, პირველივე მიზანსცენიდან უკან დაიხია. როცა  სასიყვარულო სამკუთხედის- თარაში, თამარი, არზაყანის  დრამატიზმი ოსტატურად  განსხეულდა მსახიობთა უსიტყვო მოძრაობაში, საიდანაც დაიწყო მათი სცენური ყოფა. ამასთან,  კარგად გამოჩნდა  სოციალური, ძველისა და ახლის მასშტაბური სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი, ეპოქალური ყოფა.   გაიხსნა მწერლის  დაშიფრული სათქმელი, საბჭოთა ცენზურის შიშმა რომ გამოაცალა მხატვრულ ტექსტს. დღეს  სახელოვნებო სივრცეში მაქსიმალური კომფორტია  თავისუფალი რეფლექსიისათვის, თუმცა მწირია ამ შიფრის გახსნისათვის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობები.  ამ თვალსაზრისით, გოჩა კაპანაძის  რეპუტაცია არასოდეს ბადებდა ეჭვსა და უნდობლობას. ,,მთვარის მოტაცებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი შესაძლებლობები.

სპექტაკლში დაკავებულ  მსახიობთა გუნდმა, ვფიქრობ,  ყველაზე კრიტიკულ მაყურებელსაც  გამოაცალა სათქმელი. ასეთ დროს, რომანის კითხვის დროს  მიღებული ემოცია მსახიობთათვის ხელშემწყობი ვერ იქნება,   პირიქით,  სწორედ ეს ფაქტორი აყენებს ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე  მათ ოსტატობას, რადგან   მაყურებელი სახილველის ფაზაში შედის და აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, მსახიობი არ გასცდეს  წიგნის კითხვისას გამოყოლილ მის წარმოდგენებს პერსონაჟებზე.  ფაქტია, ეს წარმოდგენები განსაზღვრავენ დღემდე ,,მთვარის მოტაცების” კინოვერსიის  შეფასებებს, სადაც თარაშისა და თამარის სახე ერთობ უფერული გამოდგა.  უნდა ვაღიარო, ნინო შავგულიძის უნატიფესმა თამარმა, ჯანო იზორიას არზაყანმა, ნიკა წერედიანის თარაშ ემხვარმა მაყურებელი იმედგაცრუებული არ დატოვა.

მათთან ერთად ლონდა კაციას, ჯულიეტა პაკელიანის, კახა შარაბიძის, გიორგი გასვიანის, მარინა სოლომონიას, სანათა ძაძამიას, ბადრი ბეგალიშვილის,  ეკატერინე არჩაიას, ვერიკო კალანდიას, მარიამ ყოლბაიას, დათო ბერაძის, ლელა შარაბიძის, ნუგზარ წერედიანის, ედემ ხვიჩიას, იზოლდა ბოკუჩავას, გია გოგიშვილის  მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა სახილველ ფაზაში ბუნებრივად, უმტკივნეულოდ გადაიყვანა მაყურებელი. მსახიობთა ეს გუნდი საოცრად ბუნებრივად გრძნობდა თავს კონსტანტინე გამსახურდიას რომანის სივრცეში. მერაბ ყოლბაიას ლუკაია ლაბახუა ცალკე  საუბრი თემაა… მან ,,უკანასკნელი მოჰიკანი დასავლეთის ფეოდალების კარად მოზიმზიმე ლენჩების, ბნედიანების ლეგიონისა” სცენაზე  იმ დრამატიზმით წარმოადგინა, პატრიარქალურ ნგრევას რომ ახლდა იმ საბედისწერო 30-იან წლებში. მერაბ ყოლბაიას ეს სცენური სახე ერთ-ერთი საუკეთესოა და საერთოდ, ვფიქრობ, გოჩა კაპანაძის ,,მთვარის მოტაცებამ”  მსახიობებს საუკეთესო შესაძლებლობა მისცა  შემოქმედებითი პოტენციალისა  და ტალანტის გამოვლენის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს სპექტაკლი თითოეული მათგანისთვის ერთგვარი  მისიაც იყო,   რათა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ჩვენი უახლესი წარსული, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დრამა და დროის მტვრისაგან გადაგვეწმინდა  მეხსიერების ლაბირინთები.

სპექტაკლში  საუკეთესოა დატირების სცენა. მსახიობები ბეწვის ხიდზე გადიან, სადაც მხოლოდ გარდასახვის პროფესიონალიზმი არ კმარა, პირადი სულიერი გამოცდილება და ფსიქოემოციური მზაობა გჭირდება, სიყალბე რომ არ იგრძნოს მაყურებელმა.

მიუხედავად თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენის მასშტაბებისა,  სპექტაკლში პრაგმატულად, ეფექტურად არის გამოყენებული სივრცე, რომელშიც  დეკორაციები,  განათების პარტიტურა ქმნის განწყობას, რათა  მაყურებელმა მწერლის სამყაროში იგრძნოს თავი. განათება,  ფერის სიმბოლიკა, რომელსაც დადგმაში თავისი კონტექსტი აქვს, მსახიობთან ერთად სუნთქავს  და აძლიერებს ემოციურ ეფექტს.  სვეტლანა გოგოხიას და  ანა ნინუას ამ ხელწერას  იმ შედეგისთვის, რომელიც ვიხილეთ, ფასეული წვლილი აქვს.

თეატრალური კრიტიკა ამ სპექტაკლზე თავის სათქმელს იტყვის, შესაძლოა, ზოგიერთი რამ გადაიხედოს და ჩემს სურვილებსაც დაემთხვეს- რომანის მთავარი გმირის- თარაშ ემხვარის დაღუპვის ეპიზოდი ,,მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია” მრავლისმთქმელ მეტაფორად რომ ქცეულიყო ფინალური სცენისთვის.

დიახ, სოხუმის თეატრს უკან დახევა არ სჩვევია.  ასე იქნება დაბრუნებამდე და მის მერეც,

მანამ კი, სამწუხაროდ,   ჯერაც  ,,შორია აფხაზეთამდე”…

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. ...