Home » ეკონომიკა » ეკონომიკური ბრძოლის ინსტრუმენტი – სანქცია, რომელიც წითელ ხაზს ავლებს ომსა და მშვიდობას შორის

ეკონომიკური ბრძოლის ინსტრუმენტი – სანქცია, რომელიც წითელ ხაზს ავლებს ომსა და მშვიდობას შორის

ეკონომიკის დოქტორი

რატი აბულაძე

საერთაშორისო სანქციების ეკონომიკური გავლენა

თანამედროვე ეკონომიკური ბრძოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს სანქცია, რომელიც წითელ ხაზს ავლებს ომსა და მშვიდობას შორის.

ესკალაცია და აგრესია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს მსოფლიო წესრიგს. შესაბამისად ასეთი ქვეყნების მიმართ წარმოებს ეკონომიკური ზეწოლა სანქციების სახით. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ეკონომიკური რესურსების გამოყენება წარმოებს პოლიტიკური ინსტრუმენტის სახით.

სანქცია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მოცვას და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით აწარმოებს სადამსჯელო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ღონისძიებებს კონფლიქტების პრევენციის, ძალადობის ესკლაციისა და ქვეყნის პოლიტიკის შეცვლისათვის. იმისათვის, რომ აქტორებმა მანევრირების გზები ვერ გამონახონ, სანქციები მხარდაჭერილია რესურსებითა და პარტნიორებით.

ეკონომიკური კონფლიქტები ცვლის გლობალურ არქიტექტურას. აღნიშნულ მოცემულობაში, ახალი რაუნდის სანქციების სამიზნე ქვეყნებიდან შეიძლება აღვნიშნოთ:

  • რუსეთი. ცალკეულ ქვეყნებთან სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფისა და აგრესიული ქმედებების გამო ამოქმედებულია სანქციების პაკეტები. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში სანქციების თითოეულ პაკეტს მძიმე შედეგი ჰქონდა რუსული ეკონომიკისთვის. სანქციების ფონზე, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა პროექტების განხორციელება, ფინანსური ოპერაციები, ბიზნეს თანამშრომლობა, ენერგეტიკულ სფეროში სუბსიდირება და ტრანსფერტები;
  • რუსეთის ფედერაცია ასუბსიდირებს ნავთობის ფასს, როგორც შიდა ბაზრისთვის ისე მოკავშირეებისთვის ენერგორესურსების ექსპორტისას. სანქციების შედეგად, ბიუჯეტს დანაკარგების კომპენსირება 25-30 მლრდ რუბლს აღწევს (2019 წლის მეორე ნახევარში). ამასთან, მხოლოდ ბელარუსისთვის, ენერგორესურსების ექსპორტის სუბსიდირება საბაზრო ფასზე დაბალი ფასით წლიურად 2.4 მლრდ დოლარს შეადგენს (vedomosti);
  • აღსანიშნია, რომ რუსეთი ნიველირებს აგრესიულ ქმედებასა და პოლიტიკურ ინტერესებს შორის. თუმცა, სანქციების მიუხედავად რუსეთის უკანდახევა მიღწეული ვერ იქნა. ფაქტობრივად, რუსეთმა ისწავლა სანქციების ეფექტების მინიმიზირება საერთაშორისო საზოგადოებისთვის „არაფრის მიცემით“;
  • 2014-2016 წწ-ში, დასავლეთის სანქციების შედეგად ვაჭრობის დანაკარგებმა 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო რუსული კონტრსანქციების შედეგად ვაჭრობის დანაკარგებამ 10.5 მლრდ დოლარს მიაღწია. 2013 წლიდან ევროკავშირიდან რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახევრდა. ყოველწლიურად ევროპელი ფერმერები რუსული ემბარგოს გამო 5 მლრდ ევროს კარგავენ. „სავაჭრო ომის“ ზიანის გამო ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები 30 მლრდ ევრო უჯდება (2018 წ, ავსტრიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში, vestifinance). გერმანულ-რუსული სავაჭრო პალატის შეფასებით, სანქციების გამო გერმანულმა კომპანიებმა 1.1 მლრდ ევროს შემოსავლები დაკარგა 5 წელიწადში, თუმცა საერთო რაოდენობა რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს რუსეთში მოქმედი 4500 კომპანიისათვის;
  • მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშით, სანქციების შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად კარგავს 16-24 მლრდ დოლარს. ბოლო 5 წელიწადში დანაკარგების მოცულობამ 80-120 მლრდ დოლარს მიაღწია. რუსული წყაროების ცნობით, რუსეთს შეზღუდვები 50 მლრდ დოლარი დაუჯდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით კი დაწესებული სანქციების გამო ევროკავშირის ქვეყნების დანაკარგებმა შეადგინა 240 მლრდ დოლარი, აშშ-ს დანაკარგებმა მიაღწია 17 მლრდ დოლარს, ხოლო იაპონიას დანაკარგებმა – 27 მლრდ დოლარს;
  • სანქციების საფრთხეების გამო, რუსი ოლიგარქების აქტივების ქვეყანაში რეპატრიაციისათვის, დაგეგმილია ანონიმური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა. სხვადასხვა შეფასებით მათი აქტივების სიდიდე მერყეობს 200 მლრდ-დან 1 ტრლნ დოლარამდე;
  • თუ ერთის მხრივ ადგილი აქვს ჩრდილოეთ ნაკადის (Nord Stream 2) წინააღმდეგ ქვეყნების მოქმედებას, მეორეს მხრივ ვხედავთ პროექტის ლობირებას;
  • სანქციების მიმართ რუსეთის მზაობას აჩვენებს ის ფაქტიც, ფედერალური ბრძანებით რუსულმა კომპანიებმა არ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმწოდებლებზე და სუბქონტრაქტორებზე (2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივლისამდე). რის საფუძველზეც რუსეთმა დამალა ის კომპანები, რომელთაც საქმე აქვთ რუსულ თავდაცვასთან;
  • საფინანსო ინსტიტუტებისთვის სანქციების არიდების მიზნით, დაიგეგმა სპეციალური ბანკის შექმნა, პროგრამების განხორციელების მოტივით.
  • ირანი. ირანის ემბარგო პირველად რეიგანის ადმინისტრაციამ აწარმოა 1987 წელს. მნიშვნელოვანი ეკოონომიკური გავლენის იყო ბარაკ ობამას მიერ გატარებული ღონისძიებები ირანთან. აღსანიშნია, რომ სანქციების შედეგად მკვეთრად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია;
  • სანქციების გამკაცრებამ შეცვალა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სიტუაცია, შეზღუდა ნავთობის ექსპორტი და საერთაშორისო საფინანსო სისტემებთან წვდომა. სანქციები შეეხო, როგორც ცალკეულ სექტორებს, ისე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. განსაკუთრებით სამხედრო მაღალჩინოსნებს და სამთავრობო რგოლის წარმომადგენლებს;
  • ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თანხმობა მისცა ხასან როუხანის არჩევას (2013 წელს), რომელმაც თავისი საარჩევნო კამპანია ააგო ირანის სანქციებისაგან განთავისფულების მისიაზე. შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი არჩევის შედეგად შეთახნმების მიღწევა შესაძლებელი გახდა;
  • 2018 წელს, ირანის ეკონომიკამ სანქციების შედეგად 160-180 მლრდ დოლარი დაკარგა;
  • ბოლო დღეებში შეიქმნა „ტანკერების კრიზისი“. რასაც წინ უსწრებდა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების საკითხიც. ყოველივე აღნიშნული ზრდის ესკალაციის ღრმა კონფლიქტში გადაზრდის რისკებს;
  • სანქციების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის შეზღუდვა;
  • თურქეთი. რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ სანქციები ემუქრება თურქეთსაც.
  • წლებია თურქეთი წინააღმდეგობაშია ევროკავშირთან და აშშ-სთან. სანქციები მიიღეს თურქეთის მთავრობის წევრების წინააღმდეგ, გაორმაგდა თურქული ლითონის იმპორტზე ტარიფები. 2018 წელს, თურქეთის მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის მიმართ ამოქმედდა სანქცია ამერიკელი პასტორის დაკავების გამო. დაგეგმილია საერთაშორისო პროგრამა F 35-დან თურქეთის ჩამოშორება, პროგრამაში მონაწილე თურქი პილოტებისა და პროგრამის ოფიციალური პირების მიერ აშშ-ს დატოვება.
  • ბოლო პერიოდში, თურქეთის მიერ კვიპროსში ბურღვითი სამუშაოების გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები (28 ქვეყანა) აჩერებს თურქეთან დიალოგს და შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტზე. წყვეტს 145.8 მლნ ევროს დახმარებას (თანხები გამოყოფილია მომავალი წლისთვის), მოუწოდებს ევროპის საინვესტიციო ბანკს ანკარას ფინანსური მხარდაჭერის პირობების გადახედვაზე. ამასთან ბლოკი სთხოვს ევროპის კომისიას, თურქეთისთვის დამატებითი „მიზნობრივი ღონისძიებების“ შემუშავებას. თავის მხრივ, კვიპროსმა გასცა 20 საერთშორისო ორდერი. ამასთან, განიხილება კვიპროსის ხელისუფლების მიერ თურქეთან ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის მოწესრიგებაზე შეთანხმების საკითხი;
  • G-20 სამიტზე (2019 წლის ივნისში, იაპონია), თურქეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრისას გაჟღერდა შემრიგებლური ტონი, ხაზგასმული იქნა 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ფაქტორი და პრობლემის გადაჭრისათვის დაისახა „განსხვავებული გადაწყვეტის“ გზები.
  • გაცხადებული სანქციების ფონზე, თურქეთმა მიიღო S 400 სისტემების პირველი პარტია. S 400 სისტემების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ დოლარს აღწევს;
  • სანქციების სეისმური დარტყმების გავლენა თურქეთის ეკონომიკისათვის 750 მლრდ დოლარის მოცულობისაა;
  • საქართველო. რუსული ეკონომიკური სანქციების სამიზნე ქვეყნების რიგშია საქართველო. პრაქტიკაში რუსული ემბარგოს გამოცდილება არსებობს ქართული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვაზე. დღეს კი აკრძალვები ეხება მხოლოდ ავიამიმოსვლას. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა. ბუნებრივია, ეკონომიკური აკრძალვები ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. რუსული ემბარგოს გავლენა 200-300 მლრდ დოლარის ფარგლებშია, თუმცა მოსალოდნელი იყო 750 მლრდ დოლარის მოცემულობის დანაკარგები.
  • სამწუხაროდ, საქართველოსთვის სანქციების თანმდევი შედეგების გავლენა მტკივნეულია, როგორც პირდაპირ განხორციელების შემთხვევაში (რუსეთის მხრიდან), ისე ირიბად მეზობელ ქვეყნებზე ამოქმედების შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საქართველოსაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაცია;
  • სტრუქტურულად საქართველო არცერთ მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებული არ არის. თუმცა რუსეთსა და თურქეთთან აგრეგირების გამო, მათზე მიმართული სანქციები ჩვენს ქვეყანაზე ზემოქმედი ეკონომიკური ბერკეტი ხდება. სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონის სავაჭრო ნაკადებზე, საინვესტიციო და საქმიან აქტივობაზე. პრობლემებს ქმნის სამიზნე ქვეყნებში დაწესებული სექტორული შეზღუდვებიც;
  • სამწუხაროდ, არ არსებობს კომპენსაციის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საქართველოს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს, რაც მეზობელი ქვეყნების მიმართ ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგია;
  • ხაზგასასმელია, რომ თუ ზემოაღნიშნული ქვეყნებში, სანქციები მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციების ამოქმედების წინააღმდეგ გამოდის და საქართველოს ფინანსურად ეხმარება. ფაქტობრივად, ყველა ჩვენ გვეხმარება, თუმცა ქვეყანაში ყველგან და ყველაფერში პრობლემებია.

კვლევებით დადგენილია, რომ სანქციების ეფექტიანობა საშუალოდ 31%-ს აღწევს. ძირითადად სანქციებს აქვს სიგნალისა და შეზღუდვის როლი, ვიდრე კაპიტულაციის ან ეკონომიკური კონტექსტის მნიშვნელოვანი ცვლილების.

სანქციების ეკონომიკური გავლენისა და პოლიტიკური იზოლაციის იგნორირება არ შეიძლება.  გასათვალისწინებელია სანქციების რეჟიმის ფონზე, სამიზნე ქვეყნების მხრიდან საპასუხო ნაბიჯებიც, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონფრონტაციას.

კვლევები ადასტურებს, რომ ძალადობის  გლობალური ეკონომიკური გავლენა შეადგენს 14.1 ტრლნ დოლარს, რაც მსოფლიო ეკონომიკური აქტივობის 11.2%-ია (2018 წ.).

სანქციების თანმდევი ეკონომიკური გავლენებიდან შეიძლება აღინიშნოს, რომ სანქციების შედეგად:

  • ფერხდება ქვეყნის განვითარება, ინვესტიციების შემოდინება, კრედიტებთან წვდომა;
  • უფასურდება ვალუტა, მცირდება რეზერვები, იზრდება ინფლაცია და სუსტდება ფინანსური მოცემულობა;
  • მცირდება საგარეო ვაჭრობა, ბიუჯეტი და შემოსავლები;
  • რთულდება პროექტების განხორციელება, ქვეყნის რეფორმირება და მოდერნიზება;
  • სუსტდება პარტნიორებ ქვეყნებთან თანამშრომლობა, სართაშორისო ორგანიზაციები ამცირებენ ეკონომიკასთან დამოკიდებულებას;
  • ძლიერდება კორუფცია და ჩერდება ზრდა. შედეგად, უარესდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

სანქციების წარმოება ხელოვნებაა, რომ სამიზნე ქვეყანის პოლიტიკური და მმართველობითი გარემო „ეკონომიკურ მარწუხებში“ მოაქციო. თუმცა, მას გააჩნია „გვერდითი ეფექტებიც“, სადაც შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

  • სანქციები გავლენას ახდენს არამხოლოდ ოპონენტ ქვეყნებზე, არამედ სანქციების გამტარებელ და მის მოკავშირე ქვეყნებზეც;
  • ზრდის კრიზისებს და ფინანსურ დანაკარგებს;
  • რთულდება გადაჭარბებული შედეგების კონტროლი;
  • ზოგიერთი ქვეყანა ადაპტირდება სანქციებთან, ცვლის ტაქტიკას, ახდენს ეფექტიან მანევრირებას და დივერსიფიკაციას;
  • ჯამში, სანქციების მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნები ცდილობენ სანქციის გამატარებელი ქვეყნის საფინანსო სისტემების დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და მისდამი მოწყვლადობის შემცირებას.

კვლევები ადასტურებს, რომ სანქცირებული მდგომარეობის კარდინალურ ცვლილებას განაპირობებს მხოლოდ ლიდერების ცვლილება. რაც ქმნის კომპრომისისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველს.

სამწუხაროდ, საქართველოში ძველი პოლიტიკური ინსტრუქციები ვეღარ ერევა რეგიონულ გამოწვევებს, სახელმწიფო ვალს, ინსტიტუციურ საკითხებს, სოციალურ პრობლემებს, მმართველობის არაეფექტიანობას, ფასების ზრდას და სავალუტო გამოწვევებს. აღნიშნული ინსტრუქციები ვერ ქმნის მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ პროგრესს (ზრდა გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი არა), არსებითად ვერ ცვლის საზოგადოების მდგომარეობას, არ იძლევა ახალ სტარტს და მოცემულობას. ჯამში, აჩვენებს მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებას.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ საქართველომ უნდა შეამციროს მოწყვლადობა საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების სამიზნე ქვეყნებთან და სანქცირებულ სექტორებთან. გააქტიუროს იმპორტის ჩანაცვლების ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პოლიტიკა, შექმნას ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიცირების სტრატეგია, გარემო გახადოს მდგრადი რეგიონული გამოწვევებისადმი.

Facebook Comments
x

Check Also

“გაუფრთხილდით სიცოცხლეს! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!”

ზურაბ სიხარულიძე ნარკოლოგი -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომაშია და ...