Home » ინტერვიუ » “მალე ერთად ვიხილავთ “საუკუნის პროექტად წოდებულ “ზღვისუბნის პარკს”

“მალე ერთად ვიხილავთ “საუკუნის პროექტად წოდებულ “ზღვისუბნის პარკს”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თემქის ხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით 4 თვეში მზად იქნება პარკის დასრულებული პროექტი.

ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ზღვისუბნის პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო. ინიციატივა საზოგადოებაში „თემქის“ სახელწოდების ნაცვლად „ზღვისუბნის“ სახელის დამკვიდრებას ითვალისწინებს.

ამ თემებზე სასაუბროდ GmTV თამარ ტალიაშვილს დაუკავშირდა.

სანამ სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, მოდით კიდევ ერთხელ ვუთხრათ საზოგადოებას საიდან წამოვიდა „თემქის“ სახელწოდების ნაცვლად „ზღვისუბნის“ სახელის დამკვიდრების ინიციატივა. კამპანიის დაწყება „თემქის ხევის“ კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს გააჟღერეთ და ჩვენც მივიტანეთ საზოგადოებამდე.

-თბილისის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ოლქის დასახელება „თემქა“ არის აბრევიატურა ქარხნის სახელწოდებისა: „თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა“.  მისივე განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ქარხანამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დასახლებას 1999 წლიდან ოფიციალურად „ზღვისუბანი“ ეწოდა.

მიუხედავად ამისა, ახალი დასახელება მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა. ჩემი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს, ქარხნის სანაცვლოდ დასახლების განვითარების ახალი ეპიცენტრი არ შექმნილა. ზღვისუბნის ახალი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, საჭიროა განვითარების ალტერნატიული ფუნდამენტის მოძებნა. საქმე იმაშია, რომ 20-ჰექტრიანი დაჭაობებული ხევი ზღვისუბანს კვეთს. ათწლეულებია მოსახლეობა ელოდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი 2017 წლის წინასაარჩევნო დანაპირები და დღეს უკვე  რეალური პროექტი, გულისხმობს ამ ხევის ადგილას ზღვისუბნის პარკის მოწყობას, რომელიც სწორედ ოლქის განვითარების ერთ-ერთი უძლიერესი ლოკომოტივი გახდება.

თემქის ხევის“ადგილას პარკის მოწყობას თქვენ “საუკუნის პროექტი” უწოდეთ.

-დიახ, ნამდვილად საუკუნის პროექტია და ამას მხოლოდ მე  არ ვამბობ. ყველაზე მთავარია, რომ მოქალაქეებმა აღნიშნეს,  ადგილობრივი მოსახლეობა ნახევარ საუკუნეზე მეტია ელოდებოდა ,,თემქის ხევის’’ პრობლემის მოგვარებას და „ზღვისუბნის პარკი“ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც მათ რაიონში განხორციელებულა.

-რას შეცვლის ეს პარკი?

-,,საუკუნის პროექტი – ზღვისუბნის პარკი“ რადიკალურად შეცვლის ოლქის პოზიციონირებასა და სტატუსს.

ეს პროექტი დასახლებას პრესტიჟულ, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიზიდულობის ცენტრად აქცევს და რაც მთავარია, რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ძლიერი ლოკომოტივი გახდება.

-მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნაც, რამდენად იქნება ეს დაირება შესრულებადი?

-ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვისუბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი.

-ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე რას იტყვით?

-31 მაისს გამოცხადდა კონკურსი თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე და დღეს გამარჯვებული კომპანია არის „ატელიე არქიტექტს“, რომელთანაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და დაახლოებით 4 თვეში პარკი დასრულდება. კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით, მინიმუმამდე უნდა დავიდეს გარემოზე ზემოქმედება; არსებული მწვანე საფარი უცვლელად შენარჩუნდეს და დამატებით მოეწყოს ფოთლოვანი, წიწვოვანი, დეკორატიული ხეების ტყეები და ა.შ. ამ მიზნით შემუშავდება დეტალური დენდროლოგიური პროექტი; ამასთანავე გათვალისწინებული იქნება პარკთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიღწევადობა.

-როგორც ვიცით, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, რამდენად იქნება გათვალისწინებული კვლევის შედეგები?

-ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტირების ეტაპზე.

რა ფართობზე იქნება სკვერი და შენარჩუნდება თუ არა ბუნებრივი ლანდშაფტი?

-თემქის ხევში, რომლის ფართობიც 23 ჰექტარია, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას მაქსიმალურად შენარჩუნდება ბუნებრივი ლანდშაფტი, აქ იქნება პატარა მდინარეც, რომლის ნაპირებზე მოეწყობა სასეირნო ბილიკები ვიზიტორებისთვის.

-და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვუთხრათ საზოგადოებას “ზღვისუბნის” პოპულარიზაციის კამპანიაზე.

-ძალიან მინდა საზოგადოებაში დამკვიდრდეს “ზღვისუბანი” და ყველაფერს ვაკეთებთ 1999 წლიდან ოფიციალურად დამკვიდრებული სახელის დაფუძნებისთვის. რაც შეეხება პოპულარიზაციის კამპანიას, იქაურებმა იციან როგორ ყოველდღიურად იზრდება, იცვლება და მშვენდება ეს უბანი, რაშიც დიდი წვლილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეაქვს.

წარმატებებს გისურვებთ და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ მალე შემდეგ უკვე გახსნილი პარკიდან ჩავწერთ ინტერვიუს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. ...