Home » მთავარი » მეცნიერები – ხალხმა უნდა იცოდეს…(განცხადება)

მეცნიერები – ხალხმა უნდა იცოდეს…(განცხადება)

მორალური გუნდი

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

5 აგვისტოს,  17 საათზე,  აკადემქალაქად წოდებულ ტერიტორიაზე განთავსებულ  კომპლექსის  „მეფე დავითი“  მე -17 სართულზე (ალექსიძის 12). გაიმართება მეცნიერთა შეკრება. შეკრების ორგანიზატორები ავრცელებენ მიმართვას  

ხალხმა უნდა იცოდეს, არა მარტო ის, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები…

ჩვენ, ქვეყნის განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის დამფუძნებლები  და  დირექტორატი, ფონდის ოფისში 31 ივლისს 30 -ზე მეტი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მონაწილეობით გამართული შეკრების გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ მეცნიერთა იმ გუნდისა  და ინტელიგენციის იმ წარმომადგენელთა შეკრებას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად,  დაკავშირებული არიან ქვეყნის განვითარების კონცეფციის და პროგრამული დოკუმენტის „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“ შექმნასთან.

შეხვედრის მიზეზი არის ის, რომ ამ პროგრამებმა დიდი მხარდაჭერა მიიღეს საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ჰქონდა საშუალება, მათ გაცნობოდა.  ამავე დროს, მათ მიმართ ამბსოლუტური უყურადღებობაა მედიისგან და სრული იგნორირება სახელისუფლებო  წრეებისგან.

პრეზიდენტისთვის, მთავრობის თავმჯდომარისა და პარლამენტისთვის  სპეციალური მიმართვებით და მეცნიერთა ხელმოწერით  გადაცემული ეს პროგრამები, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ხელისუფლებამ, მაშინ როცა მეცნიერები სწორედ ისე პროგნოზირებდნენ მოვლენების განვითარებას, რაც რეალურად მივიღეთ ქვეყანაში და რამაც საშინელი ზიანი მიაყენა სახელწიფოს  და მის ავტორიტეტს.

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საინფორმაციო საშუალებებს სენსაციური ფაქტები, პოლიტიკოსთა უაზრო დაპირისპირებები, საუბრის აგრესიული ტონი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მომავლის საქართველოს პროექტები, მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა  გონებრივი, დარბაისლური საუბრები.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას დესტრუქციულთან ურთიერთობა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში მიზანმიმართულად ხდება, როგორც ეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ბრძანა, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ შეგნებულად ხდება მეცნიერების და ინტელიგენციის იგნორირება.

დამღუპველია, როცა ხალხში  ძლიერდება აზრი, რომ  ინტელიგენცია გაიყიდა, რომ ინტელიგენცია ხალხზე კი არ ფიქრობს, ხალხს კი არ იცავს ხელისუფლებისგან, როგორც ეს მისია მას ისტორიულად აკისრია, არამედ ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, ქვეყნისთვის ურთულეს მდგომარეობაში დუმილს ამჯობინებს მისთვის ხელისუფლების მიერ გადაგდებული გროშების სააფასურად,  ჯერ ერთი, რომ ეს სიმართლე არ არის, მეორეც – ამ გროშებს მცირე ნაწილი იღებს და უმრავლესობა ისევე გაჭირვებულად ცხოვრობს, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა და მესამე – როგორც ჩანს, ბევრს აწუხებს საქართველოში მეცნიერებისა და ინტელიგენციის ტრადიციული ავტორიტეტი და მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწამლეს ამ აშკარად მტრული აზრით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რეალურად, დღეს ინტელიგენცია დუმს. რატომ? ამას ღრმა კვლევა სჭირდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს და ბევრი სხვა ფუნდამენტური საკითხი სერიოზულ გააზრებას საჭიროებს. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ ან ჩვენ ვეგუებით იმას, რომ ქვეყანა სრულიად სხვა გზით ვითარდება, ვინემ ამას მეცნიერები, სახელმწიფო მოღვაწეები ფიქრობენ, ვინემ ეს მოცემულია იმ პროგრამულ დოკუმენტებში, რაც სერიოზული ანალიზის საფუძველზე შექმნეს მეცნიერებმა, როგორც ახალი განზომილება და მას ქვეყნის განვითარების კონცეფცია უწოდეს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელწოდებით: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“”

ჩვენ არ ვცვლით იმ პოზიციას, რომელიც სახელმწიფო მოღვაწეებმა ჩამოაყალიბეს ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ღრმა, ფუნდამენტურ და სახელმწიფოებრივ დოკუმენტში: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“  და კვლავ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე ვართ, იმ დამანგრეველი დაპირისპირების წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შემოგვთავაზეს, რის გამოც შერყეულია სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური საფუძვლები და ქვეყნის მოსახლეობა სულს ღაფავს გაჭირვებისგან, როცა პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში განცხრომით ცხოვრობს.

ჩვენ ერთგული ვართ იმის, რაც პატრიარქმა გვირჩია ქვეყნის მომავლისთვის: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობა, რომლის საფუძველი უნდა იყოს კაცობრიობის მიერ შემუშავებული მთავარი დემოკრატიული პრინციპი: მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ დღეს არც მთავარში  გვაქვს ერთობა, სიყვარული სიძულვილითაა დათრგუნული და სადავოში თავისუფლება გაგებულია, როგორც მომაკვდინებელი ბრძოლა ხელისუფლებისთვის.

ჩვენ ამ შეკრებას ვთავაზობთ თავისუფალ საუბარს ამ და სხვა, ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და ვთავაზობთ წინადადებას, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, არა უგვიანეს შემოდგომისა, შედგეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის დიდი შეკრება – კონგრესი, სადაც მოხსენებას ქვეყანაში რეალური  მდგომარეობისა და კრიზისის დაძლევის გზებზე წარადგენს, როგორც მთავრობა, ასევე მეცნიერები და ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ  კიდევ სუსტია, მაგრამ სახელმწიფოებრივია, ქართულია, ქვეყნის გარედან არ იმართება. სიტყვის თქმის უფლება უნდა მიეცეს ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება და ვისაც შეუძლია, რომ  ლანძღვა-გინებისა და აგრესიის გარეშე თქვას სათქმელი მომავლის საქართველოს ხედვით. ეს კონგრესი უნდა მიდიოდეს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით და მას გაგრძელებად უნდა მოჰყვეს დიდი დიალოგი მთელ საქართველოსთან, ანუ როგორც საქართველოში დარჩენილებთან, ასევე საქართველოს გარეთ ისტორიულად, ბედის უკუღმართობის თუ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. დღეს, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, 2 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, ხელისუფლებისა და მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესად უნდა იქცეს სახელმწიფო კაცებისა და მეცნიერთა ინიციატივა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის“ სესიების ჩატარება 40-ზე მეტი ქვეყნის 85-ზე მეტ ქალაქში, სადაც როგორც მინიმუმ, 1 000 ჩვენი თანამემამულე მაინც ცხოვრობს.  ეს დიალოგი უნდა დამთავრდეს ერთი წლის თავზე დიდი ეროვნული ყრილობით და მომავლის საქართველოს პროგრამის დამტკიცებით.

ჩვენ სასიცოცხლოდ მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – თანამშრომლობის უდიდესი კულტურა, როგორი განსხვავებული მოსაზრებებიც არ უნდა გვქონდეს. დღეს საქართველოს სჭირდება თაობათა ერთიანობა. დღეს საქართველოს სჭირდება საქართველოში მცხოვრებთა და საქართველოდან წასულთა დიდი ერთობა… დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და რომლის მთავარი იარაღი არის ჩვენი ისტორიული წარსულის გააზრებით ჩამოყალიბებული ფილიგრანული დიპლომატია. .. დღეს საქართველოს სჭირდება ჩვენი გეოგრაფიის პოლიტიკად და დიპლომატიად ქცევა, როგორც ეს დიდმა დავით აღმაშენებელმა შეძლო… დღეს საქართველოს სჭირდება არა გადასახადის ამომღები, არამედ მოსახლეობის გადამხდელუნარიანად მქცევი ხელისუფლება… დღეს საქართველოს სჭირდება ნიჭის ძალაუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც დღევანდელს – ბრძოლას არსებობისათვის, შეცვლის ყოველი ადამიანის შესაძლებლობის რეალიზაციისთვის პირობების შექმნით… ქვეყანას სჭირდება მეცნიერება, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, აკეთებს ობიექტურ და პირუთვნელ ანალიზს და აწვდის ხელისუფლებას… ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ესმის ხალხის, ამსხვრევს პარტიულ საზღვრებს, ეყრდნობა მეცნიერებას და მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით მართავს ქვეყანას… პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ: ქვეყანას სჭირდება მისი ენის, მისი სარწმუნოების, მისი მიწის, მისი წყლის, მისი ჰაერის, მისი ბუნების დამცველი, ტრადიციების პატივისმცემელი კანონები და მხოლოდ ასეთი კანონების უზენაესობა, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, ვისთვისაც  ადამიანი არის მიზანი და არა საშუალება,.. ყველაფერი ამისთვის, ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება სისტემური ცვლილებები, რომლის საფუძველი იქნება სამართლიანობა… ყველაფერი ეს არავის უნდა აშინებდეს, არც ხელისუფლებაში, არც ხელისუფლების გარეთ და ამას  ყველაფერს პატივს უნდა სცემდნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები.  ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო კაცების საკრებულო, რომელზეც ოცნებობდა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე და რომლის შექმნის აუცილებლობა  ხალხს და ქვეყანას ურჩია უწმიდესმა და უნეტარესმა… ქვეყანას სჭირდება პიროვნებათა პარლამენტი და მართალი ტელევიზია, როგორც ეს მიაჩნიათ სახელმწიფო მოღვაწეებსა და მეცნიერებს და კიდევ ერთი, თავი რომ დავიცვათ საარჩევნო ტყუილებისგან, არ ვიცხოვროთ სიყალბეში, არ ვაუფროსოთ პოლიტიკური მაფია, ქვეყანას სჭირდება მისი პოტენციალის შესაბამისი მეცნიერული პროგრამა და ის პარტიები ხელისუფლებაში, ვისაც ხელეწიფება ამ პროგრამების შესრულება და ამას დაადასტურებენ მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერების წინაშე გამოსვლისას.

ასეთია ჩვენი ხედვა, რომელსაც ვთავაზობთ შეკრებაზე, ორშაბათს  5 აგვისტოს,  17 საათზე,  აკადემქალაქად წოდებულ ტერიტორიაზე განთავსებულ  უნიკალურ კომპლექსის  „მეფე დავითი“  მე -17 სართულზე (ალექსიძის 12).

ჩვენი ღრმა რწმენით,  შემოდგომის კონგრესის მომზადება არც მხოლოდ ჩვენი და არც რომელიმე ჯგუფის ხელისუფლების, თუ სახელისუფლებო გუნდის პრივილეგია უნდა იყოს. ორშაბათის შეკრებამ უნდა შექმნას საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც იქნება ზეპარტიული, მიიღებს რჩევებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, ითანამშრომლებს ხელისუფლების ყველა შტოსთან, უპირველესად, მთავრობასთან; შეხვდება საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს, პარტიათა ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,  საინფორმაციო საშუალებებს.  მნიშვნელოვნად ჩათვლის შეხვედრებს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან.

ჩვენ მივესალმებით ამ შეხვედრის მხარდაჭერას საინფორმაციო საშუალებების მიერ და ვიქნებით მადლიერნი, თუ რომელიმე ტელევიზიას ან რადიოს ექნება საშუალება, სრულად გადასცეს ეს შეხვედრა. ხალხმა უნდა იცოდეს არა მარტო ის, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, არამედ და უპირველესად, რა განწყობებია საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, რას ფიქრობენ მეცნიერები, რა აწუხებს სახელმწიფო მოღვაწეებს, რას ფიქრობს ქვეყნის ინტელიგენცია.

მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა შეკრების დავალებით:

კობა კობალაძე –  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფონდის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ ფარესიშვილი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფონდის დამფუძნებელი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე – კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ფონდის დამფუძნებელი

ლუარა ნიჟარაძე – მეცნიერებათა დოქტორი, ფონდის გენერალური დირექტორი

შოთა ჩხეიძე – მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფონდის წევრი

რამაზ გახოკიძე – მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფონდის წევრი

ნუგზარ გულორდავა – მეცნიერებათა დოქტორი, ფონდის წევრი

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...