Home » მთავარი » საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

კონსტანტინიდის კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მისი შეფასებით, ეს არის ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო.

იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის

საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა საგარეო უწყების სპიკერმა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...