Home » მთავარი » “დადგება დრო და საპატრიარქოს მიუვალი კედლები დაიმსხვრევა…”

“დადგება დრო და საპატრიარქოს მიუვალი კედლები დაიმსხვრევა…”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-ზოგადად, შიშის გრძნობა დაცემული ბუნების ნაყოფია და შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა დოზით ის ყველაშია, თუმცა რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში.

ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით, ეკლესიაში (იერარქია, სამღვდელო დასი, მრევლი) ვინც უფრო მართალი, სუფთა და უბიწოა, იმას ყველაზე ნაკლები შიში უნდა ჰქონდეს. მხილების ეშინია უზნეოს, მიქარულს, ორპირსა და უწმინდურს. მოცემულობის ლუსტრაცია არ აწყობთ მხოლოდ კრემლის ემისრებს, ჰედონისტებს, მათ გავლენის აგენტებსა თუ ე.წ. “სასარგებლო იდიოტებს”!

დღეს, ადამიანებს, ამორალური სისტემის მიმართ სიფრთხილე – კონფორმიზმში გადასდით, დუმილი – შემგუებლობაში, აპოლოგია – თანამონაწილეობაში, “ჰუმანიზმი” – შხამისათვის ლეგიტიმაციის მინიჭებაში. და ასე ჭამენ დედა-ეკლესიას, იქედნეს მსგავსი ეგოისტური ინსტიქტით.

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები ადამიანების დეფიციტია! უჯობთ არ მოიკითხონ პრობლემატიკა თუ გამოწვევა და ამით ორ ნიღაბს მშვენივრად ირგებენ: 1) არგანმკითხველის; 2) ბრძენის, -რომელიც ვითომ და “საჭირო დროს” ელის მეტასტაზების ელიმინაციისათვის. ეს აბსტრაქტული “საჭირო დროც”, რომ არადა არ დგება და დაბერდა მთელი სინოდი, ეს ვის ანაღვლებს…

საკითხი დგას ამგვარად: შეჩვეულ კომფორტს, ქონებრივ გადანაწილებასა და გავლენის სფეროებს ვინმე შეელევა ჭეშმარიტების დამოწმებისა და კეთილსინდისიერების სანაცვლოდ.

პათეთიკამ, დიდაქტიკამ და ფსევდოჰერმენევტიკამ თავისი დრო მოჭამა. ახალ თაობასა და თანამედროვე ახალგაზრდობას ცოცხალ ღმერთზე, ქრისტეს მიმსგავსებულ მისიონერებსა და უპოვარ მოძღვრებზე აქვს “წითელი ცირკულარით” ძებნა გამოცხადებული და ჯერ კიდევ ამაოდ… უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ქრისტიანობა იდეა კი არა, სახელდობრ სიცოცხლეა!.. ყოვლადწმიდა სამების დიდებაა და არა ავტორიტეტების გაკერპება!

ყოველივე ამის შემდეგ, ნუ გეწყინებათ მოციქულთა მემკვიდრენო თუ ძველებურ პატივს აღარ მოგაგებენ და თქვენი მოსმენააღარ სურთ, რადგან საქმე თქვენი დაშორებულია თქვენს სიტყვას.

იცით რატომ აღარ სურს საზოგადოებას იერარქებისადმი გამოხედვა? იმიტომ რომ ტოტალური უსამართლობის განცდა სტანჯავთ! და რას ამბობდა კანტი – “როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მიეცესო”! დიახ, ასეა! აღარ უღირთ სიცრუესა და ფარისევლობაში ყოფნა…

დადგება დრო და საპატრიარქოს მიუვალი კედლები (სულიერ ასპექტში) იერიქონის გალავანივით დაიმსხვრევა სიმართლის საყვირების შეძახილზე და ვაი მათ ვინც ამ რეჟიმს აძლიერებდა, ემსახურებოდა და ელაქუცებოდა…

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...